სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოვიგეთ: სასამართლომ, ეკა ბესელიას ოჯახის სარჩელი, PRESA.GE-ის წინააღმდეგ, არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი „პრესა.ჯი“-წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ოჯახი „პრესა.ჯი“-საგან „სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფასა“ და კომპენსაციის გადახდას ითხოვდა (5 ათას ლარს).

თუმცა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ასმათ კოხრეიძემ ყველა მოთხოვნაზე უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს.

„მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეკა ბესელიას სარჩელი იყო დაუსაბუთებელი. მან ვერ დაამტკიცა სასამართლოში რომ მისი ოჯახის უფლებები შეილახა.

ამ შემთხვევაში, სასამართლომ ნამდვილად გაუძლო წნეხს, შესაძლო პოლიტიკურ ზეწოლასა და გამოიჩინა სამოქალაქო გმირობა - უარი უთხრა ხელისუფლების ერთერთ ლიდერს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ჩვენ შემდგომ ინსტანციებშიც იგივე მოლოდინი გვაქვს. საოლქო სასამართლოსაგანაც ველოდებით დასაბათებულ უარს ეკა ბესელიას სარჩელზე“, - განაცხადა „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „პრესა.ჯის“ მფლობელმა, გიორგი კაპანაძემ.

მოსამართლე ასმათ კოხრეიძის გადაწყვეტილება შეაფასა ცნობილმა ადვოკატმა, გია დარჩიამ. მისი თქმით, მოსარჩელე მხარეს მტკიცებულებები არ ჰქონდა...

„მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სასამართლოსათვის ის სადაო ფაქტები, რაზეც აპელირებდა.

მოსარჩელეს არ ჰქონდა მტკიცებულებები. მან ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნები. ასევე, სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც მოსამართლემაც აღნიშნა.

თუ ზემდგომი სასამართლო ინსტანციები იქნებიან სამართლიანები და ობიექტურები, აუცილებლად დარჩება ძალაში მოცემული გადაწყვეტილება, რადგან „პრესა.ჯი“-ს სტატიების მიზანი არ ყოფილა არავის შეურაცხყოფა.

შესაბამისად, მოხარული ვარ რომ სასამართლომ მედია დატოვა იმ სტანდარტებში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია“, - აღნიშნა „პრესა.ჯი“-ს ადვოკატმა, გია დარჩიამ.

თუმცა, საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ეკა ბესელიას ოჯახის ადვოკატს. ელენე სიჭინავას თქმით, მისთვის „მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო“.

„ჩვენთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ დარჩენილია მეორე და მესამე ინსტანცია, სადაც შეგვიძლია გავასაჩივროთ...

მართალია, ჯერ არ მქონია კონსულტაციები რატი მილორავასთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენი სიმართლე ბოლომდე დავამტკიცოთ.

ვფიქრობთ, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვქონდა“, - მიიჩნევს ეკა ბესელიას ოჯახის ადვოკატი, ელენე სიჭინავა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას სარჩელი ეხებოდა 2014 წლის 30 აგვისტოს თბილისში, რეჟისორ დაჩი დარჩიას გახმაურებული მკვლელობის შესახებ „პრესა.ჯი“-ის მიერ მომზადებულ სტატიას.

ქალბატონი ეკა სარჩელში ამტკიცებდა რომ „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებული მასალით მისი შვილის, რატი მილორავას უფლებები დაირღვა და რომ ცნობილმა ინტერნეტ პორტალმა რატი მილორავას ცილი დასწამა - მკვლელობაში თანამონაწილეობა დააბრალა.

თუმცა, მათ შორის იმის გამო რომ „პრესა.ჯი“-ს არ დაუბრალებია ბესელიას შვილისათვის მკვლელობაში თანამონაწილეობა, ხოლო სტატია მომზადებული იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვით (მიუკერძოებლად, ობიექტურად და ქალბატონი ეკას ვრცელი განმარტების გამოყენებით), მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მოსარჩელე მხარის მოთხოვნები არ გაიზიარა.

მან, სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, არგუმენტირებულად განმარტა ყველა ის ფაქტი, რომელიც ქალბატონი ეკა ბესელიას ოჯახის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

რაც შეეხება მოკლულ რეჟისორს, დაჩი დარჩიას მკვლელობის ბრალდება პროკურატურამ 20 წლის მიხეილ გრძელიშვილს წაუყენა. ის, 2015 წლის 21 აპრილს, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100