უკრაინაში ომია - საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს
უკრაინაში ომია. არის პირველი მსხვერპლი. ტერორისტები საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას იყენებენ, ესვრიან ყველას, მათ შორის მოქალაქეებს.
დაჭრილია
ექიმი. ჩამოაგდეს სამხედრო თვითმფრინავი, მოკლულია პილოტი. ანტიტერორისტული
ოპერაციის აქტიური ფაზა ხელისუფლებამ დილის 4 საათზე სლავიანსკიდან დაიწყო.
ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 9 ბლოკ-საგუშაგო. ამ დროისთვის
ცეცხლი შეწყვეტილია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს. უწყება მოუწოდებს მათ - მოერიდონ გადაადგილებას დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით, ქალაქ სევასტოპოლსა და სლავიანსკში. ასევე, მიმართავს რეკომენდაციით, შეძლებისდაგვარად, მოკლე პერიოდში დატოვონ რეგიონები.
"ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში შესვლა და ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოქმედ გამშვებ პუნქტებში და საპასპორტო დოკუმენტებსა და საიმიგრაციო ბარათებში აღენიშნებათ შესაბამისი ბეჭდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქმედება ისჯება უკრაინის კანონმდებლობით",- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი