კვლევა: კორონავირუსის მუტაციის სიჩქარე, სულ მცირე, 50%-ით მეტია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ
კორონავირუსის მუტაციის სიჩქარე, სულ მცირე, 50%-ით მეტია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. აღნიშნულს სამეცნიერო ჟურნალ Genome Biology and Evolution-ში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს.
ბათისა და ედინბურგის უნივერსიტეტების მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი მუტაციას კვირაში ერთხელ განიცდის, რაც მნიშვნელოვნად აღემატება აქამდე შეფასებულ მაჩვენებელს. მეცნიერთა დასკვნები იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები უფრო სწრაფად შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე ადრე ეგონათ.
აქამდე მიიჩნდეოდა, რომ SARS-CoV-2-ი მუტაციას დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ განიცდიდა. თუმცა, ბათის უნივერსიტეტის მილნერის ევოლუციის ცენტრისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის განყოფილების ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს შეფასება მრავალ მუტაციას არ ითვალისწინებდა, რომელიც დაფიქსირდა, თუმცა არასდროს ყოფილა სეკვენირებული.
აღსანიშნავია, რომ მუტაციების უმეტესობა საზიანოა ვირუსისთვის და მისი გადარჩენის შანსებს ამცირებს. ამას უარყოფითი შერჩევა ეწოდება. ეს უარყოფითი მუტაცია პაციენტში იმდენ ხანს არ რჩება, რომ მისი სეკვენირება შეიძლებოდეს და, შესაბამისად, მუტაციის სიჩქარის გამოთვლებში გათვალისწინებული არ იყო.
აღნიშნული მუტაციების დაშვების გათვალისწინებით, მეცნიერთა გუნდი მიიჩნევს, რომ ვირუსის მუტაციის რეალური სიჩქარე, სულ მცირე, 50%-ით მეტია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
„ჩვენი დასკვნები ნიშნავს, რომ თუ პაციენტს ვირუსი რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს, ვირუსი შეიძლება განვითარდეს, რამაც შეიძლება ახალი ვარიანტები გამოიწვიოს. მიიჩნევა, რომ „ალფა“ ვარიანტი ვირუსის ევოლუციის შედეგია იმ ადამიანში, რომელმაც ინფექციის სრულად მოშორება ვერ შეძლო. კვლევის შედეგები არ არის ცუდი სიახლე, რადგან ადამიანების უმრავლესობა ვირუსს მანამ იშორებს, სანამ ის მუტაციას განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ პაციენტში ვირუსის ევოლუციის შანსი ჩვეულებრივ არც ისე მაღალია. თუმცა, მუტაციის სიჩქარის ახალი შეფასება იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ პირებში ვირუსის ევოლუციის უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით“, - განაცხადა პროფესორმა ლორენს ჰიორსტმა.
კომენტარი