სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

51-ე სკოლის დირექტორის პირველი კომენტარი

„ჩვენ თავს არ ვარიდებთ არანაირ კითხვებს. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, სკოლის მდგომარეობის, ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობა არ იყო იმის, რომ რაღაც განცხადებები გაგვეკეთებინა,“ - ეს განცხადება 51-ე სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ, P.S-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

დირექტორი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მოსწავლეს პნევმატური იარაღი ჰქონდა, უარყოფს. დირექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს პნევმატური იარაღი არ ყოფილა და ის პალსტმასის, სათამაშო თოფი იყო.

„რაც შეეხება პროკურატურასთან თანამშრომლობას, ჩვენ გამთენიამდე ვიყავით ბავშვებთან ერთად და, რა თქმა უნდა, თავს არ არიდებს ადმინისტრაცია. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც პროკურატურის განცხადებაშია, რაც ითქვა, რომ წინ უძღოდა ტრაგედიას ეს ფაქტები. ჩვენ ადმინისტრაცია ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ხაზგასმით უნდა გითხრათ, რომ აქ საუბარია სათამაშო პალსტმასის თოფზე და არა პნევმატურ იარაღზე. მე მინდა, დავამშვიდო საზოგადოება და ყველა ჩვენი მშობელი, რომ სკოლაში არასდროს არ ყოფილა, რომ პნევმატური იარაღი შემოსულიყო და არც ეს არ იყო პნევმატური იარაღი,“ - განაცხადა დირექტორმა.

დირექტორის თქმით, ტრაგედიის დღეს სკოლაში სიმშვიდე იყო და არ იყო ვითარება, რომელშიც მანდატურის ჩარევა გახდებოდა საჭირო. მისი თქმით, მანდატურებს არ ქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორც ამას თავად დირექტორი ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს სათამაშო თოფი ჰქონდა.

„ბავშვები გაკვეთილების დასრულებამდე, ბოლომდე, მე-6 გაკვეთილის დასრულებამდე, ორივე მოზარდი და ყველა იჯდა გაკვეთილზე მშვიდად, ყვებოდნენ გაკვეთილს. ერთს სპორტი ჰქონდა, მასწავლებელს ეთამაშა და მოუგო ფრენბურთი. მასწავლებელმა გამოაცილა და გარეთ გამოჰყვა მათ ისე, როგორც ყოველთვის ხდება და მეორეს ჰქონდა მათემატიკა და საკმაოდ აქტიური იყო მათემატიკის გაკვეთილზეც. ასე რომ, აქ რაღაც წინასწარ განზრახული დაპირისპირება სკოლის მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა,“ - ამბობს დირექტორი.

დირექტორის თქმით, სკოლა მზად არის იმისთვის, რომ მოსწავლეები მიიღოს.

გარდა ამისა, მანანა თურქაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდოს მოვლენების განვითარებას და ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია და ყველა თანამშრომელი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

ვიდეო იხ: http://rustavi2.ge/ka/news/91286

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100