სურს კი რუსეთს?
დებატები თემაზე: უნდა შევიდეს თუ არა მოსკოვი ნატოში
პოლონეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში იანუშ რეიტერმა დიპლომატია სრულყოფილად შეისწავლა და კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მას შეეძლო შესაბამისი არგუმენტის მოყვანა და ჰამბურგში, კერბერის ფონდის და გაზეთ Sueddeutsche Zeitung-ის მიერ ორგანიზებული ეგრედწოდებული „კერბერის დებატების“ საწყის ეტაპზე დასრულება. რადგან, იმ საღამოს დისკუსიის საკითხი: მიეკუთვნება თუ არა რუსეთი ნატოს, რეიტერის აზრით არარეალისტური და მცდარია, ის ფიქრობს, რომ სწორი იქნებოდა ასეთი ფორმულირება: „სურს კი საერთოდ რუსეთს ნატოს წევრობა? ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც არ გვაძლევს იმის არანაირ საფუძველს გვჯეროდეს, რომ მას ალიანსში გაწევრიანება უნდა“.
რეიტერსა და ბუნდესტაგის ფრაქციის „კავშირი 90/მწვანეები“ თავმჯდომარის მოადგილე ფრითოფ შმიდს შორის დებატები, პირველი იყო ამ წლისთვის დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებს შორის, რომლებიც საპორტო ქალაქ ჰამბურგში გაიმართება. დისკუსია, რეიტერის დამაჯერებელი არგუმენტების მიუხედავად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შმიდის აზრით, ძალიან სწრაფად ცვალებად მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა შეიცვალოს. თუკი ცივი ომის დასრულებიდან ოცი წლის შემდეგ ნატო ახლებურად განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ყოფილი მოწინააღმდეგის რუსეთის მიმართ, მაშინ, მისი აზრით, საქმე არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ რუსეთი-ნატოს პაქტით და ისეთი მოლაპარაკებებით, რომელიც არავის ავალდებულებს. ამის ნაცვლად მიზანს ალიანსის შეცვლა და მასში რუსეთის გაწევრიანება უნდა წარმოადგენდეს. „ნატო სამხედრო ალიანსიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემად უნდა გარდაიქმნას“, – აღნიშნა შმიდმა და ამ ამოცანისთვის ეუთოს უკვე არსებული სტრუქტურების გამოყენების ინიციტივით გამოვიდა. გარდა ამისა, შმიდის აზრით, რუსეთისთვის ნატოში გაწევრიანების შეთავაზება შეიძლება ქვეყანაში „სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების და დემოკრატიზაციის კატალიზატორად იქცეს“.
კომენტარი