სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მიმართოთ ექიმს - აი, რას გვირჩევს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

კორონავირუსის დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ანამნეზიც, რა დროსაც ექიმს უნდა მივმართოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა. მან კორონავირუსის დროს მკურნალობის მეთოდებსა და სიმპტომებზე ისაუბრა.

„მკურნალობის მეთოდში ცვლილებები არ არის. მკურნალობა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან სიმპტომურად ხდება, მძიმე პაციენტებთან კი გართულებების მართვა გვიწევს. არის დამხმარე ანტივირუსული საშუალებები, რომლებსაც მძიმე პაციენტებში გამოვიყენებთ“, - განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც აქვთ ცუდი ეფექტი და შესაძლოა ხელი შეუწყოს ვირუსის გამრავლებას. ამიტომ, აუცილებელია, ასეთი მედიკამენტები პაციენტმა ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოს.

კითხვაზე რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა და როდის მიმართონ ექიმს, ალექსანდრე გოგინავას თქმით, კორონავირუსის შემთხვევაში ყველაზე საყურადღებო ტემპერატურის ნელი მატებაა და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ანამნეზიც.

„მოგეხსენებათ, ახლა სეზონია და უამრავი სხვა ვირუსული ინფექციაც არის, რომელსაც ასევე მსგავსი სიმპტომები აქვს: ხველა, სიცხე, სურდო და სხვა. კორონავირუსული ინფექციისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, რომელიც შეიძლება უეცრად არ დაიწყოს. მაგალითად, გრიპისგან განსხვავებით 39-40 გრადუსი ტემპერატურით, არამედ იყოს ტემპერატურის ნელი, დუნე მატება; ასევე მშრალი ხველა, რომელმაც შეიძლება შეტევითი ხასიათი მიიღოს და ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომები, რომლის დოსაც უნდა მიმართონ ექიმს. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ანამნეზიც. თუ სად იმყოფებოდნენ ისინი. კერძოდ, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი დადასტურებული კორონავირუსის მქონე ადამიანთან, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, - დასძინა გოგინავამ.

ინფექციონისტი პაციენტებს ურჩევს, რომ გაციების სიმპტომების დროს ნუ მიმართავენ თვითმკურნალობას, არამედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მიმართონ, რათა მათი მდგომარეობა დროულად შეფასდეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1130 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81 პაციენტი რჩება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100