გველი ლიანდაგზე, ეზოში, საძინებელში... მაგრამ ონკანშიც?!
მოგეხსენებათ, გველის ყველას არ ეშინია. ზოგან ათვინიერებენ, ზოგან კი ლამის ღვთაებად სახავენ. ზოგან გემრიელად გეახლებიან კიდეც. მაგრამ ქართველები - ყოველ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი, გველების მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ გამოვირჩევით.
ეს არც არის გასაკვირი. გველებთან დაკავშირებით ახლა საქართველოში მომხდარი იმდენი უბედური შემთხვევა გამახსენდა, არ დავიწყებ ჩამოთვლას, თორემ კარგა ხანს მოვუნდები. მაგრამ მოყოლა თუ არა, ბოლო დღეებში მომხდარი შემთხვევების შეხსენება მაინც მომიწევს.
სულ რაღაც სამი დღის წინ თბილისში, სამგორში, ლიანდაგზე გადასვლისას, გიურზამ 12 წლის გოგონა დაკბინა. საბედნიეროდ, მოზარდი გადარჩა. ბოლო დროს გველები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს თბილისშიც ხშირად ჩნდებიან და გასაკვირი სწორედ ეს არის, თორემ თორემ რუსთავში გველების გამოჩენა უკვე იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, მის გამოჩენაზე ეზოში მსხდარი ბიჭები ჯოკრის თამაშსაც კი არ წყვეტენ და ლამისაა, მეოთხე კაცად თამაშს სთავაზობენ...
ალბათ, ყველას გახსოვთ ქართული ფილმი - „ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი“ - გაბრაზებული ვაჟა ზაზაევიჩი რომ ამბობს: „კალათბურთი გამიგია, ცხენბურთი გამიგია, ფეხბურთი-ც გამიგია, მაგრამ ეს მოტობურთი რა ჯანდაბაა!“ სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა, როცა თბილისის ფორუმზე და, მოგვიანებით, ტელევიზორშიც ვნახე სიუჟეტი გველზე, რომელიც... ონკანში მოშვებულ წყალს გამოჰყვა.
არადა, მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია, როცა დილით სამსახურში, ახალ ამბებს გადავავლე თვალი და ვიპოვე ინფორმაცია, რომ დედოფლისწყაროში ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გველი ეზოში იპოვა და მოკლა, მეორემ ისევ შხამიანი გველი ბავშვის საძინებელში აღმოაჩინა... მაგრამ ის, რაც საბურთალოზე მოხდა, ნამდვილად „ეს მოტობურთი რაღა ჯანდაბაა“ ან „ქალაქში მიმინოს რა უნდა?“ - კატეგორიიდანაა.
თქვენც ჩემსავით გაოგნება გელით, თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ონკანიდან გველის გადმოსრიალების ისტორია, რომელიც ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე განვითარდა.
რომ არ გადაგღალოთ, თვითონ იმას მოვუსმინოთ, ვისაც თავგადასავალი გადახდა. ეს „თბილისის ფორუმის“ ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი - Ditrixia გახლავთ (სტილი დაცულია):
"ერთი კვირაა სახლში წყლის წნევა დაეცა,ვიფიქრეთ წვიმების გამო და სხვა სტიქიური უბედურებების გამო რიკოთზე, მალე დაგვიბრუნდებოდა წყლის ადრინდელი ნაკადი. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ რომ ჩვენს ზემოთ სართულებზე წყლის ნაკადი ძველებურად დაუბრკოლებელი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ მე-2 სართულზე,ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩის გადაკვეთაზე,მე-5 სართულზე კი (ჩვენივე შენობაში) წყალი ნორმალურად ძლიერი ნაკადით ჩქეფდა. გადავწყვიტე დამეშალა მთავარი შემომავალი ონკანი ("კრანი").დავშალე...წყალი მოწანწკარებდა (ასე "წანწკარა წყალს" ვსვავდით ერთი კვირის მანძილზე). შევანათე ფარანი,რაღაც ჩანდა,თითქოს თოკი იყო...თუ რაღაც მსგავსი...დავუწყე კირკიტი...თან ნელ-ნელა ვცდილობდი გამომეძვრინა რაც იყო...უცებ იხუვლა და გამოვარდა რაღაც,თან ისეთი სისწრაფით, რომ უცებ ვერც გავარჩიე რა იყო...ვეცით რითაც შეგვეძლო,წყალს მიქონდა იქაურობა...მეზობელმა სასწრაფოდ გადაკეტა "ცენტრალური სტაიაკი" (წინასწარ ვიყავით მზად,რადგან ჩვეულებრივ, "კრანის" დაშლა-აწყობას შედეგი არ მოქონდა).დაწყნარდა ყველაფერი და ჰოი საოცრებავ,ჩვენს წინ ასეთი არსება ეგდო....გველი,ნამდვილი გველი...(კლასიფიკაციას ვერ მივცემ,მაგრამ დაბეჯითებით გეტყვით რომ ეს იყო გველისებრი დაახლოებით 30-40 სმ სიგრძით) გავშრით ყველა, რა გამოდიოდა,რომ ერთი კვირა გახრწნილი გველის გვამის წვენს ვსვავდით?!!! საშინელება მეტი რა უნდა იყოს...!!! აი ფოტოებიც...რა თქმა უნდა პატრულიც გამოვიძახეთ შედგა აქტი...აზრი...? ეს წყალი გვეწოდება სასმელად? მიკვირს რომ კიდევ ცოცხლები ვართ...“
„თბილისის ფორუმის“ ეს თემა აქტუალურია სოციალურ ქსელებში. როგორც ყოველთვის მსგავს შემთხვევებში, ბევრია მწარე, ირონიული, პოლიტიკური კომენტარები. მაშინ, როცა ზოგი ხელისუფლებას აგინებს, ზოგი „თბილისის წყალს“, ზოგი ოპოზიციას და ზოგიც სამივეს ერთად, ერთ-ერთი იუზერის ასეთ კომენტარსაც შეხვდებით:
„საწყალი გველი... გარდაიცვალა?“ -ეს კომენტარი იმდენად დასაფასებელი იუმორის გრძნობითაა დაწერილი, რომ მაშინვე გიქრება სურვილი, კომენტარის ავტორს შეახსენო: „გარდაიცვალა“ - ამ სიტყვას ქართულში მხოლოდ ადამაინების მიმართ ხმარობენ...
კომენტარი