სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველა შეესწრო ამ შემთხვევას მამა, დედა, შვილი“ - რას ჰყვებიან პედაგოგ ქალზე, რომელიც შვილის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში, რასაც 54 წლის პედაგოგის, მაია ფიფიას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალის სიცოცხლე შვილის, ლ.შ-ს მიერ, ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიამ დაასრულა.

ქალს ჭრილობა კისრის მიდამოში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

„უბედური შემთხვევა იყო კი, ძალიან ტკბილი ოჯახი, იქიდან ერთი ხმა არ გაგვიგია. ყველა შეესწრო ამ შემთხვევას მამა, დედა, შვილი“, - ამბობს კარის მეზობელი.

გარდაცვლილის ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო.

„ვიცი, რომ აქ წერა არსებულ სიტუაციას არ/ვერ შეცვლის, უბრალოდ მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც უფალმა თავისთან წაიყვანა..

მაია, ანოს მაიკო, ანოს მასწავლებელი მაიკო...!

ადამიანი, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდში მე და ჩემს მეგობრებს უფასოდ გვამეცადინებდა!

„ოღონდ თქვენ მოინდომეთ და მე თქვენი ფული არ მინდა, ბავშვებო, ყველანი კარგები ხართ, მჯერა თქვენი წარმატების...!“, - ეს მაიკოს საფირმო წინადადება იყო...

მასთან სახლშიც დავდიოდით, ბუხარში ცეცხლს ყოველთვის მე ვანთებდი, ანოს კარგად გამოსდისო...

გამოცდის დღეს, ჩემთან ერთად იყო, გზაში მამხნევებდა...

გამოცდიდან გამოსულს, ორივე გახარებულები ვიყავით, ორივეს თვალები გვიბრწყინავდა, მაშინვე მარიამს დაურეკა, თავის ქალიშვილს - მარი დე, შენ როგორი გახარებულიც გამოხვედი, ისეთივე გახარებული გამოვიდა ანოც, კარგ ქულებს ველოდებით...“

თავისი შვილების წარმატება უხაროდა და ჩვენ ორმაგ წარმატებებს გვისურვებდა!

საოცარი დედა იყო, საოცარი, მისაბაძი!

ბოლოს მოსწავლეებთან ერთად იყო, რომ ვნახე, ვერ გადამეხვია, კოცნა გამომიგზავნა, ბავშვებმა შეუშალეს ხელი, ასე მითხრა არ დამივიწყოო!

მაია ფიფია როგორ შეიძლება, შენი დავიწყება, ჩემო მშვენიერო ქალბატონო?!(მშვენიერ ქალბატონს ვეძახდი...)

ყველაფერს აქ უბრალოდ ვერ დავწერ, წერტილი“, - წერენ პედაგოგის მოსწავლეები სოციალურ ქსელში.

შუახნის ქალის შვილი, 21 წლის ლ.შ. გამოძიების დასრულებამდე, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100