სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლემ 14 წლის აითაჯის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

მოკლულის დედის - ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა, 5-დან 100 ათას ლარამდე ოდენობის გირაოს გადახდის სანაცვლოდ, აღმკვეთის არასაპატიმრო ფორმით შეცვლა მოითხოვა, ნატიგ მაგარამოვის ადვოკატმა კი 3-დან 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.

აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.

ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100