დაშავებულების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, იაშვილის კლინიკაში 6 არასრულწლოვანია მოთავსებული
აფეთქება დიდ დიღომში - ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ახალ დეტალებზე საუბრობს.
მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში 6 პაციენტია შეყვანილი. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
მინისტრი გეგმავს, რომ "იმედის" კლინიკაში მივიდეს და გაეცნოს იქ მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობას.
„საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მატ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად,“ - განაცხადა სერგეენკომ.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.
ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.
კომენტარი