"გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არაფერი მაკავშირებს“
ადვოკატი დავით ასათიანი, Panama Papers-ის სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
ასათიანი განმარტავს, რომ პროფესიული საადვოკატო საქმიანობის გარდა, ოფშორულ კომპანიებთან არაფერი აკავშირებს.
„მეგობრებო, დღეს ყველა მეკითხება, თუ როგორ აღმოჩნდა ჩემი გვარი Panama Papers-თან დაკავშირებულ ფრიად საინტერესო ადამიანების სიაში. მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება:
2012 წლიდან, საადვოკატო დახმარებას ვუწევ ერთ-ერთ პანამურ კომპანიას, რომელსაც გააჩნია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
შესაბამისად, მათგან მიღებული მაქვს მინდობილობა, მხოლოდ, საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილებებით და მათი სახელით ვაწარმოე კიდეც რამოდენიმე სამოქალაქო საქმე ქართულ სასამართლოში, სხვათაშორის ყველა წარმატებით.
ამდენად, რაიმე მესაკუთრული, მენეჯერული თუ სხვა სახის კავშირი, გარდა პროფესიული საადვოკატო საქმიანობისა, ოფშორულ კომპანიებთან არ გამაჩნია.
P.S. რაც შეეხება ზოგადად ოფშორული კომპანიების თემას, იმ პირობებში როცა საქართველოში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ოფშორული კომპანიები წარმოადგენდა საკუთრების უფლების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს (თუმც ზოგ შემთხვევაში ესეც ვერ იცავდა მესაკუთრეს).
ამდენად, ბიზნესების მიერ კომპანიათა ამ სტრუქტურის გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია, რასაც ალბათ, ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებისა და საჯარო თანამდებობის პირების შემთხვევაში, რაც მართლაც იმსახურებს დამატებით გამოკვლევას“, - წერს დავით ასათიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
კომენტარი