სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გაიმართა
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრი ახორციელებს, პედაგოგებისთვის ახალი
სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და
დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გამართა.
სახელმძღვანელოში მასწავლებლები
სწავლა-სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს გაეცნობიან, როგორიცაა
განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი
დიფერენცირებულ სწავლებასთან.
წიგნი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას
საჩუქრად გადაეცემა.
განმავითარებელი შეფასება გამოიყენება კონკრეტული თემის/საკითხის შესწავლისას.
მისი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად გაიგო/გაიაზრა მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. ეს მასწავლებელს ეხმარება სწორად დაგეგმოს სწავლება და მიაღწიოს სასწავლო მიზნებს.
სახელმძღვანელოს
ავტორები არიან ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი
და მასწავლებელი და განათლების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარა
ბივერი.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, სახელმძღვანელო სამაგიდო წიგნი იქნება პედაგოგებისთვის.
„ეს
იქნება სამაგიდო წიგნი ყველა პედაგოგისთვის, რათა მათ შეძლონ მოსწავლისთვის უფრო
საინტერესოდ წარმოადგინონ გაკვეთილი. აღნიშნული პროექტი ათასწალეულის გამოწვევის
ფონდის მხარდაჭერით, 14 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტით ხორციელდება,“- აღნიშნავს
მაგდა მაღრაძე.
წიგნში საუბარია სასწავლო მიზნების
განსაზღვრის მნიშვნელობაზე სწავლებასა და შეფასებაში. წარმოდგენილია
განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები და
სტრატეგიები, განხილულია შესაბამისი მაგალითები და გაანალიზებულია კონკრეტული
შემთხვევები, რაც მასწავლებლებს გაუადვილებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას.
აღნიშნული ინსტრუმენტები და სტრატეგიები მასწავლებლებს დაეხმარება, შექმნან ისეთ
სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ
სწავლაზე და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.
„თუ მასწავლებელი ხშირად და თანმიმდევრულად არ ახორციელებს იმის შეფასებას, თუ რა და როგორ გაიგო მოსწავლემ, მოგვიანებით შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ ვერ შეძლო სასწავლო მასალის სათანადოთ ათვისება. განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლეთა ინტერესები, მათ მიერ საკითხის გაგება-გააზრების დონე. თავის მხრივ,
სწავლა-სწავლების პროცესში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა
განსხვავებული ინტერესები, მათი მზაობის დონე და სწავლის სტილი. სწორედ ამას
გულისხმობს დიფერენცირებული სწავლება,“ - განაცხადა
სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა ავტორმა მარიანა ხუნძაყიშვილმა.
სახელმძღვანელოში თეორიულ მასალასთან
ერთად, თავმოყრილია განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების
პრაქტიკული ინტსტრუმენტები და კონკრეტული მაგალითები. წარმოდგენილი მაგალითების
უმრავლესობა ქართველი მასწავლებლების გაკვეთილებზე დაკვირვებისა და მათთან
ინტერვიუების საფუძველზეა შექმნილი, რაც სახელმძღვანელოს კიდევ უფრო პრაქტიკულს
ხდის.
სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX) თანამშრომლობით.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ინიცირებულია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარი