პაპუაშვილი: დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ
ჩვენ 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ - ასე პასუხობს ივანიშვილის გუნდი კითხვას, რამდენმა ქვეყანამ მიულოცა მმართველ გუნდს არჩევნების შედეგები.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა დღეს აღიარა, რომ ქვეყანას ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის დაახლოებაში პროგრესი არ აქვს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე მას იმდაგვარად წარმოაჩენს, რომ ეს პროგრესი ეკონომიკის დაზიანება ექნებოდა.
ჩვენ, საგარეო პოლიტიკის დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება. ანგარიშში ჩაიწერებოდა 100%-იანი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, საქართველოში გვექნებოდა დანგრეული ეკონომიკა.
ის, რაც თქვენ ახლა მოგელანდათ, სინამდვილეში არ არსებობს რეალურ სამყაროში. თითქოს, მე ვთქვი სადღაც, რომ ევროკავშირს უნდა ჩვენი დანგრევა. ჩვენ დაბადების დღე არ გვქონია 26 ოქტომბერს მილოცვებს რომ ველოდებოდეთ. თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ ტორტი უნდა გაჭრათ, სანთელი ჩააქროთ და ასეთი განწყობა იყო თქვენ ოფისებში ყალბი ეგზიტპოლების შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ვინც იზეიმა და ვინც მოგვილოცა, ეს არის 1 120 000 ქართველი ამომრჩეველი.
ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოვნიკებს, თუ დიპლომატებს არაერთხელ დაუშვიათ ეს შეცდომა საქართველოს წინააღმდეგ. გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შვიდჯერ? სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, აღიარონ ეუთო-ოდირის დასკვნა", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
კომენტარი