ამერიკელი გენერლის ჯორჯ პატონის მიმართვა ჯარისკაცებისადმი, ბრძოლის დაწყების წინ
მსოფლიო ომების, შეიარაღებული აჯანყებების, ლოკალური შეტაკებების ისტორიიდან ცნობილია, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრძოლის დაწყების წინ მეომრებისადმი მიმართვას. არაერთი მაგალითია ცნობილი, როცა მგზნებარე, ემოციური მიმართვის შემდეგ შედარებით მცირერიცხოვანმა შენაერთმა მრავალრიცხოვან მტერს კუდით ქვა ასროლინა. მსგავსი მაგალითი ქართველებს დიდგორის ბრძოლის წინ გვქონდა: მემატიანემ შემოინახა დავით აღმაშენებლის „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!“.
მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მიმართვის ფორმა იცვლებოდა, შინაარსი კი უცვლელი რჩებოდა: იგი ჯარისკაცში პატრიოტული სულის გაღვიძებისკენ იყო და არის მიმართული. ამასთან, ყველა სამხედრო პირს მიმართვის საკუტარი მეთოდი აქვს: ზოგ მიმართვაში არც ქსენოფობიური ან სადისტური ელემენტების გამოჭერაა ძნელი, მაგრამ როცა საუბარია მტერზე, რომელიც სროლას დაგასწრებს, თუკი შენ არ ესვრი, ამ დეტალებს ყურადღებას არავინ აქცევს.
დღეს ამერიკელი გენერლის, სახელგანთქმული ჯორჯ პატონის მიამრთვას წარმოგიდგენთ. ეს სიტყვები მან 1944 წელს, ინგლისთან ახლოს, ამერიკელ ჯარისკაცებს უთხრა. მესამე ერმიის მეთაურის მიმართვა განსაკუთრებული ემოციით, შიაგადაშიგ - უხეშობითაც გამოირჩევა, თუმცა, აქცენტები სწორადაა დასმული საიმისოდ, რომ ამ მიმართვის შემდეგ ჯარისკაცებმა მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქრონ.
ჯორჯ სმიტ პატონის მიმართვა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი, 1944 წლის 5 ივნისი
ჯარისკაცებო! მთელი ეს მოარული ჭორები, რომ ამერიკა თავს არიდებს ომს, ამერიკას არ სურს ბრძოლა და ა.შ. სულელური მონაჩმახია. ამერიკელებს, ტრადიციულად, უყვართ ბრძოლა. ყველა ამერიკელს უყვარს ბრძოლის ეშხი და სიმძაფრე. თქვენ დღეს აქ სამი მიზეზის გამო იმყოფებით: პირველი იმიტომ, რომ აქ თქვენი სახლების და საყვარელი ადამიანების დასაცავად ხართ, მეორე იმიტომ, რომ აქ თქვენი პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის დგახართ, რადგან არ ისურვეთ სხვაგან ყოფნა, და მესამე კი იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ და ყველა ნამდვილ მამაკაცს უყვარს ბრძოლა.
როდესაც თქვენ, ყველა აქ მყოფნი, ბავშვები იყავით, ალბათ, აღმერთებდით ყველაზე დაკუნთულ მოვარჯიშეს, ყველაზე სწრაფ სპრინტერს, ყველაზე მაგარ მოკრივეს, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის ლიგის ყველაზე ძლიერ მოთამაშეს. ამერიკელებს გამარჯვებული უყვართ. ამერიკელებმა არ იციან დამარცხებული შეწყნარება. ამერიკელებს სძულთ მშიშრები. ამერიკელები მუდამ მოსაგებად თამაშობენ. ჯოჯოხეთში, ზედაც არ შევაფურთხებდი ისეთ კაცს, რომელიც დამარცხდა და გაიცინა. სწორედ ამიტომაც, ამერიკელები არასოდეს დამარცხებულან ომში და არც არასდროს დამარცხდებიან. ამერიკელთათვის დამარცხების იდეაც კი საძულველია.
ყველა თქვენგანი არ დაიხოცება. მხოლოდ თქვენი 2 პროცენტი ემსხვერპლება მთავარ ბრძოლას. სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს ეწვევა. დიახ, ნებისმიერ ადამიანს ეშინია თავისი პირველი ბრძოლის წინ და თუკი იძახის, რომ არ ეშინია, ესე იგი მატყუარაა. ზოგი ადამიანი მშიშარაა, მაგრამ ისე იბრძვის, როგორც მამაცი, ანდაც პირდაღებული შესცქერის, როგორ იბრძვიან მასავით შეშინებული ჯარისკაცები და ჯოჯოხეთიდანაც ლანძღვით უმასპინძლდებიან. ნამდვილი გმირი ისაა, რომელიც მაინც იბრძვის იმის მიუხედავად, რომ ეშინია. ზოგი ტყვიების წვიმაში ერთ წუთში ახერხებს ხოლმე თავისი შიშის დაძლევას, ზოგს ერთი საათი ჭირდება, ზოგსაც ერთი დღე. მაგრამ ნამდვილი მამაკაცი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ სიკვდილის შიშმა დაჯაბნოს მისი ღირსება, მოვალეობის გრძნობა და თანდაყოლილი ვაჟკაცობა.
ბრძოლა ყველაზე დიდებული შეჯიბრია, სადაც ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს. მას მოაქვს ყოველივე საუკეთესო და ანადგურებს ყოველივე სულმდაბლურსა და ბილწს. ამერიკელები ამაყობენ საკუთარი მაგარი ბიჭობით და არიან კიდეც მაგარი ბიჭები. დაიმახსოვრეთ, რომ მტერს თქვენი არა ნაკლებ ეშინია, თუ მეტად არა. ისინი სუპერმენები არ არიან.
სიფხიზლე ყოველ ჯარისკაცში უნდა იყოს ჩანერგილი. არაფრად მიღირს ის ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თითისწვერებზე არ დგას. ბიჭებო, თქვენ უკვე ვეტერანები ხართ, სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებოდით. თქვენ მზად ხართ იმისათვის, რაც გელით. ჯარისკაცი მუდამ უნდა ფხიზლობდეს, თუკი სურს რომ ცოცხალი გადარჩეს. თუ მოადუნებთ სიფხიზლეს, მაშინ რომელიმე გერმანელი ნაბიჭვარი უკნიდან მოგეპარებათ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ.
სადღაც, სიცილიაზე, 400 აკურატულად გათხრილი საფლავია და ეს იმიტომ, რომ ერთ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა. მინდა გითხრათ, რომ ისინი გერმანული საფლავებია, რადგან იმ ნაბიჭვარს ჩვენ უფრო ადრე მივაგენით, ვიდრე ისინი ჩვენ მოგვაგნებდნენ. არმია ერთი გუნდია. იგი ცხოვრობს, იძინებს, ჭამს და იბრძვის როგორც გუნდი. ეს ინდივიდუალური გმირობის ამბები ყურითაა მოთრეული. იმ ყეყეჩ ნაბიჭვრებს, რომლებიც ამ უაზრობებს შაბათის “ივნინგ პოსტისთვის” თხზავენ, იმდენივე გაეგებათ ნამდვილ ბრძოლაზე - ცეცხლის წვიმის ქვეშ, რამდენიც ჟიმაობაზე.
ჩვენ საუკეთესო საკვები, საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო საბრძოლო სული გვაქვს და საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს. ღმერთმანი, ნამდვილად მეცოდებიან ის საცოდავი ნაბიჭვრები, რომლებიც ჩვენ უნდა შეგვებრძოლონ. ღმერთმანი, ეს ნამდვილად ასეა.
ჩემი ჯარისკაცები არ ნებდებიან. არ მსურს გავიგო ის ამბავი, რომ რომელიმე ჩემი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ჯარისკაცი ტყვედ ჩაიგდეს. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დაჭრილი იყო. და თუნდაც დაიჭრათ, მაინც შეგიძლიათ ბრძოლის გაგრძელება, არც ესაა წარმოუდგენელი უაზრობა. მე მინდა ისეთ ჯარისკაცებს ვუსარდლო, როგორიც იყო მაგალითად ლიბიაში მებრძოლი ერთი ლეიტენანტი, რომელმაც პისტოლეტი მკერდზე მიიბჯინა, ჩაფხუტი მოიხადა, თოფი გვერდზე დააგდო და მოახლოებულ გერმანელს ჩაფხუტის ჩარტყმით გაუტეხა თავი. შემდეგ თოფს დაავლო ხელი და კიდევ ერთი გერმანელი გაისტუმრა საიქიოს, სანამ გერმანელებმა გაიგეს რა ეშმაკები ხდებოდა მათ თავს. და მთელი ეს მომენტი, ამ ადამიანს ტყვია ფილტვში ჰქონდა გაჩერებული და ისე იბრძოდა. ის ნამდვილი ჯარისკაცი იყო!
ყველა ჯარისკაცმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მის გვერდით მებრძოლ მეგობარზეც უნდა იფიქროს. ამ არმიაში ყბამოქცეული მხდალები არ გვჭირდება. ისინი ვირთხებივით უნდა გაიჟუჟონ. თუ ასე არ მოხდება, ისინი ამ ომის მერე სახლებში დაბრუნდებიან და კიდევ უფრო მეტ მშიშარას გაამრავლებენ. ჩააძაღლეთ ეს მშიშარა ნაბიჭვრები და ჩვენ მამაცთა ერი გვეყოლება. ერთ – ერთი უმამაცესი ჯარისკაცი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ, იყო ტუნისში, გააფთრებული ღამის ბრძოლის დროს, ტყვიების წვიმაში ტელეგრაფის ბოძზე ამძვრალი ყმაწვილი.
როდესაც შევჩერდი მის წინ და ვკითხე, რა ეშმაკებს აკეთებდა იქ, მან გადმომძახა: “კაბელს ვაკეთებ სერ” მე შევეკითხე: “არ ფიქრობ, რომ ახლა ეს ცოტა სახიფათოა?” მან მიპასუხა: “სერ, დიახ სერ! მაგრამ წყეული კაბელი უნდა შეკეთდეს სერ!” მე ვკითხე: “ეს თვითმფრინავები, გზას განუწყვეტლივ რომ ბომბავენ ხელს არ გიშლიან?” მან კი მიპასუხა: “არა სერ, მაგრამ აუტანლად კი ხმაურობენ, სერ!” აი ეს იყო ნამდვილი ვაჟკაცი და ნამდვილი ჯარისკაცი! ეს იყო ადამიანი, რომელმაც მოვალეობას მიუძღვნა ყველაფერი რაც გააჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა, შედარებით როგორ უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს მისი მოვალეობა დროთა განმავლობაში, მნიშვნელობა არა აქვს დეტალებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ არ იცით ჩემი აქ ყოფნის ამბავი. წერილებში არსად არ ახსენოთ ეს ფაქტი. მსოფლიომ არ უნდა იცოდეს თუ რა ეშმაკები ტრიალებს მის თავს. არავინ არ მოელის იმას, რომ მე ვიქნები ამ არმიის სარდალი. არც იმას ელიან, რომ საერთოდ ინგლისში ვარ. დაე, პირველები ვინც ამ ამბავს შეიტყობენ, გერმანელი ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც ერთ მშვენიერ დღესაც თავიანთ ჩაფსმულ მუხლებზე დაეცემიან და შიშით ამოიკნავლებენ: “უფალო იესო, ეს ხომ ისევ წყეული მესამე არმია და ის ნაბიჭვარი პატონია!”
ჩვენ გვინდა, რომ ამ ჯოჯოხეთს აქ მოვუღოთ ბოლო. რაც უფრო სწრაფად გავწმენდთ აქაურობას ამ წყეული ნაგვისგან, მით უფრო სწრაფად მოვაწყობთ გასეირნებას წითელშარდიანი იაპონელებისაკენ და მათ ბუნაგსაც მოვასუფთავებთ დროულად, სანამ წყეულმა საზღვაო ქვეითებმა მთელი დიდება თავად მოიხვეჭეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა სახლებში დაბრუნება. გვინდა ამ ომის დამთავრება. ამ ომის დამთავრების უსწრაფესი საშუალება კი ამ ომის დამწყები ნაძირლების ჩაძაღლებაა. რაც უფრო მალე ვუტირებთ მაგათ დედას, მით მალე დავბრუნდებით სახლებში. უმოკლესი გზა სახლამდე ბერლინისა და ტოკიოს გავლით გადის და როდესაც ბერლინში შევაბიჯებთ, მე ვაპირებ, რომ პირადად დავახალო ტყვია იმ ნაბიჭვარ არამზადა ჰიტლერს! ზუსტად ისე, როგორც საზიზღარ ქვეწარმავალს!
როდესაც ჯარისკაცი მთელი დღე სანგარში ზის, მას ბოლოს გერმანელი მიაგნებს. ეშმაკსაც წაუღია ეს აზრი. ჩემი ჯარისკაცები სანგრებს არ თხრიან. მე არ მინდა, რომ მათ სანგრები თხარონ, ვინაიდან სანგრები მხოლოდ ანელებს შეტევას. იმოძრავეთ! და მტერსაც არ მისცეთ სანგრების გათხრის დრო და შესაძლებლობა. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ მოვიგებთ მხოლოდ ბრძოლით და იმის ჩვენებით გერმანელებისთვის, რომ ჩვენ უფრო მაგარი ვაჟკაცები ვართ, ვიდრე ისინი ახლა არიან, ან ოდესმე იქნებიან.
ჩვენ უბრალოდ კი არ ვესვრით მაგ ნაბიჭვრებს, არამედ მთელ შიგნეულობას ამოვაცლით და მათით ჩვენი ტანკების მუხლუხებს გავპოხავთ. ჩვენ ამ სულმდაბალ აქოთებულ ნაბიჭვრებს წარბშეუხრელად დავხოცავთ. ომი სისხლიანი, მომაკვდინებელი საქმეა. მოგიწევთ გერმანელების სისხლის დაღვრა, ან ისინი დაღვრიან თქვენ სისხლს. დაუხვრიტეთ სხეული, ესროლეთ პირდაპირ გულებში. როდესაც გარშემო ბომბები ფეთქდება, სახიდან ჭუჭყს იწმენდ და აღმოაჩენ, რომ ეს ჭუჭყი კი არა, შენი საუკეთესო მეგობრის სისხლი და ნაწლავებია, რომელიც ერთი წუთის წინ შენ გვერდით იბრძოდა, მაშინ გეცოდინება, რაც უნდა გააკეთო!
მე არ მივიღებ არანაირ შეტყობინებას შინაარსით: “პოზიცია დავიაკვე”. ჩვენ არ ვიკავებთ ამ წყეულ პოზიციებს. პოზიციები იმ ნაბიჭვარმა გერმანელებმა დაიკავონ. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ და მოწინააღმდეგის ყვერების გარდა არაფრის დაკავება და ხელში ჩაგდება არ გვაინტერესებს. მერე კი ყვერებით უნდა დავაბზრიალოთ და განავალი პირიდან ვაყრევინოთ. ჩვენი ოპერაციის მთავარი მიზანი არის წინსვლა და მუდამ წინსვლა.
დრო და დრო წამოვა საყვედურები, რომ ჩვენ ხალხს მკაცრად მივერეკებით. მე სულ ფეხებზე მკიდია მსგავსი საყვედურები, რადგან მწამს ერთი ძველი და ბრძნული წესისა, რომ ერთ უნცია ოფლს ერთი გალონი სისხლის გადარჩენა შეუძლია. რაც უფრო მაგრად მივაწვებით, მით მეტ გერმანელს მოვკლავთ, რაც უფრო მეტ გერმანელს მოვკლავთ, მით უფრო ნაკლები ჩვენიანი დაიღუპება. მიწოლა ნიშნავს ნაკლებ მსხვერპლს. მინდა ეს კარგად დაიხსომოთ.
არის კიდევ ერთი დიდებული რამ, ჯარისკაცებო, რისი თქმაც ამ ომის დასრულების და სახლებში დაბრუნების შემდეგ შეგეძლებათ. თქვენ მადლობლები იქნებით იმისა, რომ, როდესაც 20 წლის შემდგომ, ბუხართან მჯდომს, მუხლებზე მოთამაშე შვილიშვილი გკითხავთ, თუ რას აკეთებდით დიდ, მეორე მსოფლიო ომში, თქვენ არ მოგიწევთ ჩახველება, შვილიშვილის მეორე მუხლზე გადასმა და წალუღლუღება: “იცი, შენი ბაბუა ლუიზიანაში განავალს ხვეტდა”. არა სერ! თქვენ მას თვალებში ჩახედავთ და ეტყვით: “შვილო! შენი ბაბუა დიად მესამე არმიასა და იმ წყეულ ნაბიჭვარ ჯორჯ პატონთან ერთად იბრძოდა!”
მიმართვის ქართული ტექსტის წყარო
კომენტარი