სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა აღიარა, რომ ფილიპ გორდონთან კრიტიკული საუბარი ჰქონდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღიარა, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ გორდონთან საკმაოდ კრიტიკული საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, ესმის დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება, რადგან იქ არ არიან შეჩვეული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაჭერებს:

"შეხვედრისას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე ამ ქვეყანას. ამავე დროს ჩვენ გვქონდა კრიტიკული საუბარი. აღვნიშნეთ ის წინსვლა, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლების გადაბარებით მივაღწიეთ, თუმცა, ამავე დროს, აშშ-ს, ევროპას, საერთაშორისო თანამეგობრობას დიდი სურვილი აქვს, რომ დაჭერის პროცესები იყოს გამჭვირვალე. ვიზიარებ მათ წუხილს – როცა ახალი ხელისუფლება მოდის და ასეთი დაჭერები ხორციელდება, ბევრი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, რომლებიც შეჩვეულნი არ არიან ახალი ხელისუფლებისგან ძველი ხელისუფლების წევრების დაჭერის პროცესებს. ამ მხრივ მათი შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით მაქსიმალურად ავუხსნათ მეგობარ სახელმწიფოებს, რომ ჩვენი ქმედება დემოკრატიულია და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნას და შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს. ამ საკითხში ქვეყანას შევუნარჩუნებთ სახეს", - აღნიშნა ივანიშვილმა. ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტიც, რომ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უჩვეულოდ აღელვებული იყო.

რაც შეეხება თავად ფილიპ გორდონის პოზიციას, მან ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა, "თავი ავარიდოთ შერჩევით სამართალს". აღსანიშნავია, რომ ივანიშვილთან შეხვედრამდე გორდონი დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, ვისგანაც, სავარაუდოდ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„ყველას უნდა კანონის უზენაესობა განხორციელდეს და ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა“, – განაცხადა ფილიპ გორდონმა.

"აღვნიშნე, როგორი აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებით. ის, რომ შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული და მშვიდობინი ძალაუფლების გადაცემა, არის დიდი ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის და მაგალითი რეგიონში და მის გარეთ. პრემიერმა ხაზი გაუსვა მის ინტერესს აშშ-სთან კარგი ურთიერთობის გაგრძელებაში და ამ პრიორიტეტს ჩვენ ვიზიარებთ. მე აღვნიშნე, რომ აშშ ერთგულია და დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისა, მისი ეკონომიკური განვითარებისა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია და ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს", - განაცხადა გორდონმა.

გორდონის თქმით, ივანიშვილთან შეხვედრაზე ხაზი ორი მხარის თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა: "ვიცით, რომ ეს არ არის იოლი დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენც, აშშ-ში გვქონდა საარჩევნო კამპანია და ყოველთვის არ არის მარტივი პოლიტიკურ ოპონენტებთან მუშაობა, მაგრამ ეს აუცილებელია დემოკრატიისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ვილაპარაკეთ დაპატიმრებებსა და დაკავებებზე, რაც, როგორც ვიცი, მედიაში დღეს აქტიურად განიხილება.

მე ხაზი გავუსვი, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას უნდა, კანონის უზენაესობა განხორციელდეს და ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული, პასუხი აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ავირიდოთ შერჩევითი დევნა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთის და ასეთია გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა გორდონმა.

"ამავდროულად, ბუნებრივია, რომ არის სირთულეები. ეს გარდაუვალია დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, არ დაუშვან ამ დაძაბულობამ პრობლემები შეუქმნას კანონის უზენაესობას. ორივე მხარეს გულთან მიაქვს საქართველოს ინტერესი და ორივემ იცის, რომ ეს არ არის მათ ინტერესებში. მოვუწოდებ მათ, არ დაუშვან ჩხუბი, პოლიტიკური დასჯა და ბრალდებები. მსოფლიო და საერთაშორისო თანამეგობრობა პროცესებს ყურადღებით აკვირდება. აშშ-ს მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლეთთან ინტეგრაციის კურსი და უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა", - აღნიშნა გორდონმა.

გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" მასალები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100