სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში ისლამისტები გაიმარჯვებენ, რუსეთში მეტი ფული შევა ტერაქტების მოსაწყობად

რუსეთი აღმოსავლეთში ყოველთვის ცდილობდა გაეტარებინა თავისი ინტერესები და წარმოჩენილიყო ზესახელმწიფოდ, რომელსაც ბევრს ეკითხებიან.
ახლა, შეიძლება რუსეთმა დაკარგოს ის გავლენაც კი, რაც ჰქონდა ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში, ეგვიპტეში, ირანში და სხვაგან. თუმცა ეს არ არის ყველაზე უარესი რუსეთისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. შეიძლება ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, გადაეჯაჭვოს აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სხვადასხვა გამოწვევები დაუდგეს რუსეთს წინ.
არის მეორე ვარიანტიც, შესაძლოა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები დაუკავშირდეს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკას...
რუსების ზოგიერთი ანალიტიკოსი მოზომილად გამოთქვამდა შეშფოთებას. მაგრამ შეშფოთებამ იმატა. ათიოდე დღის წინ ამერიკის ძალიან მნიშვნელოვანმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, მაკკეინმა განაცხადა, რომელიც ეგვიპტისა და საერთოდ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდანაა გამომდინარე და ამ მოვლენების რუსეთის ფედერაციაში შესაძლო გადასვლას ეხება. ჰოსნი მუბარაქის გადადგომის თაობაზე, მაკკეინმა თქვა: ამ ცვლილებების ქარმა სერიოზულად უნდა ჩააფიქროს ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფალი. მუბარაქის გადაყენების შემდეგ, პირადად მე, თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი, პუტინის ადგილას რომ ვიყო და კრემლში ვიჯდე კგბ-ს გენერლებთან ერთადო».
ამ განცხადებას, არ შეიძლება არ დაეფრთხო ძილი რუსეთის იმპერიისა და ხელისუფლების ზოგიერთი, რეალურად მოაზროვნე ადამიანისათვის.
მაკკეინის განცხადებაში, მაინცდამაინც ის კი არ ჩანს, რომ ახლა ეგვიპტეს მივხედეთ და მერე რუსეთსაც მოვუვლითო. თუმცა, ესეც შეიძლება ვიგულისხმოთ.
ამერიკელებს ბევრი თავსატეხი გაუჩნდათ, აზია-აფრიკის მაჰმადიანურ ქვეყნებში. შესაძლოა, ამერიკული სახელმწიფო მომზადებული შეხვდა მაჰმადიანურ ქვეყნებში დაწყებულ რევოლუციებს, შესაძლოა, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, ამერიკელების ხელიც ურევია ამ ამბებში. მაგრამ, ასე მარტივი არ არის ყველაფერი. ეგვიპტიდან მოყოლებული, ლიბიისა და ერაყის ჩათვლით, ყველა ქვეყანაშია ძლიერი რადიკალური პოლიტიკური თუ მილიტარისტული ძალები. მათგან, ბევრი საკმაოდ პოპულარულიცაა. შეუძლებელია ყველაფრის გათვლა აღმოსავლეთის ქვეყნებში და შეუძლებელია ყველაფრის ისე დალაგება, როგორც თურქეთშია დალაგებული ამერიკელებისა და დასავლეთის სამყაროსათვის.
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა მოახერხოს ტუნისიდან და ეგვიპტიდან დაწყებული მაჰმადიანური ქვეყნების რევოლუციები ლიბერალურ ისლამურ რევოლუციებად აქციოს და გაანეიტრალოს ამ ქვეყნებში, თუნდაც არჩევნების საშუალებით რადიკალების მოსვლა ხელისუფლების სათავეში.
მოსკოვი ვაშინგტონის მოკავშირე ვერ იქნება ამ საქმეში, ვინაიდან, ლიბერალების ხელისუფლებაში მოსვლა აშინებს რუსეთს. იმიტომ, რომ რაც მეტად ლიბერალური და დემოკრატიულია ხელისუფლება, მეტად დაშორებულია რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმისადმი სიმპატიისაგან. თანაც, რუსეთმა იცის, რომ ამერიკასთან ვერ გაიყოფს აღმოსავლეთს, ამდენი რესურსი არ აქვს.
თუ აღმოსავლეთში აშშ-მ მოახერხა და დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს, მაშინ, როგორც მაკკეინი ამბობს, უნდა ეშინოდეს რუსეთის ლიდერსაც. ე. ი. შეიძლება ტალღა ჩრდილო აღმოსავლეთისაკენაც დაიძრას (იქნებ ამერიკის დახმარებითაც, ამერიკაში მალე შეიძლება ადმინისტრაციაც შეიცვალოს). რევოლუციებს ახასიათებთ გადამდები სინდრომი, რაც ჩვენი თვალით გვინახავს და ვხედავთ კიდეც.
ამგვარ ვითარებაში, რუსეთს ხიფათი ელის, ვინაიდან მისი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შეიძლება ეგვიპტურზე უკეთესია, მაგრამ, სოციალური უკმაყოფილება მაინც აშკარაა რუსეთში. შეიძლება ჯერ-ჯერობით ამას პროტესტის ფორმა არ მიუღია, მაგრამ თუ გადაეჯაჭვა რუსულ საზოგადოებაში არსებულ ტერორისტთაგან დაუცველობის სინდრომში, შეიძლება საშიში სახე მიიღოს ხელისუფლებისათვის. არ შეიძლება ლიბერალური და დემოკრატიული გარემოს გაფართოებამ თავისი გავლენა არ იქონიოს რუსეთზეც, რომელიც გადაჯაჭვულია ეკონომიკურად დასავლეთთან. სტალინის პერიოდივით საზღვრებს ვერ ჩაკეტავენ.
სხვა ვითარებაში, თუ რადიკალური ძალები მოვიდნენ აღმოსავლეთის რევოლუციური ქვეყნების ხელისუფლების სათავეში, თუნდაც რამდენიმეში, თუნდაც ერთში, ესეც ძალიან ცუდია რუსებისათვის. მაგალითად, ჩეჩნებისათვის მოწყობილი გენოცის გამო ბევრი რადიკალური დაჯგუფება, აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში, მტრულადაა განწყობილი რუსეთისადმი.
რუსეთში მიმდინარე ტერაქტებისა და ჩრდილო კავკასიის მაჰმადიანური წინააღმდეგობებისათვის აუცილებელი ფულის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთის ქვეყნების რადიკალური დაჯგუფებებიდან შედის რუსეთში. თუ რომელიმე ასეთი დაჯგუფება ხელისუფლებაში მოვიდა თავის ქვეყანაში, ფულიც მეტი ექნება და საშუალებაც მაჰმადიანთა მჟლეტავი რუსეთის საწინააღმდეგოდ.
მაკკეინის აზრით, ეგვიპტეში მომხდარი მოვლენები მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთა გააქტიურებას გამოიწვევს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ ისეთი სახელმწიფოების მმართველები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან. „ადამიანის უფლებები უნივერსალური, საყოველთაო ცნებებია. სწორედ ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, მათთვის ბრძოლა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც დაიწყოს“, - დაამატა მაკკეინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100