სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უპრეცენდენტო შეცდომა რუსეთის თავდაცვის უწყების ვებ-გვერდზე

„დრონი.ჯი“ ერთ საინტერესო, სულ ცოტა ხნის წინანდელ რუსულ სამხედრო ისტორიას გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მსოფლიო ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი მუშაობდეს იმდენად აბსურდულად, რომ ყოველგვარი კიბერშეტევის გარეშე, საიტის რედაქტორის შეცდომის გამო საკუთარი შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ ჩატარებული რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაციას ისეთ ფოტოს აბამდეს, რომელზეც, არც მეტი, არც ნაკლები -ამერიკული რაკეტაა გამოსახული.

კარგად ცნობილმა რუსმა ბლოგერმა, ყოფილი საბჭოთა სუკ-ის წარმომადგენელმა, ევგენი შესტაკოვმა ბლოგტექსტი გამოაქვეყნა, სადაც არცთუ ირონიის გარეშე მიუთითა თავდაცვის მინიტრს ამ გაუგონარი შეცდომის შესახებ. აი, ფრაგმენტი შესტაკოვის პირველი ბლოგიდან:

„ბატონო ყველაზე მამაცო მინისტრო! ...ამ შეცდომის ავტორი, იმ დონემდე გარცხვენთ, რომ სულ მალე იამაიკის თავდაცვის მინისტრიც კი აღარ ჩაგთვლით კოლეგად, ხოლო თქვენი ხელქვეითები "обосралиссимус"-ს შეგარქმევენ. შედით თქვენს მშობლიურ საიტზე და გამოასწორეთ ის ამაზრზენი შეცდომა, რომელზეც უკვე მეორე დღეა, ხმამაღლა ხარხარებენ ოკეანისგაღმელი კოლეგები. კერძოდ კი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე არის ინფო 27 აგვისტოს რაკეტა "Булава"-ს გაშვების შესახებ და მასზე მიბმულია ანალოგიური ამერიკული რაკეტის „ტრაიდენტ-2“-ის გაშვების ფოტო, რომელიც 1989 წლის დეკემბერშია გადაღებული“. (პირველი ფოტო)

ევგენი შესტაკოვმა ამ ბლოგტექსტს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის სკრინიც დაურთო, სადაც ნათლად ჩანს არა „ბულავა“, არამედ „ტრაიდენტ-2“. შესტაკოვმა ბლოგი 29 აგვისტოს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ დაშვებული შეცდომის გამოსწორება სასწრაფოდ სცადა და ფოტო შეცვალა. თუმცა, ამას შესტეკოვის კიდევ ერთი ბლოგტექსტი და სკრინი მოჰყვა. მეორე ბლოგში ეწერა:

„ბატონო შესანიშნავო მინისტრო! სულ ახლახან თქვენმა ხელქვეითებმა გაასწორეს სამარცხვინო შევდომა, მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს არ გაეკეთებინათ, რადგან მათ ამერიკული „ტრაიდენტის“ ფოტო მოაშორეს და მის ნაცვლად რაკეტა „სინევას“ ფოტო მიაბეს, რომელიც, მით უმეტეს, არაფერ შუაშია...“ (მეორე ფოტო)

შესტაკოვის დაჟინებული საყვედურების შემდეგ, როგორც იქნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოძებნა „ბულავას“ ფოტო და ძველიც ჩაანაცვლა, ხოლო შესტეკოვს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც მადლობას უხდის შენიშვნებისთვის.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100