სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძე იტალიურ ციხეში...

იტალიური სკანდალის ქართული ეპიზოდი რთულდება. იტალიის პროკურატურამ, ბოსნიელი ნარკორეალიზატორი ალტიკ საფეტი დააკავა. როგორც ირკვევა ბოსნიელ ნარკობარონს „ჯენოას” ფეხბურთელებთან, მათ შორის კახი კალაძესთან მეტად შინაურული და ახლობლური ურთიერთობა ჰქონია.
იტალიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში ისმის საუბარი კალაძესა და ალტიკ საფეტს შორის. ისინი შეხვედრას ფარულად გეგმავდნენ.

ალტიკ საფეტი კახი კალაძესთან კავშირზე მისივე თანაგუნდელის ჯუზუპე სკულის მეშვეობით გადის. საუბრიდან ჩანს, რომ კალაძე ალტიკ საფეტთან ადრე დაწყებულ საუბარს აგრძელებს, რაღაც კონკრეტულ თემაზე. თუ რატომ საუბრობენ კოდური სიტყვებით და ინიღბებიან მოსაუბრეები, სწორედ ამას არკვევენ იტალიელი სამართალდამცავები.

ალტიკ საფეტი: ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ დამირეკოს?

ჯუზუპე სკული: შენ სად ხარ, სახლში?

ალტიკ საფეტი: კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს.
ჯუზუპე სკული: კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...

კახი კალაძე: როგორ ხარ?

ალტიკ საფეტი: კარგად, შენ?

კახი კალაძე: არამიშავს.. შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?

ალტიკ საფეტი: გარეთ ხარ?

კახი კალაძე: შენ სად ხარ?

ალტიკ საფეტი: შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?

კახი კალაძე: მე დაგირეკავ.

კახი კალაძე, ქართველი ჟურნალისტებისაგან მოითხოვს, ფაქტის დრამატიზება არ მოახდინონ და „გვამშვიდებს“ რომ მისი ადვოკატები აუცილებლად გაემგზავრებიან იტალიაში, კითხვებზე პასუხის გასაცემად.
სხვანაირად არც იყო მოსალოდნელი. კალაძეს იტალიაში ჩასვლისთანავე დაპატიმრება არ ასცდება. ამიტომ, იგი ადვოკატებს გზავნის. ფეხბურთელს, რომელიც ირწმუნება რომ უდანაშაულოა, არ ყოფნის გამბედაობა, თავად გაემგზავროს იტალიაში.

როგორც ცნობილია, იტალიის პროკურატურამ გარიგებულ მატჩებთან და თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმეში „ჯენუას“ სხვა ფეხბურთელებთან ერთად, საეჭვოდ ფიგურირებს კახი კალაძის გვარი.
საინტერესოა, რატომ არავინ ინტერესდება, ხან ელასტიკებსა და წვეტიანცხვირიან წითელ ფეხსაცმელებში გამოწყობილი, ხანაც ტანგაში გამოწკეპილი ფეხბურთელის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში გატანილი ავტოგოლების მიზეზით?
თავის დროზე, ეს შემთხვევითობას, მარცხენა ფეხს თუ ხელის მოცარვას მიეწერა. იქნებ ამ შემთხვევაშიც იყო რაიმე ანგარება? მით უმეტეს როცა ფულზემოტრფიალე სუბიექტზეა საუბარი...

კახი კალაძის, როგორც ფეხბურთელის და პიროვნების დეგრადაცია, მას მერე დაიწყო, რაც მან ზემოთხსენებული, ავადსახსენებელი იმიჯი მოირგო და „ბიჭოლასთან“ ერთად პრივატული „ფეშენ ჩვენებების“ ორგანიზებით დაკავდა.
საბოლოოდ, კალაძის ლეგენდარული ფეხბურთელობა, მისი მეუღლის დიზაინერობის დონეზე დაეშვა. რა დიზაინერიც ანუკი არეშიძეა, ისეთივე ფეხბურთელი გახდა კახი კალაძეც.

ინტერნეტში უამრავი კომიკური ვიდეო მოიძებნება, კახი კალაძისა და მისი მეუღლის ახალ ბიზნესზე - მოდის სფეროში. სავარაუდოდ, პოლიტიკით მისი დაინტერესებაც არეშიძის გავლენაა. კალაძის მეუღლე ხშირად გვამადლის „ჯენუას“ ფეხბურთელის „სიდიადეს“.

საბოლოოდ, ერთ დროს მართლაც კარგი ფეხბურთელისგან, მივიღეთ პოლიტიკაში დილეტანტი, მდარე გემოვნების მოდიზაინერო ელემენტი, რომელიც ახლა შეიძლება პოტენციურ კრიმინალადაც განვიხილოთ.

ვნახოთ რას გაარკვევს იტალიის პროკურატურა. ღმერთია მოწმე, იტალია თავად დაინტერესდა მათ შორის კალაძის წარსულით, მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტი ფეხბურთელი დააკავეს და გამოძიებამ საეჭვო სატელეფონო საუბრების ჩანაწერები მოიპოვა (ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით). თუმცა, კალაძე მაინც ურცხვად გვატენის ინფორმაციას, თითქოს ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარის ნაწილია.

“ერთ-ერთ სატელეფონო საუბრებში ნახსენებ სიტყვა კარში, ქობულეთის სასტუმროსთვის საჭირო კარ-ფანჯრებს ვგულისხმობდი”, - აცხადებს მეოცნებე ფეხბურთელი, თუმცა, ვინც ბოლო დროს ქობულეთში ყოფილხართ, ალბათ შეგინიშნავთ, რომ კალაძის მიერ შეძინილი სასტუმრო “ინტურისტი” კვლავ საბჭოთა დროინდელი კარ-ფანჯრებით ამახინჯებს გარემოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100