გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს
დედაქალაქის მერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge უცხვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიებას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ასევე მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მე უარს ვამბობ დაკითხვაზე, მე უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით პირველ რიგში რიგითი პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში. ჩემი დაკითხვა მხოლოდ თვალთმაქცობის მიზნით ხორციელდება.
მე ჩემს აზრს არ ვიცვლი და გამომძიებელს კვლავ თბილისის მერიაში ველოდები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრს საკუთარი და მისი უწყების ღირსების დაცვა უნდოდა, ეს მას საჯარო ბიბლიოთეკასთან უნდა განეხორციელებინა და დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ პოლიციელებისათვის არ უნდა ებიძგებინა, ხოლო სიტუაცია სამართავად ნანა კაკაბაძისთვის არ უნდა გადაეცა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც შინაგან საქმეთა მინიტრის პოზიცია სამარცხვინოა“ - გიგი უგულავა.რაც შეეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერის ბატონ გიგი უგულავას, მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულებითი ღონიძიებების გამოყენების თაობაზე, ის სამრთლებრივად არასწორია. კერძოდ:საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის თანახმად „მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ან დასაკითხის ყოფნის ადგილას.“ 174-ე მუხლის თანახმად კი პირის იძულებითი გზით დაკითხვაზე მიყვანის მიზანს წარმოადგენს ის, რომ ,, უზრუნველყოფილ იქნეს საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო სხდომაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის, მოწმის მონაწილეობა, თუ ეს პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზები.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მოწმე შეიძლება დაკითხულ იქნეს ,,დასაკითხის ყოფნის ადგილას“ და შესაბამისად, მისი საგამოძიებო ორგანოების შენობებში დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობს. თავის მხრივ არც სამართალდამცავ ორგანოებს აკისრიათ მოწმის სახით გამოძახებული პირის დაკითხვის ვალდებულება უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებში.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად მოწმის იძულებით მიყვანის მიზანი მოწმის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უზრუნველყოფაა და ის შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სტატუსით გამოძახებული პირები უარს ამბობენ ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან დადგენილია გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი. შესაბამისად, თუ მოწმე უარს არ აცხადებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, არ არსებობს მისი იძულებით მიყვანის კანონით განსაზღვრული მიზანიც და ამის განხორციელების საფუძველიც არ არსებობს. გარდა ამისა, კანონი ჩვენების მიცემის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით მოყვანისთვის ითვალისწინებს ორი პირობის ერთდროულად არსებობას, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არათუ ორივე პირობას, მათგან ერთსაც არ აქვს ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერის პოზიცია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში და 2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მოვლენების ირგვლივ გამოძიებას მისცეს მისთვის ცნობილ ყველა საკითხზე ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია ქ. თბილისის მერიაში, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას.“
კომენტარი