სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთგული ქმრები და ბედნიერი ცოლები

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ქმარს წინსაფარმოხვეული ცოლი ეგებება. წუთში გაუწყობს სუფრას. ახალგამომცხვარ ხაჭაპურებს დააგემოვნებინებს. ძილის წინ პერანგს გაუუთოებს მეორე დღისთვის, ტანსაცმელს გაუმზადებს.

ეს სცენა, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ოჯახური იდილია, სინამდვილეში ერთი დიდი სიყალბეა. ამ სიყალბეს რომ გრძნობ, გული გერევა. მერე რა, რომ ზემოთ ხსენებულ “იდილიაში” ცოლს ქმრის მორჩილი შინამოსამსახურის როლი ენიჭება: მერე რა, რომ საჭმლის დამზადება, სახლის დალაგება, დარეცხვა, ბავშვების მოვლა ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს _”სუსტ” სქესს ევალება, მერე რა, რომ ქმარი დროდადრო, როცა ცოლი ბეზრდება, სხვებთან იკმაყოფილებს სექსუალურ მოთხოვნილებებს, და მერე რა რომ, ოჯახის დიასახლისის პატივისცემას ოჯახის თავი უფრო ხშირად სადღეგრძელოებში ავლენს, ვიდრე რეალობაში. მაინც ყველა ბედნიერია. თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდა თაობების ქართულ ოჯახებში საქმე სხვაგვარადაა და მსგავსი რაღაცები აღარ ხდება, ცდებით.

ამ იდილიაზე მახსენდება ერთი ყმაწვილი, რომელიც რაც მახსოვს, ყველგან ცოლის გარეშე დადიოდა და დროს ატარებდა. მისი ცოლი ნერვიულობით კვდებოდა, ხან მის რომელ მეგობარს და ურეკავდა ხან რომელს, სად არისო. ერთხელაც ვკითხე, რა აზრის ხარ იმაზე, შენი ცოლი რომ დადიოდეს შენ გარეშე, სვამდეს და ერთობოდეს და შენ არც კი იცოდე მისი ადგილსამყოფელი. მაგას ვერ იზამს, შვილებს ვერავის დაუტოვებსო, – მიპასუხა არხეინად :როგორც აღმოჩნდა, მცირეწლოვანი შვილების ფაქტორის ცოლის სახლში დასაბმელად გამოყენება ერთგვარი ხერხი ყოფილა თურმე. ამას ემატება საოჯახო საქმეები. ამ ყველაფრის წყალობით ქალის სახლიდან ფეხის არგადგმა გარანტირებულია.

ერთი ცოლი მახსენდება, რომელსაც იმდენად უყვარს თავისი ქმარი, სუფრაზე ხალხს აჩუმებს ხოლმე: “ჩემი ქმარუკა სადღეგრძელოს ამბობს და მოუსმინეთო”. “ჩემი ქმარუკა, ჩემი ერთგული” ამ და სხვა მრავალ ეპითეტებს იყენებს ხოლმე, მე კი ამ ეპითეტების მოსმენისას თავში ერთი კითხვა მიტრიალებს სულ, ის თუ იცის, მისი ძვირფასი ქმარუკა როგორ ერთობა ხოლმე უცნობ გოგოებთან. თუ იცის, მაშინ პროტესტის გრძნობა რატომ არ უჩნდება, თუ არ იცის, როგორ ვერ ხვდება, როცა მეც კი ვიცი ამის შესახებ :დ

საინტერესოა, მართლა ვერ ხვდებიან თუ არ უნდათ მიხვდნენ, რომ რაღაც უსამართლობა და სიყალბე არის მათ ურთიერთობებში. ამ ყველაფრისგან დაზარალებულები პირველ რიგში ხომ თვითონვე გამოდიან. ვერავინ ამიხსნის, რატომ არის გარკვეული ვალდებულებები მარტო ერთი ადამიანის კისერზე, როცა მეორესაც მშვენივრად შეუძლია მათი შესრულება. თუ ცოლ-ქმარი ფინანსურ ვალდებულებებს ინაწილებს თანაბრად, რატომ არ ეხება ეს სხვა ფუნქციებსაც. თუ ადამიანი ბუნებით პოლიგამიურია, რატომაა რომ ქმრისთვის სხვა პარტნიორის ყოლა „მოსული ამბავია“, ცოლი კი ამის გამო სიკვდილის ღირსიც კია.

სანამ ცოლები თვალს დახუჭავენ ამაზე, მანამდე მოუწევთ ყალბ ოჯახურ იდილიაში ცხოვრება და ზღაპრების შეთხზვა თუ რა ბედნიერები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100