კოშმარული თვითმკვლელობა ზუგდიდში: 21 წლის მ.მ–ს ცხედარი რვა დღის მანძილზე თოკზე ეკიდა
უკვე კვირაზე მეტია, მთელი ზუგდიდი ერთ უცნაურ თვითმკვლელობაზე საუბრობს. გაოცებას არა იმდენად სუიციდის მეთოდი, არამედ ისტორია იწვევს, რომელიც, წესით, 21–ე საუკუნეში მართლაც განსაცვიფრებელია. უცნაური და საკვირველი ის ფაქტიცაა, რომ მთელი 8 დღის განმავლობაში 21 წლის გაუჩინარებული ბიჭის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა და მის ძებნაში პოლიცია სრული მობილიზაციით იყო ჩართული, მისი ცხედარი კი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ყულფზე ეკიდა...
21 წლის მ.მ–ს თვითმკვლელობის მიზეზი, როგორც მისი მეგობრები ჰყვებიან, სიყვარულის ისტორიაა, რომელიც სულაც არ იყო უიღბლო, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე. მ.მ–ს მასზე უფროსი, ქმარსგაცილებული გოგო უყვარდა, რომელსაც შვილი ჰყავდა და სწორედ ეს იქცა მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად წყვილის სასიყვარულო ისტორიაში.
როგორც ხშირად ხდება, ბიჭის ოჯახის წევრებმა მალე შეიტყვეს თავიანთი პირმშოს გატაცების შესახებ. მ.მ–ს ყოველი მცდელობა, დაერწმუნებინა ოჯახი, რომ გოგო უყვარს და ბედნიერი მხოლოდ მასთან იქნება, მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებოდა დედის, მამის, სხვა ნათესავებისა და მეგობრების მხრიდანაც კი. მიზეზი სწორედ ის კლიშეა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, რომელზეც „დრონი. ჯი“ არაერთხელ წერდა და რომელიც განათხოვარ ქალს, ფაქტობრივად, პირადი ბედნიერების ძიების უფლებას ართმევს.
ოჯახის წევრების „მოქცევის“ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, მ.მ–ს მეგობრების თქმით, წყვილი ერთმანეთთან შეხვედრას მაინც ახერხებდა, თუმცა, მ.მ.–ს მეგობრების მტკიცებით, ბიჭი კატეგორიულ უარს ამბობდა დაესახელებინა, ვინ იყო მისი რჩეული. ამის მიზეზი მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა ბიჭის მიერ სუიციდამდე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს და სადაც ქალის ვინაობა იყო მითითებული: იგი მ.მ–ს 30 წლის მეზობელი აღმოჩნდა.
გარდაცვლილის მეგობრები იმასაც ჰყვებიან, რომ თვითონ ქალი მ.მ–სთან ოჯახის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა, მათივე მტკიცებით, ქალ–ვაჟს ერთმანეთი თავდავიწყებით ჰყვარებია. ქალს, მართალია, მ.მ–სთან ოჯახის შექმნა არ სურდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა და შეხვედრებზე უარს ვერ ეუბნებოდა. ეს კი საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა, რათა თვითმკვლელობისა და წერილის პოვნის შემდეგ დღის წესრიგში ქალის ოჯახის ზუგდიდიდან „ევაკუაციის“ საკითხი დამდგარიყო: რაოდენ კურიოზულიც უნდა იყოს, იმ ოჯახს ქალაქში, უბრალოდ, აღარ დაედგომება.
როგორც ჩანს, ამ ათიოდ დღის წინ 21 წლის მ.მ–მ უკანასკნელად სცადა, საოჯახო სამსჯავროზე თავისი სიყვარულის ნებართვა მოეპოვებინა. საკმაოდ კატეგორიულადაც მოუთხოვია, რომ მისთვის გოგოსთან ურთიერთობისა და ოჯახის შექმნის უფლება დაერთოთ და მიუნიშნებია კიდეც, მის გარეშე სიცოცხლეს არ ვაპირებო, მაგრამ ამაოდ...
საღამოს მ.მ სახლიდან გავიდა და, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ, არ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა იმ ღამეს ყურადღება არ მიაქციეს, რომ მ.მ. შინ არ მოვიდა და ჩათვალეს, რომ სადმე, მეგობართან ან ნათესავთან „გულის გადასაყოლებლად“ დარჩა. არც მეორე დღეს მოისაკლისეს მაინცდამაინც, მაგრამ როცა მესამე დღეც მიილია და ბიჭი მაინც არ გამოჩნდა, სერიოზულად შეშფოთდნენ. მეოთხე დღეს მათ განცხადება პოლიციაში შეიტანეს.
მ.მ. ოფიციალურად გამოცხადდა უგზო–უკვლოდ დაკარგულად. სახლიდან მისი გასვლისა და უკან არდაბრუნების შესახებ განცხადება რამდენჯერმე გადაიცა ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში. ბიჭს ეძებდნენ ყველგან, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ძებნაში ჩართული იყვნენ პოლიციელები, ნათესავები, მეზობლები, მ.მ–ს მეგობრები, თუმცა მის კვალს ვერსად მიაგნეს.
მ.მ–ს გაუჩინარებიდან მერვე დღეს მეზობლებმა მისის ცხედარი შემთხვევით იპოვეს – სახლიდან ოდნავ მოშორებით, მიტოვებული ფერმის ეზოში ბიჭის უსიცოცხლო გვამი თოკზე ეკიდა. ამ ადგილებში მისი ძებნა აზრადაც არავის მოსვლია, რადგან არავინ ფიქრობდა, რომ ხალისით სავსე 21 წლის ბიჭი სიცოცხლეს თავისივე ხელით მოისწრაფავდა. ცხედარი თოკზე რვა დღის განმავლობაში ეკიდა...
მ.მ.–ს ზუგდიდში ხვალ, 29 სექტემბერს დაკრძალავენ.
კომენტარი