სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE საქართველოში უკვე მეორედ იმართება.

ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა, ბათუმის თიბისი გალერეაში გაიხსნა და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში სექტემბერში გაიმართება.

ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, ესპანეთი, გერმანია თურქეთი, აზერბაიჯანი...) ხელოვანებთან ერთად ქართველი მხატვრები მონაწილეობენ, მათ შორის: ვახო ბუღაძე, ლევან ჭოღოშვილი, ქეთევან დავლიანიძე, დავით ევგენიძე, გია გუგუშვილი, თუთუ კილაძე, გუგა კოტეტიშვილი, ნიკო ცეცხლაძე.

ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილის და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ხელით ნაბეჭდი და ხელნაკეთი წიგნები და აქსესუარები.

ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. ეს დარგი მსოფლიოში საკმაოდ განვითარებულია, შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია და მასში ახალგაზრდა მხატვრების ჩართვა.

‘LIFE- N- STYLE’ - ცხოვრების სტილი - წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა, რაც ფესტივალის ორგანიზატორების თქმით ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებასა და პოპულარიზაციას.

პრინტ-ფესტივალი საქართველოში პირველად 2016 წელს თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა და მან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამთვალიერებლის, ისე ქართველი და უცხოელი მხატვრების მხრიდან.

წელს ფესტივალი თბილისისა და ბათუმის ფარგლებს გასცდა და ნამუშევრების ნახვისა და შეძენის შესაძლებლობა უკვე მესტიის, თელავისა და ოზურგეთის მაცხოვრებლებსაც ექნებათ.

ფესტივალის ფარგლებში, ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ მასტერკლასები ჩატარდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფესტივალისა და მისი განრიგის, ასევე მონაწილე მხატვრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი: LIFE – N – STYLE


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100