სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკომიტეტო მოსმენებმა დაადასტურა, რომ ოცნება პარლამენტში სარგებელს ვერ ნახავს

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებმა დაადასტურა, რომ თავაზიანი რევერანსები ისტორიას ჩაბარდა და პარლამენტში ცხელი ზამთარი იწყება. შემოდგომის მიწურულს ერთ–ერთ საკომიტეტო მოსმენაზე იმაზე დაობდნენ, ვისი მზე ჩაესვენა და ვისი, შესაძლოა, ისევ ამობრწყინდეს.

ყველაზე დიდი დაპირისპირება და კამათი იურიდიულ საკითხთა საკომიტეტო მოსმენაზე იყო, სადაც იუსტიციის მინიტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენდნენ. თავდაპირველად მართლაც უსმენდნენ, მაგრამ მალე უმცირესობის წარმომადგენლებს კითხვები გაუჩნდათ, კითხვებმა კი ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება გამოიწვია.

მილიარდერის ხსენებისთანავე დარბაზში ჰაერი დაიმუხტა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩიორა თაქთაქიშვილმა თეა წულუკიანს შეახსენა, ივანიშვილთან მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდით, რაც მან თქვენი დაფინანსება დაიწყოო, მინისტრობის კანდიდატის იურიდიული მოთმინების ფიალა ამოიწურა:

–თქვენი მზე ჩაესვენა, თქვენ არასერიოზული პოლიტიკოსი ხართ!–მიმართა მან ჩიორა თაქთაქიშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა დამცინავი ღიმილით უპასუხა, თუმცა, წულუკიანის რეპლიკა დარბაზიდან უპასუხოდ არ დატოვეს:

„ჩვენი მზე მალე ისევ ამობრწყინდება“, – წარმოთქვა კომიტეტის წევრმა უმცირესობიდან, რასაც უკვე ფრაზების გაცვლა მოჰყვა: წულუკიანი: „მაგაზე იოცნებეთ!“ კომიტეტის წევრი უმცირესობიდან: „ეგ თქვენი პრეროგატივაა და ვერ შეგეცილებით“.

მდგომარეობა მალე განიმუხტა და მოსმენაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. წულუკიანმა მოკლედ ჩამოაყალიბა პრიორიტეტები და არც ყოფილი მინისტრისთვის კბილის გაკვრა დავიწყებია, როცა ის ურჩხულის კონტექსტში ახსენა.

უმცირესობიდან ბევრს შეუსაბამოდ მოეჩვენა თეა წულუკიანის ფრაზა, რითაც მან ყოფილი მინისტრი მოიხსენია: „არ შეიძლება ქვეყანას „ურჩხული მინისტრი ჰყავდეს“. ამ ფრაზამ დარბაზში მყოფი უმცირესობის წარმომადგენელთა სიცილი გამოიწვია, რადგან ზურგსუკან სწორედ რომ თეა წულუკიანს უწოდებენ მისივე თანაგუნდელები „ურჩხულს“ – როგორც ჩანს, წულუკიანმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

წულუკიანის განცხადებით, ქვეყანაში შეიქმნება სამართლიანი სისტემა, რომელიც ხალხს მისცემს უფლებას, დაიცვას კანონი და მოქალაქეთა უფლებები სასამართლოს მიერ იყოს დაცული. „ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ხალხს სასამართლოების ნდობა“, – განაცხადა წულუკიანმა. მის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იუსტიციის მინისტრის როლის გადახედვას და პროკურატურისა და იუსტიციის მინისტრის თანამშრომლობის გათანაბრებას: „მხოლოდ ძველი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ უნდა დავიწყოთ. ხალხი საზღვრებს გარეთ არ უნდა მიდიოდეს“, – თქვა წულუკიანმა, თუმცა, ვერ დააკონკრეტა, როგორ აპირებდა ამის მიღწევას.

ხმაური იყო ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე, სადაც დეპუტატების წინაშე სიტყვით წარსდგა მაია ფანჯიკიძე. აქ ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე არ აფოფრილან, მაგრამ ვნებათაღელვა გამოიწვია ფანჯიკიძის ამ ვერსიამ – საქართველომ რუსეთს ბევრი დაუთმო, მაგრამ პროპორციული პასუხი არ მიუღია: "ძალიან ბევრ დათმობაზე წავედით რუსეთთან, თუმცა საინტერესოა, რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ. მას აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა, ბიზნესის კეთებისთვის იდეალური პირობები და ფლობს ყველა სტრატეგიულ ობიექტებს. ვფიქრობ, რომ მიღებული შედეგი არაპროპორციულია იმისა, რაც რუსეთთან დავთმეთ", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამ ფრაზამ გიორგი ბარამიძე გააღიზიანა. მან სცადა, დაესაბუთებინა, რომ საქართველომ უკვე მიიღო სარგებელი დათმობებისთვის რუსეთთან – უამრავი ტურისტის სახით. გია ბარამიძის ეს გამოსვლა კი თავის მხრივ, ლევან ბერძენიშვილს არ მოეწონა და პასუხად ვიცე–სპიკერისგან ისევ ივანიშვილთან დაკავშირებული რეპლიკა მიიღო – გიორგი ბარამიძემ არცთუ მთლად მოკრძალებით შეახსენა ლევან ბერძენიშვილს, რომ ხალხმა მხარი არა მათ, არამედ ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა.

საკომიტეტო მოსმენებს არც კურიოზის გარეშე ჩაუვლია: მაშინ როცა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოდიოდა და პრიორიტეტებზე საუბრობდა, მის შემდეგ გამომსვლელად მითითებული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია, რომლისთვისაც ამავე, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უნდა მოესმინათ, დარბაზში ვერ შედიოდა, რადგან... დარბაზის კარები, თითქოსდა მის ჯიბრზე, თვითნებურად იკეტებოდა და აღარ იღებოდა...

ნარმანიასთან ერთად „ოფსაიდში“ რამდენიმე ჟურნალისტიც აღმოჩნდა – ისინი, ვინც დარბაზიდან გასაბოლებლად ან სხვა მიზეზით გავიდნენ. თუ კარს ძალას დაატანდნენ, ცოცხალი თავით არ იღებოდა, მაგრამ სახელური კი სძვრებოდა.

კარის ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ (და, ალბათ, კიდევ გამოჩნდებიან) ადამიანები, რომლებმაც ეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად შეაფასეს (მაგალითად, სოცქსელებში) და განაცხადეს, რომ კარი მხოლოდ მეოცნებეებისთვის იკეტებოდა...

ძალაუნებურად გაგახსენდება კაცს ფრაგმენტი ერთი სატელეფონო ჩანაწერიდან: „კალაძე სად არის? ყველა კარი მისია, ის ყიდულობს ყველა კარს!...“

არადა, მოგვიანებით ისიც გაირკვა (რაღა გარკვევა უნდოდა), რომ სახელურები და კარის ჩაკეტვა არაფერ შუაშია:

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული განცხადება, თითქოს პარლამენტის დარბაზში კარები ჩაიკეტა და დეპუტატები და ჟურნალისტები ვერ ახერხებენ იქედან გამოსვლას და კარებს სახელურები ძვრება, სიმართლეს არ შეესაბამება.

რადიო "ძველმა ქალაქმა" გადაამოწმა ინფორმაცია, საიდანაც გაირკვა, რომ დარბაზში დამონტაჟებულ კარს, სახელურები არ აქვს. იგი სენსორებზეა, იღება და იკეტება ბარათის (სპეციალური საშვის) შეხებით. "იმ დეპუტატებს, რომლებსაც აქვთ საშვი, დარბაზში შესასველად იყენებენ და არანაირი პრობლემა არ შექმნიათ", – ამბობენ პარლამენტის ტექნიკურ სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100