ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს
პატივცემულო ბიძინა!
პირველ რიგში, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რასაც უწევთ ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, ასევე ცალკეულ პირებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ამ ძნელ პერიოდში.
ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს, თქვენ ჩამოიშორეთ იდუმალი ნიღაბი, რომელიც ფარავდა თქვენს პიროვნებას, და ხალხმა თავისი გმირი რეალურად დაინახა. ჩვენ შევიტყვეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი შვილები - თხემით ტერფამდე ქართველები არიან და ყველას სურს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ბევრი დრო რომ არ წაგართვათ, პირდაპირ საქმეზე გადავალ.
მიმართეთ რა ქართველ ხალხსა და საზოგადოებას ღია წერილებით, თქვენ მათ დაპირდით, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში ქვეყანას ააყვავებდით: აღმოფხვრიდით სიღარიბესა და უმუშევრობას, ააღორძინებდით ეკონომიკას, დაამყარებდით ნამდვილ დემოკრატიასა და თავისუფლებას, რომელიც ევროპულ ქვეყნებსაც კი გააოგნებდა (რომლებიც, უკვე 300 წელზე მეტია, დემოკრატიას აშენებენ და ჯერაც ვერ აუშენებიათ)... ბატონო ბიძინა, ეს თქვენი პოლიტიკრი ლოზუნგი იყო თუ თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ისეა მომზადებული სააკაშვილის გუნდის მიერ, რომ ასეთი ნახტომისთვის მხოლოდ 2-3 წელიწადი ეყოფა?
პირველმა ორმა წერილმა, რომლებიც შეიცავდნენ ძალიან ბევრ ასეთ, საეჭვო დაპირებებსა და დებულებებს, ასევე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებებს, მე მიმიყვანა დასკვნამდე, რომ დღეს თქვენი პოლიტიკური (თუკი შეიძლება მას პოლიტიკური უწოდო) გარემოცვა და, განსაკუთრებით, თქვენი პრესსამსახური იმ მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, რომლებიც საჭიროა იმ ადამიანის გარემოცვისთვის, რომელიც გეგმავს, ერის ლიდერი გახდეს.
შესამჩნევად გამოსწორდა სიტუაცია თქვენს ინტერვიუში ჟურნალისტ ია ანთაძესთან, სადაც თქვენ მკვეთრად გაემიჯნეთ თქვენსავე ფორმულირებებს და რეალურად შექმნილ მდგომარეობას დაუბრუნდით. მე არ დავიწყებ მარჩიელობას, რისი შედეგი იყო ეს - იმის, რომ თქვენ გაიზარდეთ პოლიტიკური თვალსაზრისით თუ იმის, რომ ჟურნალისტმა, რომელიც აშკარად განგაწყობდათ ხელისუფლების წინააღმდეგ, ძალიან მოინდომა.
დიახ, ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს: სიღარიბე და უმუშევრობა, დაბალი საარსებო მინიმუმი, მიგრაცია, როცა ქართველი ქალები - დედები და დები იძულებულნი არიან, დამამცირებელ პირობებში იმუშაონ მოსამსახურეებად და მომვლელებად უცხო ქვეყნებში, ხოლო ახალგაზრდა გოგონები ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი. სამარცხვინოა, როცა საქართველო ხდება ევროპულ ქვეყნებში ქურდებისა და ბანდიტების ექსპორტიორი, სადაც მათ ჯგუფებად აკავებენ და ციხეებში აგზავნიან. როგორ აისახება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის იმიჯზე? რას ეფუძნება ჩვენი მოტივაცია ევროპასა და სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დამყარების შესახებ? საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანს. კარგია, რომ ამ და სხვა პრობლემების დამალვას არავინ აპირებს.
არც ისაა დასამალი, რომ დღეს საქართველო ღარიბი ქვეყანაა და მისი ბიუჯეტი მთლიანად საგადასახადო შემოსავლებითა და სხვადასხვა ქვეყნებიდან, მსოფლიო ორგანიზაციებიდან და ინსტიტუტებიდან მიღებული დახმარებით ივსება. და თუკი თქვენ, როგორც დაგვპირდით, მართლაც გაყიდით მთელს თქვენს სიმდიდრეს, ჩვენ მხოლოდ ერთ წელიწადს შეგვეძლება ვიცხოვროთ მშვიდად. ამიტომაც მე არ გირჩევდით თქვენი აქტივების გაყიდვას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხართ პირველი და უკანასკნელი ქართველი, რომელიც პლანეტის 200 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში მოხვდა.
მე არ დავიწყებ სკურპულიოზურ გამოკვლევას თქვენი განცხადებებისა იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ცოტა რამ გააკეთა ქვეყნის განვითარებისა და ნამდვილი დემოკრატიის დამყარებისთვის. ალბათ, შესაძლებლობა ნამდვილად იყო... მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ 8 წელია, მართავენ ქვეყანას? მემკვიდრეობა როგორი იყო? ამ მოკლე ხანში დემოკრატიის დამყარებისა და ძლიერი ეკონომიკური ქვეყნის მშენებლობის მოთხოვნა იმ პირობებში, რა პირობებშიც გვამყოფებს რუსეთი მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, პოლიტიკური უმწიფარობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საფუძველთა, საზოგადოების ფორმირებისა და ახალი ადამიანის აღზრდის პრინციპების არცოდნაა.
ბევრი მსოფლიო ინსტიტუტი, სახელმწიფო და პოლიტიკოსი თვლის, რომ საქართველოში ეს პროცესები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს უდიდესი წარმატებები აქვს საზოგადოების ფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზების, კორუფციის აღმოფხვრის, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნის საქმეში, ასევე ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის შექმნაში, თქვენი ბრალდებები ხელისუფლების მისამართით მე მაგონებს თქვენი მოძულე შალვა ნათელაშვილისა და მისი გუნდის შეძახილებს მუდამ უკმაყოფილო სახით, რომლებიც დღისით და ღამით ქართველ ხალხზე „ზრუნვით“ არიან დამაშვრალნი.
პატივცემულო ბიძინა! პლანეტაზე ცხოვრება თანდათან სასტიკი და არაპროგნოზირებადი ხდება. დაუსრულებელი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, რომელიც ხელისუფლებისა და ხალხის სისხლიანი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, ბევრი განვითარებული თუ სუსტად განვითარებული ქვეყნისთვის იქცა გადაულახავ ბარიერად. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ წამყვანი ქვეყნების ახლანდელ ლიდერებს არ ძალუძთ მსოფლიოს გამოყვანა ამ სიტუაციიდან. ცნობილი ექსპერტებისა და საქმიანი ადამიანების, ფინანსისტების პროგნოზები არცთუ დამამშვიდებელია და მიანიშნებს, რომ გახშირებული კატაკლიზმები მსოფლიო ცივილიზაციის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სურათს არ ვამუქებ, ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ეს რეალობაა. ამიტომაც, გაოცებული დავრჩი, როცა წავიკითხე თქვენი დაპირებები 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში „რძის მდინარეების“ გაჩენის შესახებ. მართალი გითხრათ, მეგონა, რომელიღაც საბავშვო ზღაპრის ფრაგმენტს ვკითხულობდი.
გაოცებული დავრჩი, როცა თქვენ, პატივსაცემმა და ხელისუფლებასთან ერთ დროს ძალიან დაახლოებულმა პირმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლოზუნგი: „მიშა, წადი! მე აუცილებლად მოვალ!“ წამოისროლეთ - ეს ხომ ოპოზიციის მოკლე ლოზუნგი იყო, რომელსაც ამ სიტყვების გარდა, არანაირი პოზიცია არ ჰქონდა.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იმისათვის, რათა ჩვენი ტერიტორია მიეტაცებინა და მათი ოკუპაცია მოეხდინა, პუტინს საქართველოს პირველი პირისგან რუსეთის დაუძინებელი მტრის ხატის შექმნა სჭირდებოდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქნებოდა ეს შევარდნაძე, ივანიშვილი თუ სააკაშვილი. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა სააკაშვილს რუსეთისთვის არ შეუქმნია - პირიქით, ძალიანაც უნდოდა, რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჰქონოდა და კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია მასთან სიახლოვით მოეგვარებინა.
დასავლური ორიენტაცია და „ნატო-ს კარზე კაკუნი“ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო, როცა რუსეთი უფროსი ძმიდან დაუძინებელ მტრად გადაიქცა - ახალისებდა და აქეზებდა სეპარატისტებს, აწყობდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკადას, აწარმოებდა სასტიკ საინფორმაციო ომს...
იმისათვის, რომ არ განხილულიყო რეგიონთაშორისი კონფლიქტები და არ დამყარებულიყო მეგობრული ურთიერთობები დსთ-ს ქვეყნებს შორის, რუსეთმა შეგნებულად გაუკეთა ამ ორგანიზაციას კასტრაცია და ამორფული გახადა იგი. ახლა კი, ბატონმა პუტინმა ამ ორგანიზაციას ახალი აბრევიატურა მოუგონა და სურს, იმპერიის შემადგენლობაში ყოფილი კოლონიები ჩართოს. მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.
ეს პრეისტორია იმიტომ შეგახსენეთ, რომ ჩემი აზრით, თქვენ არასათანადოდ ერკვევით დიდ პოლიტიკაში და, განსაკუთრებით, მის ბინძურ ნაწილში. გარწმუნებთ, რომ ომი დაიწყეს არა სააკაშვილმა ან ბოკერიამ, არამედ თქვენმა მომავალმა თანამოსაუბრემ, ბ-მა პუტინმა, ვისთანაც თქვენ მეგობრული ურთიერთობის დამყარებას აპირებთ. ინტერნეტში მრავლადაა ამ ომთან დაკავშირებული ჩემი სტატიები.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თქვენ და პუტინი შეთანხმდით, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებისგან ჩამოაშორებდით, ისევე, როგორც არ მჯერა, რომ პუტინი თქვენთან საერთო ენას გამონახავს და როდესმე დააბრუნებს ჩვენსა და ჩვენი დევნილების ტერიტორიას. მაგრამ მე მაშფოთებს ის, რომ არც თქვენს წერილებში, არც ინტერვიუებში, ერთხელაც არ გიხსენებიათ ქართული ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომელბიც ხშირად „დაიძურწებიან“(პუტინის ლექსიკიდანაა) მოსკოვში, პირდაპირ პუტინთან. ისიც მაშფოთებს, რომ თქვენ აპირებთ პრემიერ-მინისტრის და არა, ვთქვათ, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას.
პატივცემულო ბიძინა!
კიდევ ერთი დესტაბილიზაცია ჩვენთვის და ჩვენი პატარა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ეკონომიკური, პოლიტიკური და ფისქოლოგიური არასტაბილურობის გარდა, დესტაბილიზაცია ჩვენი მთავარი მტრის შესაბამის რეაქციას გამოიწვევს, იმ მტრისას, რომელიც აპირებს ბოლო მოუღოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. კასტრირებულ სახელმწიფოში, თქვენ ალბათ, დაგნიშნავენ („აგირჩევენ“) პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად - თქვენი შეხედულებისამებრ. თქვენი დაპირება, რომ „ჩემი წინასაარჩევნო კამპანია ჩაივლის მშვიდად, ექსცესების გარეშე“, - მოჩვენებითია.
პოლიტიკოსები, რომლებიც თქვენს ირგვლივ იკრიბებიან, ჟურნალისტები და პოლიტოლოგები, რომლებიც ვერ იტანენ ხელისუფლებას, გაბანკროტებული ოპოზიცია, თქვენს გადაბრუნებულ სიტყვას ელოდებიან და თბილისი მაშინვე იქცევა უმართავ ქალაქად, დაიღვრება სისხლი, და თქვენ სწორედ ამ, ქართველების მიერ დაღვრილი სისხლის ხარჯზე გახდებით პრემიერ-მინისტრი. წინა დემონსტრაციების სცენარი თქვენ უკვე იცით, ხოლო რუსული ტანკები ისევ იქ დგანან - თბილისიდან ორმოც კილომეტრში. კიდევ კარგი, რომ ჯერჯერობით ის სცენარები არ განხორციელებულა.
ნება მიბოძეთ, გითხრათ, რომ თქვენი ეს გამოსვლები და ინიციატივები შორსაა რეალური პოლიტიკისგან, ჩვენი ქვეყნის მომავლისგან. მაგრამ ყოველივე ეს საფუძველს დაუდებს იმ ბინძური პოლიტიკის ახალ ტალღას, რომელსაც ბოლო ოცწლეულის განმავლობაში რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს.
მე გთავაზობთ: ნუ გაისვრებით ამ ტალახში. თუ თქვენ საქართველოს აყვავებასა და პროგრესთან დაკავშირებით გულწრფელი გრძნობები გამოძრავებთ და დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მონაწილეობით პოლიტიკაში სწორედ ამას მიაღწევთ, თქვენ გაქვთ საშუალება, კენჭი იყაროთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელიც ვაკანტური იქნება 2013 წელს, გამოთქვათ საქართველოს იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი (ჯერ კიდევ არ არის მოჭრილი ყველა გზა), რომელიც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება. და თუკი ასეთი წინადადება თქვენთვის მიუღებელია, გთავაზობთ, საერთოდ უარი თქვათ პოლიტიკაზე.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გეყოფათ გონიერება და სითამამე, რათა ღირსეულად და პატიოსნად გამოხვიდეთ არსებული მდგომარეობიდან.
P.S.
ბატონო ბიძინა!
ზემოთაღნიშნული ღია წერილი მე თქვენ ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს, თქვენი ბოლო პრესკონფერენციის ჩატარებამდე მოგწერეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ 1 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვლებოდა, მაგრამ თქვენმა პრესკონფერენციამ ყველაფერი შეცვალა და ჩვენ დავინახეთ პიროვნება, რომელიც უკვე ვეღარ მალავს საკუთარ პოლიტიკურ წარმომავლობას.
როგორც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ასე არ არის, ფაქტია, დღეს თქვენ ჩვენი მტრის საქმეს აკეთებთ - საქმეს, რომლის გაკეთება უნდოდა პუტინს, მაგრამ სხვა შემსრულებელთა ხელით. თქვენ, ალბათ, ნახეთ ყირგიზეთის ახალი, „არჩეული“ პრეზიდენტი - ბულგაკოვის რომანის გმირი, რომელიც ამავე გმირის ტონით საუბრობს. სწორედ ასეთ პრეზიდენტებს დაშტამპავს მოსკოვი და გაგზავნის თავის ყოფილ კოლონიებში.
სამწუხაროდ, თქვენ უკვე განსაზღვრეთ მოვლენების განვითარება. ხელისუფლების სათავეში თქვენი მოსვლა, თუ ასეთი რამ მოხდა, რუსული ხიშტებით განხორციელდება. რუსული არმიისა და ჯავშანტექნიკის გადასროლა სამხრეთით უკვე დაწყებულია. ამ მოვლენების სხვა ფინიშს მე ვერ ვხედავ.
თქვენ არ დაგიტოვეს სივრცე მანევრებისთვის - არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთი ტრიუმფის თვით გენერალ შარლ დე გოლს შეშურდებოდა. და ეს თქვენი არჩევანი არ არის - ეს არჩევანი პუტინისაა - ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრის.
ქართველი ხალხის ისტორიაში იყვნენ გმირები და იყვნენ გამცემლები და თითოეულ მათგანს თავისი ადგილი აქვს ქართულ მეხსიერებაში. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გააკეთოთ არჩევანი.
პატივისცემით
თემურ ავალიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასია ომების გარეშე“.
აშშ, დენვერი.
წერილი თარგმნილია "დრონი.ჯი"-ს მიერ. ქვეყნდება შემოკლებისა და ცვლილებების გარეშე.
კომენტარი