სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებას თან ბევრი ნეგატიური მოვლენა ახლავს

მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავეა ანტიბიოტიკების არამიზნობრივი მოხმარების კუთხით. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო და ინფექციურ დაავადებათა კლინიკის ექიმ-ინფექციონისტს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ მაია კანაშვილს დავუკავშირდით.

მისი განცხადებით, როდესაც საკითხი შეეხება ანტიბიოტიკებს, მთავარია, იყოს რაციონალური ხარჯვა. „ამ მიმართულებით პროგრესისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯია გადადგმული რეცეპტების შემოღების თვალსაზრისით. ეს უკვე დიდი წინსვლაა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, უკვე საჭიროა, რომ ექიმებში დაიწყოს შესაბამისი საგანმანათლებლო მუშაობა. კარგი იქნება, თუ ეს განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. პრეპარატების შემომტანი კომპანიები ამას გარკვეულწილად აკეთებენ, თუმცა, სასურველია, რომ მსგავსი სწავლებები უფრო მეტი ინტენსივობით ჩატარდეს. რადგან, ამ მიმართულებით, ქართველი ექიმები ნამდვილად საჭიროებენ განვითარების უფრო მაღალ დონეს“, – მიაჩნია მაია კანაშვილს.

იგი ამბობს, რომ არსებობს სპეციალური დარგი - ანტიბაქტერიული ქიმიოთერაპია და არსებობენ სპეციალისტები ამ მიმართულებით. „დღეს უკვე ბევრი კლინიკა და წარჩინებული ექიმი მიმართავს სწორედ ანტიბაქტერიული ქიმიოთერაპიის სპეციალისტებს, რომ შესაბამის სიტუაციაში მათ შეურჩიონ პაციენტს მკურნალობა. ეს უკვე ძალიან დიდი წინსვლაა, როგორც აღვნიშნე, თუმცა ექიმებში შემდგომში საგანმანათლებლო მუშაობა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.

ადრე ნამდვილად დიდი პრობლემა იყო, რადგან ყველას მიუწვდებოდა ხელი აფთიაქში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. ახლა ეს პრობლემა, მეტ-ნაკლებად, მოგვარებულია, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ვერ შეიძენს მას, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული. მეორე საკითხია, თუ რამდენად რაციონალურად ნიშნავენ პრეპარატებს თავად ექიმები. ეს საკითხი საჭიროებს დახვეწას. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გაძლიერებული კონტროლი აფთიაქებზე, რომ მოქალაქეებმა რეცეპტის გარეშე თვითნებურად ვერ მოახერხონ მედიკამენტების შეძენა. თუმცა თუ აფთიაქში ზის სპეციალისტი, რომელიც მოისმენს ფილტვების ანთებას, შეაფასებს და იტყვის, რომ ეს არის პნევმონია და როგორც ექიმი მისცემს პაციენტს პნევმონიის სამკურნალო საშუალებას, ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერია“, – აცხადებს კანაშვილი.

მისი თქმით, ზოგადად, ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებას ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენა ახლავს თან. ყალიბდება პოლირეზისტენტული, ანუ ძალიან გამძლე მიკრობები ანტიბიოტიკების მიმართ, რაც, ფაქტობრივად, განაიარაღებს თანამედროვე მედიცინას. „გარდა ამისა, ცალკეული პაციენტისათვის ეს არის ძალიან დიდი ზიანი, რადგან ნებისმიერი ანტიბიოტიკი არის შხამი და თუ ის არ არის მიმართული მიკრობების დასათრგუნად, ის თავის მოქმედებას ამჟღავნებს ადამიანის ორგანიზმზე. შესაძლებელია, ამან გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს. გარდა ამისა, არის ანტიბიოტიკი, რომელთა გამოყენებასაც აქვს ასაკობრივი შეზღუდვები და ამასაც შესაძლებელია მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგი. მთელი რიგი ნიუანსები არსებობს რამდენიმე მედიკამენტის ერთდოულად გამოყენებისას, რადგან არის პრეპარატები, რომელთა ერთად გამოყენებასაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ამ და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსის ცოდნა საკითხში დეტალურ ჩახედულობას და ცოდნას მოითხოვს. ამიტომ ექიმების განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოსახლეობას უნდა მოვუწოდოთ, რომ არა მხოლოდ თვითმკურნალობაა ძალიან ცუდი და დაუშვებელი, არამედ შესაბამისი მომზადების არმქონე ექიმის მიცემული დანიშნულებაც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი“, - განაცხადა მაია კანაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100