პატრიარქ კირილის გარდა, ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდა და მასთან ფოტოც გადაიღო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში რუსეთის პატრიარქს შეხვდა და იუბილე მიულოცა. პატრიარქებმა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ერთობლივი წირვაც აღავლინეს. აღსანიშნავია, რომ საღმრთო ლიტურგია სლავურ, ბერძნულ და ქართულ ენებზე შესრულდა. ორი პატრიარქის შეხვედრის შესეხებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
“ჩვენთვის ყოველთვის უდიდესი სიხარულია თქვენთან ურთიერთობა …ჩვენ გვაქვს სასაუბრო და ჩვენ ნებისმიერ შეხვედრას უეჭველად კეთილი ნაყოფი მოაქვს. ეს არის ორი ერთმორწმუნე ხალხი, მეზობლები, რომლებიც ასწლეულობით ერთად ცხოვრობენ…ჩვენ ვლოცულობთ, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს და გვჯერა, რომ ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენი ურთიერთობებს“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
საქართველოს პატრიარქმა კირილს 65 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სახელმწიფოებს შორის მომხდარ უთანხმოებას ბოლო მოეღება.
“ეს არის მყარი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნების და მთავრობებისთვის. მათ მაგალითი უნდა აიღონ ჩვენი ეკლესიებისგან. იმედი მაქვს, ის უთანხმოება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის მოხდა, გადაილახება. ჩვენ კი, პატრიარქებმა და ეკლესიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს,” – განაცხადა ილია მეორემ.
მოგვიანებით ილია მეორე რუსეთის პატრიარქის თანხლებით დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუსეთი პატრიარქებმა რუსეთის პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
კომენტარი