ვუდი ალენი: მივმართავ სკოლადამთავრებულებს
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა ასეთ საგონებელში. ერთ გზას სასოწარკვეთისა და სრული უიმედობისკენ მივყავართ. მეორეს – საბოლოო გადაშენებისკენ. ვილოცოთ, რომ სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკმარისი სიბრძნე აღმოგვაჩნდეს.
სხვათა შორის, ამ ყველაფერზე ამქვეყნიური ამაოების შეგრძნებით კი არა, ყოფიერების აბსოლუტურ უაზრობაში კოშმარული დარწმუნებულობით
ვსაუბრობ,
რაც შეიძლება, შეცდომით, ვინმემ პესიმიზმად აღიქვას.
არა, ეს არ არის პესიმიზმი. ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა
თანამედროვე
ადამიანის
ტრაგედიისადმი.
(“თანამედროვე
ადამიანში”
იგულისხმება
ნებისმიერი,
დაბადებული
ნიცშეს განცხადების - “ღმერთი მოკვდა” - შემდეგ და ჰიტ “მინდა, ხელს ხელზე გიჭერდე”- ს ჩაწერამდე). ეს ტრაგედია ორნაირად შეიძლება აღიწეროს, თუმცა ლინგვისტ-ფილოსოფოსებს ურჩევნიათ, მათემატიკურ განტოლებამდე დაიყვანონ იგი - ადვილი ამოსახსნელიც იქნება და საფულეში ჩადებულს თან იოლად ატარებ.
ყველაზე მარტივი სახით პრობლემა ასე წარმოგვიდგება: შესაძლებელია თუ არა ცხოვრების აზრის წვდომა, ჩემი შარვლის ზომისა და წელის გარშემოწერილობის
გათვალისწინებით?
ეს ძალიან რთული კითხვაა და ვხვდებით, რომ მეცნიერებამ ვერ გაამართლა მოლოდინი. რა თქმა უნდა, მან ბევრი სნეულების დამარცხება შეძლო, გენეტიკური კოდი გაშიფრა, ადამიანები მთვარეზეც კი აიყვანა, მაგრამ დატოვეთ ოთხმოცი წლის მოხუცი ოთახში ორ ახალგაზრდა მედდასთან ერთად და არაფერიც არ მოხდება.
ნამდვილი
პრობლემები
ხომ უცვლელია.
ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანის სული მიკროსკოპით დავინახოთ? ალბათ კი – მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგი უნდა იყოს, ორი ოკულარული მილით. ვიცით, რომ ყველაზე თანამედროვე კომპიუტერის ტვინიც კი არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც მწერების. ჰო, ეს ზოგიერთ ჩვენს ახლობელზეც შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ მათ ხომ მხოლოდ ქორწილებზე და მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხვდებით.
მეცნიერება
ისეთი რამ არის, რაზეც მუდმივად ვართ დამოკიდებულნი. მკერდის არეში ტკივილს თუ ვიგრძნობ, მაშინვე რენტგენზე გავლა მომიწევს. ნეტა დასხივებისგან უფრო დიდი პრობლემები ხომ არ გამიჩნდება? სანამ ამას შევიტყობდე, ქირურგიულ განყოფილებაში მაწვენენ. ბუნებრივია, როცა ჟანგბადის ბალიშს მაძლევენ, სწორედ მაშინ გადაწყვეტს სტაჟიორი, რომ სიგარეტს მოუკიდოს.
ამის
შემდეგ კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს პიჟამაში გამოწყობილი გადავუფრენ. ეს არის მეცნიერება?
რა თქმა უნდა, მეცნიერებამ ყველის პასტერიზება გვასწავლა. რა გვეთქმის - მთვრალ კომპანიაში ყველი თავშესაქცევი რამ არის. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით წყალბადის ბომბზე. გინახავთ ვინმეს, რა ხდება, თუ მაგიდიდან შემთხვევით გადმოგორდა?
განა დაეხმარება მეცნიერება მას, ვინც მარადიულ გამოცანებს შეეჭიდა? როგორ გაჩნდა სამყარო? რამდენი ხნის წინ? ყველაფერი აფეთქებით დაიწყო თუ ღვთის სიტყვით? თუ ამ უკანასკნელმა მისცა დასაბამი, ნუთუ არ შეეძლო უფალს, ორი კვირით ადრე წარმოეთქვა იგი, სანამ უფრო თბილი ამინდი იყო? კონკრეტულად რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ “ადამიანი მოკვდავია”? ცხადია, ეს კომპლიმენტი არ არის.
სამწუხაროდ,
რელიგიაც ვეღარ ზემოქმედებს განწყობაზე. მიგელ დე უნამუნო კი წერს აღფრთოვანებით “გონის მარადიულ ურყევობაზე”, მაგრამ ამაზე ხომ ყველას არ მიუწვდება ხელი.
განსაკუთრებით,
თეკერეის კითხვისას. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი საამური იყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრება, ყოვლისშემძლე, კეთილი შემოქმედის რომ სჯეროდა. წარმომიდგენია ამ კაცის იმედგაცრუება, როცა შეამჩნია, როგორ გასუქდა მისი ცოლი.
თანამედროვე
ადამიანს,
რა თქმა უნდა, ასეთი სულიერი სიმშვიდე არა აქვს. ის ურწმუნოების უფსკრულშია გადაჩეხილი. მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, “გაუცხოებულია”. მას ომის საშინელებები უნახავს, საკუთარ თავზე გამოუცდია სტიქიური უბედურებები და მარტოხელათა ბარებშია ნამყოფი.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ჟაკ მონო ხშირად საუბრობს ხოლმე სამყაროს ქაოსურობის შესახებ. მას სჯერა, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევითობის შედეგად გაჩნდა, გარდა მისი საუზმისა, რომელიც – არა, ამაში ეჭვი არ ეპარება – დიასახლისმა მოუმზადა.
რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ჩანაფიქრის რწმენა სიმშვიდით გვავსებს, თუმცა ადამიანური პასუხისმგებლობისგან
არ გვათავისუფლებს.
განა ჩემი მოყვასის დარაჯი არა ვარ? ვარ. თუ გაინტერესებთ, პირადად მე ამ პატივს და ღირსებას ქალაქის ზოოპარკის მცველებთან ვიყოფ.
ღმერთის გარეშე თავს მიუსაფრად ვგრძნობთ, რის გამოც ტექნიკური პროგრესი გავაღმერთეთ. როგორ ახსნის ტექნოლოგია იმას, რომ ახლათახალი “ბიუიკი”, რომელსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატ ზიპსკი მართავდა, პირდაპირ რესტორან “ფრინველთა ნეტარების” ვიტრინას შეაფრინდა და ასობით მოსადილე აქეთ-იქით მიმოფანტა?
ოთხი წლის განმავლობაში ჩემს ტოსტერს ერთხელაც არ უმუშავია ისე, როგორც საჭიროა.
ინსტრუქციის
მიხედვით,
ჭრილში პურის ორ ნაჭერს ვდებ და რამდენიმე წამში მათ შაშხანასავით გაისვრის ხოლმე. ადრე ცხვირიც კი გაუტეხა ჩემს საყვარელ ქალს. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ქანჩები, ჭანჭიკები და ელექტროობა ყველა პრობლემას გადაგვიჭრის?
ჰო, ტელეფონი კარგი რამ არის – მაცივარიც – კონდიციონერიც. მაგრამ არა ყველა კონდიციონერი. მაგალითად, ჩემი დის, ჰენის. მისი საშინლად ხმაურობს და არ აგრილებს. ხელოსანი გამოიძახეს, რის შემდეგაც უარესი დაემართა.
“მეტი
რა გზაა, ახალი უნდა შეიძინოთ”, - უთხრა მან. ჩემმა დამ დაიჩივლა, მაგრამ ხელოსანმა სთხოვა, აღარ შემაწუხოთო. ნამდვილად გაუცხოებული იყო ეს კაცი. არადა, სულ იღიმებოდა.
უბედურება
ის არის, რომ ტექნოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის არ მოგვამზადეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ან არაკომპეტენტურები
არიან, ან კორუმპირებულები.
ხან ერთიცა და მეორეც.
მთავრობა
პატარა ადამიანის მოთხოვნილებებს არ ითვალისწინებს. საღამოს შვიდის ხუთ წუთზე შენს კონგრესმენთან დარეკვას უკვე აზრი აღარა აქვს. არ უარვყოფ, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ მართვის საუკეთესო ფორმაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ ცოტა, ადამიანის უფლებებს მაინც იცავენ. არცერთი მოქალაქის წამება ან უსაფუძვლოდ დაპატიმრება არ შეიძლება, არც ბროდვეის ზოგიერთი შოუს ძალდატანებით ჩვენება.
რა თქმა უნდა, შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც საბჭოთა კავშირში ხდება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი, მხოლოდ სტვენის გამო, შეიძლება ოცდაათი წლით მოხვდეს შრომა-გამასწორებელ კოლონიაში.
ხოლო
თუ თხუთმეტი წლის შემდეგ სტვენას კიდევ არ შეწყვეტს, მას აუცილებლად დახვრეტენ.
ამ მხეცურ ფაშიზმთან ერთად მისი მეწყვილე – ტერორიზმიც დააბიჯებს. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი შიშით არასოდეს დაუჭრია ხბოს კატლეტი – უცებ რომ აფეთქდეს?! ძალადობა ძალადობას შობს, 1990 წლისთვის კი, სავარაუდოდ, ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ერთმანეთის გატაცება იქნება.
მოსახლეობის
სიჭარბე პრობლემებს უკიდურესად გაამწვავებს. ციფრები გვეუბნება, რომ დედამიწაზე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველაზე მძიმე როიალის გადასაადგილებლად
არის საჭირო. თუ ხალხს გამრავლების შეწყვეტისკენ არ მოვუწოდებთ,
2000 წლისთვის
სასადილო ოთახიც აღარ შეგვრჩება და მოგვიწევს, მაგიდა უცნობებს დავადგათ თავზე. ისინიც მთელი ერთი საათი გაუნძრევლად უნდა ისხდნენ, სანამ სადილობას დავასრულებთ.
რა
თქმა უნდა, ენერგეტიკული კრიზისიც იქნება და ავტომფლობელებს ზუსტად იმდენ ბენზინს ჩაუსხამენ, მანქანების ნახევარი მეტრით უკან დაწევა რომ შეძლონ.
ამ გამოწვევის მიღების ნაცვლად, ნარკოტიკებითა და სექსით თავშექცევას გადავყევით. ჩვენ დაუშვებლად, ზედმეტად ლიბერალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. არასდროს ასე არ აყვავებულა პორნოგრაფია. თან ეს ფილმებიც რა უხარისხოა, დეტალებს ვერაფრით გაარჩევს კაცი!
ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვისაც გამოკვეთილი მიზნები არა აქვს. ჩვენ არასოდეს გვისწავლია სიყვარული. ჩვენ ლიდერების და თანმიმდევრული პროგრამების ნაკლებობას განვიცდით.
სულიერი
საყრდენი დავკარგეთ. მარტოები დავეხეტებით ამ სამყაროში და ტკივილისა თუ სასოწარკვეთისგან
ერთმანეთს
ხშირად მხეცური ძალადობით შეურაცხვყოფთ. საბედნიეროდ, ზომიერების გრძნობა არ გვღალატობს.
ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ მომავალი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა მახეც ბევრგან არის დაგებული. როგორღაც უნდა მოვახერხოთ ხაფანგებს შორის გაძრომა, შესაძლებლობების
მაქსიმალურად
გამოყენება
და საღამოს ექვსი საათისთვის შინ დაბრუნებაც.
*გამოქვეყნდა “ნიუ იორკ ტაიმსში” 1979 წელს..
მთარგმნელი ტაველიძე ირმა
კომენტარი