სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთს დოკუ უმაროვი და ხანძრები ემუქრება

რუსეთს შარშანდელის მსგავსი და კიდევ უფრო ცხელი ზაფხული ელოდება. ამ ზაფხულს რუსეთის ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი ორი იქნება: ერთს დოკუ უმაროვი ჰქვია, მეორეს კი ბუნებრივი ხანძრები.

პირველი თავის ტკივილი, დოკუ უმაროვი, თურმე არა საქართველოში, არამედ თურქეთში ყოფილა, უმკურნალია და, არც მეტი, არც ნაკლები, იჩქერიაში დაბრუნებულა. პარალელურად, გაცამტვერდა კრემლის მიერ გავრცელებული და რუსეთში ერთხანს საკმაოდ პოპულარული ვერსია, რომლის თანახმადაც უმაროვი საქართველოში იმყოფებოდა.

მოკლედ, დოკუ უმაროვი რუსეთის ხელისუფლებას საკმაოდ ცხელ ზაფხულს ჰპირდება და, რუსული სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, პირველ რიგში, ასტრახანისა და კრასნოდარის მხარეში გეგმავს ჩვეულ ტერაქტებს. რა შეუძლია ამ შემთხვევაში ხელისუფლებს? ერთი შეხედვით, არც არაფერი, ძალოვანთა კონტიგენტის გაზრდის გარდა.

რუსეთის ხელისუფლების მეორე თავის ტკივილი კი ზამთარში დათვივით ბუნაგში შემძვრალი და ზაფხულის დადგომასთან ერთად ისევ გაღვიძებული ბუნებრივი ხანძრებია. ამ მხრივ სიტუაცია წელს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე შარშან იყო და, შესაბამისად, რუსული ტანდემის მიერ დადგმულ ახალ სპექტაკლებსაც უნდა ველოდოთ: პრემიერი ისევ გამოეწყობა არაკლასიკურად, ისევ დადგება პირდაპირ ჩართვაზე ალმოდებული ხეების ფონზე და ისევ დაურეკავს ტელეფონით დიმიტრი მედვედევს. ისევ დახსნიან ჩინოვნიკებს, ისევ გაიყვანენ რეზერვისტებს ხანძრების ჩასაქრობად და ისევ ჩატარდება საგანგებო თათბირები.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხანძრები წელს მოსკოვის შემოგარენამდე ისევ მიაღწევს. ეს რომ არ მომხდარიყო, ხელისუფლებას მანამდე უნდა ეზრუნა.

როგორც საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში ამბობენ, 2011 წლის ხანძარსაშიში პერიოდიდან დღემდე რუსეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბუნებრივი ხანძრის 13.579 კერა, ხოლო ხანძარმოდებული ტერიტორიის საერთო ფართობი 846 590 ჰექტარზე მეტია. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ ფართობის სიდიდე სამჯერაა გაზრდილი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100