სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგა გრიგოლიას მუქარა და „პოლიტიკურად ქვრივი“ სალომე ზურაბიშვილის სევდიანი ისტორია

„ჩვენთვის ყოველთვის დასანანია, თუ რამე იშლება“ _ ეს თქვა პეტრემან მამრაძემან, იხილა რა თვალმა მისმა დაშლა ალასანიას „ალიანსისა“. თქვა ეს და კიდევ ერთხელ დაიტირა საბჭოთა კავშირის დაშლა.

ასე არ თქვა? ჩვენთვის ყოველთვის დასანანია, თუ რამე იშლებაო. ახლა, ახალი ამ გულახდილობაში რა უნდა იყოს, როცა ნოღაიდელი „კრასნი მასკვას“ სუნად ყარს.
„ალიანსი“ ბაც და დაიშალა. უფრო სწორად, ალასანია „სახლიდან წავიდა“.

ცალ-ცალკე პარტიებს მივხედოთო. აი, დათო გამყრელიძე ნაწყენია, თან ისე, რომ წყენას არ მალავს, არ კეკლუცობს, პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლიმ გული ატკინა. გამყრელიძეს ერთიანი დიდი პარტიის შექმნა ეწადა. მზად იყო „მემარჯვენეები“ გაუქმებულადაც გამოეცხადებინა, მაგრამ ირაკლიმ უღელიდან თავი გამოყო და წავიდა. გამყრელიძეს ისევ მარტოს მოუწევს თავისი პარტიის ზიდვა. არადა, ერთ პარტიად გარდაქმნა არც „რესპუბლიკელებს“ უნდოდათ, თუმც კი ინტეგრაცია აწყობდათ, მაგრამ ირაკლიმ ცალკე გასვლა არჩია.

გამყრელიძემ მუხლები გაითქვიფა, აფსუს, რა ტყუილად ვხარჯე დრო და ენერგია მის წარმოჩინებაშიო. არადა, „ალიანსის“ დაშლა რა გასაკვირია, როცა „ბიტლები“ დაიშალა? აი, „ალიანსის“ იოკო ონომ – სალომე ზურაბიშვილმა, საერთოდ „პოსლეზე“, ჟურნალისტებისგან გაიგო ირაკლის „ალიანსიდან“ წასვლა და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოს დალევის ამბავი. რა ექნა? ადგა და ისღა თქვა, ყველას თავის გზა აქვს, მე ჩემსას ვადგავარ და ყველასთან ერთად ვიბრძოლებ, ვინც სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოლებსო.

მოკლედ, ცუდი კვირა გაუთენდა დათიკო გამყრელიძეს. ირაკლი დაკარგა, მაგრამ დეიდაშვილი ხომ შეიძინა? პრესაში ამბავი აგორდა, რეჟისორი და ქართული აკადემიის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია დათო გამყრელიძის დეიდაშვილიაო. ისედაც ნაწყენ დათო გამყრელიძეს კიდე ეს უნდოდა? დეიდა ვაფშემც არ მყავს და დეიდაშვილი საიდან მეყოლებაო?
რამაზ კლიმიაშვილს ჰკითხოს, იმას ეცოდინება, იმან ბევრი იცის. წინა კვირას გაიძახოდა, რა ვიზების გამარტივება ევროპასთან, რა კიტრის მურაბაო და აგერ ერთი კვირაც არ გავიდა მისი გოდებიდან და ვაშაძემ და ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიგელ ანხელ მორატინოსმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ გადაწყვეტილებას.
არ ვიცი, ეს გამარტივება შეეხება თუ არა იმ კატეგორიას, რომელშიც ბატონი კლიმიაშვილი შედის, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ან ნამეტანი ცუდ ყავას ასმევენ ბატონ რამაზს, ფიგურებს კარგად ვერ კითხულობს, ან კიდე ყანწით სვამს და ღრმად ვერ იხედება...
აი, თვით ალასანია რამდენად შორს იხედება, როცა ასეთი პოლიტმაზურკით აგრძელებს მოღვაწეობას, ეს კიდე ცალკე თემაა. ქართულ პოლიტიკაში ვერც ვინმესთან დაბლოკებით გააკვირვებს ვინმეს, ვერც „ალიანსის“ დაშლით, ვერც წინასაარჩევნოდ შეყრით და ვერც არჩევნების მერე გაყრით.

ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც არჩევნების წინ ერთიანდებიან, იმიტომ რომ ეს „ელექტორატის დაკვეთაა“, არადა, ამ ელექტორატმა ზუსტად ვიცით, რომ ისინი არჩევნების მერე დაიშლებიან. თუ მთლად ქვა არ დაუშინეს ერთმანეთს... მაგრამ ეს გაერთიანება მაინც ჭრის... ჩვენ ვერ გაგვაკვირვებს, მაგრამ მაინც რა მოელანდა?
ჩათვალა, რომ „მემარჯვენეებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ ერთად მოქმედების გაგრძელება, თუ გნებავთ, ერთი პარტიის გაკეთება, წამგებიანი იქნებოდა? რატომ ჩათვალა ეს არჩევნების შემდეგ, თვითონ ხომ აცხადებდა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია? თუ მიღწეული შედეგით მართლაც კმაყოფილია, სულ სხვა რამ გამოდის – თავისი გაისწორა და წავიდა _ „რესპუბლიკელებს“ და „მემარჯვენეებს“ „დაადო“... ჰო, კიდევ პოლიტიკურად მუდამ ქვრივ იოკო ონოს – სალომე ზურაბიშვილს...
დაიშალა ალასანიას „ალიანსი“, სამაგიეროდ შეიკრიბა – თბილისის ახალი საკრებულო.

პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევდნენ სხდომის თავჯდომარედ, საკრებულოს უხუცეს წევრს უხმო. ამ საკრებულოში უხუცესი წევრი – სწორედ „ალიანსის“ სიით გასული, „საქართველოს გზის“ წარმომადგენელი ნათელა მაჭავარიანია. ბედის ირონიაც ამას ჰქვია, რაც ქალბატონმა ნათელამ გიგილო აკრიტიკა და ახლა სწორედ მისი „თამადობით“ აირჩიეს „ნაციონალებმა“ საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ძველი თავმჯდომარე – ზაალ სამადაშვილი.
სიახლეა ის, რომ მალე საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, ოღონდ ჯერ დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანონ. მერე ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციიდან იქნება. არჩევნების მერე ამბობდნენ, რომ ამ სავარძელს ინგა გრიგოლია დაიკავებს. ვნახოთ. მანამდე კი ინგამ შეუძახა, მარტო აღარა ხართ ჯიგრებო, ის დრო მოკვდა, ერთი რომ რაღაცას იტყოდა და ყველა კვერს უკრავდით, აქა ვარ და მოგიწევთ ჩემი ატანაო. აი, კობა დავითაშვილმა გაიხედ-გამოიხედა, საკუთარი თავი ეცოტავა და „პატანცოვკა“ მოითხოვა, ოპოზიციიდან ცოტანი ვართ და გარედან მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ ჩვენი მოთხოვნილი საკითხების განხილვა ქუჩის აქციების ფონზე უნდა მიმდინარეობდესო. მარტო ქუჩის აქციები ცოტა არაა? შოუ-ბალეტ `ვერნისაჟის~ გოგო-ბიჭები ხომ არ დაგვექირავებინა და როცა კობა სიტყვით გამოვა, იმათ ფოიეში ეცეკვათ?

კობამ ეს მოითხოვა, აი, შალვას განსხვავებულები უყვარს, როგორც ჩანს.
ჰოდა, მთავრობაში ბალანსი მოითხოვა, მთავრობაში ადგილები ოპოზიციასაც მოგვეცით, ჩვენც დაგვნიშნეთო. ისე, ჰაერზე კი არ მოითხოვეს, საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი. მიშას თან ამას სთხოვენ და თან უჩივიან, ამას წინათ მსგავსი იდეა რომ წამოაყენა ევროპის თვალის ასახვევად, ეგ ინიციატივა ჩვენგან მოიპარაო, ანუ მიშას შეთავაზებული არ სურთ. უნდათ, რომ დაიკანონონ და ისე მიიღონ სკამები.
თუმცა ამ ყველაფერში ერთი რამაა საინტერესო, თუ მე არჩევნებზე მივდივარ და ხმას ვაძლევ ერთ პარტიას და ჩემნაირად იმ პარტიას ხმას აძლევს ამომრჩეველთა უმრავლესობა, მთავრობაში რატომ უნდა დაინიშნონ სხვა პარტიის წევრები? მარტო იმიტომ, რომ „ზრდილობაა ასეთი“? ან მიშა რას სთავაზობს პოსტებს, ან ეგენი რას ითხოვენ? გაიმარჯვონ არჩევნებში და მერე გინდა მთავრობა დააკომპლექტონ და გინდა პიკნიკი მოაწყონ ლაფში გაწოლილ კამეჩის ბეჭებზე.
ეგ მაგეებს ითხოვს და ვიღაც-ვიღაცები კიდე სხვა რამეს ბოდავენ, ჯერ ორხელისუფლებიანობა გამოვაცხადოთო, მერე ამას მოვაყოლოთ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაო, მერეო, თუ არ გადადგებაო, უნდა დავიწყოთ ეროვნული დაუმორჩილებლობაო. ის აღარ უთქვამთ, „კოფე სმალაკომ“ უნდათ თუ არა. არც ის აინტერესებთ უნდა თუ არა ეს დაუმორჩილებლობა ხალხს. ერთი რამ მართლა გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ მთელ ქვეყანას ის გველანდება, რაც მათ ენატრებათ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100