სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფი: ბრძოლა გრძელდება, რეზიდენციის დატოვება ტაქტიკური უკანდახევა იყო (ვიდეო)

განახლებულია: 08.12 სთ.

Reuters იუწყება, რომ რამდენიმე დღით გაუჩინარებულმა ლიბიის ლიდერმა, მუამორ კადაფიმ ლიბიელ ხალხს რადიოს საშუალებით მიმართა. აუდიომიმართვა ტელეარხმა “ალ არაბიამაც” გადასცა. ლიბიის ლიდერმა განაცხადა, რომ რეზიდენციიდან უკანდახევა მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა იყო. “ბრძოლას მანამდე გავაგრძელებ, სანამ არ გავიმარჯვებ”, - მოჰყავს Reuters-ს ციტატა მუამორ კადაფის გამოსვლიდან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის დოთ დაახლოებით შუაღამისთვის, ამბოხებულებმა ლიბიის დედაქალაქში მდებარე მუამორ კადაფის რეზიდენცია აიღეს. წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ გუშინდელ შეტაკებებში ორივე მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება, ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები მიიღო. რეზიდენციაში ამბოხებულების შეჭრის მომენტში იქ მუამორ კადაფი და მისი მომხრეები არ იმყოფებოდნენ.

კადაფის რეზიდენციის აღების მიუხედავად, ამბოხებულებსა და გვარდიას შორის რომ დაპირისპირება გრძელდება, უცხოური სააგენტოებიც ადასტურებენ. ასე მაგალითად, Reuters დღეს დილით ავრცელებს ცნობას, რომ ბრძოლები ლიბიის დედაქალაქის დასავლეთითა და სამხრეთით გაგრძელდა. კადაფის მომხრე გვარდიამ დღეს შეტევა დაიწყო ქალაქ აჯელათის მიმართულებით, რომელიც ტრიპოლიდან დასავლეთით მდებარეობს. ამის შესახებ “ალ არაბიაზე” დაყრდნობით Reuters იტყობინება. ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, კადაფის არმიის მხრიდან ამ შეტევის დროს ტანკებსა და სარაკეტო დანადგარებსაც იყენებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრძოლები ქალაქ საბჰასთვისაც მიმდინარეობს. დამატებითი ცნობები ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

ამასთან, სააგენტო Reuters იტყობინება, რომ ქალაქი ტრიპოლი “გრადის” ტიპის რაკეტებით იბომბება. რამდენიმე რაკეტა კადაფის გვარდიამ იმ რეზიდენციაშიც ჩამოაგდო, სადაც ამჟამად ამბოხებულები იმყოფებიან. თვითმხილველებზე დაყრდნობით გადმოცემულ სააგენტოს ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ ალ-სურის გზა, რომელიც ბაბ-ალ აზიზიიდან არცთუ შორს მდებარეობს, კადაფის მომხრეებმა “გრადებითა” და ნაღმმტყორცნებით დაბომბეს. ცნობა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

ვიდეო: ამბოხებულები მუამორ კადაფის რეზიდენციაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100