სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონის გარეშე ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავს

სპეციალისტები ხუდონჰესს საქართველოს ენერგეტიკის საბაზისო პროექტად მიიჩნევენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ამ რესურსის აუთვისებლად ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა, ხოლო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი შეუძლებელია.

ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზეც ბევრი ექსპერტი საუბრობს და თვლის, რომ მათი გამოცდილების გაზიარება საზოგადოებრივი აზრის დაბალანსებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გიორგი გოდაბრელიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის ტიპის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მას განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრება. თუმცა, პროექტს კარგად არ ვიცნობ და არ მაქვს რეალური ინფორმაცია, როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებას. უცნობია, რა ცვლილებებს გამოიწვევს, რა გავლენას მოახდენს გარემოზე და როგორ გადაწყდება განსახლების საკითხი. მოკლედ, პრობლემათა მთელი ჯაჭვია, რის შესახებაც სათანადოდ ინფორმირებული არ ვარ. კარგი იქნება, თუ პროექტი განხორციელდება მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და ხალხი არ დაზარალდება. მედალს ორი მხარე აქვს, სარგებელთან ერთად, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც სწორსა და გონივრულ ანალიზს მოითხოვს. ჩემთვის უცნობია პროექტის ავტორების არგუმენტები, როგორ აპირებენ აღნიშნული საკითხების მოგვარებას და რის ხარჯზე ცდილობენ ამ გრანდიოზული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. თუმცა, დავძენ ასევე, რომ პროექტი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია და მთავრობამ მისი განხორციელება მოსახლეობის ინტერესების დაცვით უნდა მოახდინოს.

ჯაბა სამუშია, ,,ქართული ოცნებისწევრი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

ხუდონჰესის მშენებლობას მხარს ვუჭერ. ამ მასშტაბის ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდება და ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავს. უნდა შევძლოთ ყველა რესურსის გონივრულად გამოყენება, რომ ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს. ამასთან უნდა შეფასდეს რისკები და სამართლიანად გადაწყდეს ეკოლოგიურ და განსახლების საკითხთან დაკავშირებული პრობლემები, რომ ადამიანები არ დაზარალდნენ.

ვიქტორ დოლიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

საკმაოდ გასააზრებელი თემაა, რის შესახებაც ამომწურავი ინფორმაცია არ გამაჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ენერგოდამოუკიდებლობაა, რის მოგვარებაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხუდონის მშენებლობით იგეგმება. ვემხრობი აზრს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.

ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის ენერგორესურსების განვითარება აუცილებელია. თუ წაადგება ქვეყანას და საფრთხეებს შეამცირებს, პროექტის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მექნება. პირიქით, მივესალმები მის განხორციელებას. მთავარია, მოსახლეობა არ დაზარალდეს და გარემოზე ზემოქმედების რისკებიც სათანადოდ შეისწავლონ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ენერგეტიკული მდგომარეობა არ გვაძლევს საბაბს, რომ უარი ვთქვათ ხუდონჰესის მშენებლობაზე, ამით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შევზღუდავთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100