სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადრები წყვეტენ ყველაფერს - სატელევიზიო კადრები

სააღდგომოდ ბიძინა ივანიშვილმა მოიცალა და საკუთარი, მშობლიური რაიონი „დალაშქრა“. ეტყობა, საჩხერე ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც მილიარდერი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სხვაგან მას, ჯერჯერობით, არ უმართლებს: ჯერ იყო და, თელავში ჩასული, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის რისხვის ობიექტი გახდა (დავარქვათ მათ თუნდაც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, რითაც „ოცნებაში“ მოგვიანებით იმართლეს თავი) და ცხვირწინ სულ „პუტინთან წადი!“ უფრიალეს, მერე იყო და, უკვე მის მშობლიურ რეგიონში ჩასვლა უკანასკნელ წამს გადაიფიქრა და ქუთაისში გუბაზ სანიკიძე მიავლინა, რადგან საქართველოს მეორე დედაქალაქშიც საპროტესტო აქციის მოწყობას უპირებდნენ. სამაგიეროდ, მილიარდერი მის მიერ „მარსელის კრამიტით“ დახურულ საჩხერესა და ჭორვილაში მძლეთამძლედაა მიჩნეული და მისი იქ ჩასვლა არავის გაუპროტესტებია.

იმის მიუხედავად, რომ „ლომი“ ჯერ არ „მოუკლავს“ და, თუ რეიტინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ვერც „მოკლას“, მას აქ ისე ხვდებიან, როგორც ნამდვილ მასაის. სხვანაირად ვერ დაარქმევ იმ აღტყინებას, რომელიც სტადიონზე სუფევდა, მილიარდერის პრესსამსახურმა გადაიღო და, მოგვიანებით, „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა: ივანიშვილმა სტადიონზე „ჩიხურას“ თამაშის სანახავად მოინდომა მისვლა და მივიდა კიდეც. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების „ჩი-ხუ-რა! ჩი-ხუ-რა!“ მილიარდერის გამოჩენისთანავე ასევე სამმარცვლიანმა საკუთარმა სახელმა „ბი-ძი-ნა!“ ჩაანაცვლა. ისეთი ამბავი ატყდა, „ჩიხურას“ ფეხბურთელებმა კინაღამ საკუთარ კარში გაიტანეს გოლი, ტრიბუნისკენ კისერმიქცეულებმა...

ივანიშვილი კმაყოფილი სახით მიმოდიოდა ხალხში და მათ ბრეჟნევის მანერით ესალმებოდა. გზადაგზა ჩერდებოდა, სამადლობელ დითირამბებს ისმენდა და ერთი-ორჯერ რამდენიმე მოქალაქეც გადაკოცნა, მერე კი ტრიბუნაზე აინაცვლა და, აქაოდა, მეც ერთი თქვენგანი ვარო, გულშემატკივრებთან ერთად ყვირილსაც არ მორიდებია.

ვიდეოში ერთი საგულისხმო მომენტიცაა: ბიძინა ივანიშვილი საპატიო პერსონებისთვის გამიზნულ სექტორშიც გადავიდა და საჩხერის გამგებელსა და მის თანმხლებ პირებს წამოადგა თავს, რომლებიც მატჩის მსვლელობას ადევნებდნენ თვალს. ზურაბ ცერცვაძე მილიარდერს თავაზიანად მიესალმა, მაგრამ, რასაკვირველია, „მასაი“ იქ მხოლოდ სალამ-ქალამისთვის არ იყო მისული. ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გადაღებული ვიდეოდან საუბრის მთლიანი შინაარსის გარკვევა, ცოტა არ იყოს, ძნელია: ივანიშვილის „პიარშიკებს“ ისე კარგად ეხერხებათ „ჭრა-კერვა“, რომ მათ მიერ შეკოწიწებულ კადრებში მხოლოდ მილიარდერის წიაღსვლები ისმის და ის ჩანს, როგორ უტრიალებს ცხვირწინ საჩვენებელ თითს ცერცვაძეს ივანიშვილი და ეუბნება: „ხალხს უნდა უყვარდე, ხალხს...“

როგორც „დრონი.ჯი“-მ იმ დღეს სტადიონზე მყოფი მოქალაქეებისგან გაარკვია, საუბარი ბევრად უფრო დატვირთული ყოფილა შინაარსობრივად და საჩხერის გამგებელსაც გაუკეთებია მინიშნებები, რომლებიც ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ შეკოწიწებულ ვიდეორგოლში ვერ მოხვდა. უფრო კონკრეტულად, გამგებლის გზავნილი ივანიშვილის ამბიციებს შეხებია და ეს უკანასკნელი საკმაოდაც გაუწიწმატებია. თუ კარგად დავაკვირდებით, ბოლო კადრში აშკარად ჩანს ივანიშვილის წამხდარი განწყობილება: ის გაგულისებულია, გამგებელი კი იცინის. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, ამ კადრის წინ, როცა ივანიშვილს ხალხის ასეთი მხარდაჭერისა და დახვედრის გამო გადაუკრავს სიტყვა, გამგებელს უთქვამს: „აქ მხოლოდ ჩვენი საჩხერლები არიან, ბატონო ბიძინა და, ისე, აჯობებდა, მაჟორიტარად გეყარათ კენჭი“. ამ ფრაზას ივანიშვილი საკმაოდ გაუბრაზებია, რასაც მოჰყოლია მისივე ფრაზა, რომელიც ვიდეოშიც ისმის: „ხალხს უნდა უყვარდე, ხალხს...“

მოგვიანებით, ტრიბუნაზე გადანაცვლებული ბიძინა ივანიშვილი გულშემატკივრებს, რომლებმაც ფეხბურთის ყურებას სულაც მიანებეს თავი და ბიძინას შესციცინებდნენ თვალებში, კიდევ ერთ საგულკისხმო ფრაზას ეუბნება: „საკმარისია, ხალხო, არ დაიღალოთ, შემოდგომისთვის შემოინახეთ ძალ-ღონე!..“. ერთი შეხედვით უწყინარ ამ ფრაზაში ქვეტექსტის ძებნა თუ ჩაკირკიტებად არ ჩაგვეთვლება, მაინც ვიკითხავთ: რა ძალ-ღონე სჭირდება შემოდგომაზე საარჩევნო უბანში მისვლას და არჩევანის გაკეთებას? რომელი პოლიტიკოსი უკავშირებს არჩევნების პერიოდს ძალ-ღონეს? პასუხი მარტივია: მხოლოდ ის, ვისაც უფრო განსხვავებული სტრატეგია აქვს არჩეული, ვიდრე არჩევნებზე მისვლა და საკუთარი ნების გამოხატვაა... ივანიშვილის ეს ფრაზა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ მოსაზრების სისწორეზე, რომ მილიარდერმა საბოლოოდ აირჩია ქუჩის აქციების სტრატეგია, ოღონდ ამას ჯერ არ ახმაურებს: კონსტრუქციული ოპოზიციონერის მანტია ტკბილ არს...

სააღდგომო „ტაიმ-აუტი“ ივანიშვილთან ერთად, მისმა მარჯვენა ან მარცხენა ხელმა - ირაკლი ალასანიამაც გამოიოყენა და, ბოლოს და ბოლოს, სიტყვა შეასრულა - ზუგდიდს ეწვია. ჩასვლის პირველივე დღეს მან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა დაგეგმა და ადგილობრივი მაამებლების რჩევის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი, ოთხასკაციანი დარბაზიც დაიქირავა. მაშინ, როცა გამოსვლისთვის გულდაგულ მომზადებული ალასანია შეხვედრის ადგილისკენ დაიძრა, ვაჟა ზაზაევიჩივით გზაში დააწიეს „ბალანსი“, ანუ ცნობა იმის თაობაზე, რომ დარბაზი მხოლოდ სანახევროდ იყო შევსებული. ირაკლი ალასანიას რისხვის წარმოდგენა მკითხველისთვის მიგვინდია, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზში შეკრებილი ორასიოდე ადგილობრივი იმ დღეს სულ ტყუილად ელოდა ირაკლი ალასანიას გამოჩენას, რადგან შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. რას იზამ, ალასანია ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: ზუგდიდი მას ცივად შეხვდა და ამ ქალაქში „ირაკლიადა“ არ შედგა...

ირაკლი ალასანიას სტრატეგიული გეგმის გადახედვა მოუწევს: მალე ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაა დაგეგმილი და ქალაქში ჩასვლას ბიძინა ივანიშვილიც აპირებს. სწორედ ალასანიას მოუწევს იმაზე ზრუნვა, რომ მილიარდერმა სამეგრელოში ვიზიტი, ქუთაისის მსგავსად, ბოლო წამს არ გადაიფიქროს. მანამდე ალასანიამ უნდა დაარწმუნოს მილიარდერი, რომ სამეგრელოს მოსახლეობა „მესიას“ თუ „მასაის“ მოუთმენლად ელოდება. ამისთვის ჯერ იმის ჩვენებაა საჭირო, რომ წინასაარჩევნოდ ზუგდიდში ალასანიას გადაბარგებას ადგილობრივები სიხარულით შეხვდნენ: კადრებია საჭირო - როგორი სიხარულით ეგებებიან „ხალიან ბიჭს“ სამეგრელოში, ასეთი კადრები კი ჯერ ბუნებაში არ არსებობს და, თუ ივანიშვილის გარემოცვის რეჟისორული რესურსი არ მოიძიეს, დიდი ეჭვია, რომ არც იარსებოს, რადგან საჩხერისგან განსხვავებით, ზუგდიდში მცხოვრები ყოველი მეორე ადგილობრივი ალასანიას ნათესავი არ არის და არც ყოველი მეორე სახლია გადახურული „დიდი ჭორვილელის“ მიერ გამოგზავნილი „მარსელის კრამიტით“... ასე რომ, ჯერ კიდევ „კადრები წყვეტენ ყველაფერს“. ოღონდ, სატელევიზიო კადრები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100