ღარიბაშვილის შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს შორის გამართულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ლატვიის სეიმმა ევროკავშირთან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება 14 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ლატვია წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერ ქვეყანას, როგორც ევროკავშირში, ისე სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ სტაბილურ, მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობას.
ედგარს რინკევიჩის განმარტებით, ლატვიის მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს, როგორც ახალგაზრდა, მყარი და განვითარებადი დემოკრატიის მხარდაჭერა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2014 წლის შემოდგომაზე გეგმავს, რიგის სამართლის სკოლასთან ერთად, განახორციელოს 12-კვირიანი პროგრამა, რომლის მიზანია ლატვიის გამოცდილების გაზიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი მოადგილეები, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.
კომენტარი