სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი მოსკოვში მინდია გულუასაც შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველოს სახელით" პრეზიდენტს მინდია გულუას შეხვდა.

შეხვედრაზე მინდია გულუამ პატრიარქს საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობა, ორგანიზაციის მიერ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართულ დიასპორებს შორის ჩატარებული ღონისძიებები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები გააცნო.

ამასთან, გულუამ ილია მეორეს აცნობა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობებს უქმნიან, შესაძლებლობის ფარგლებში იგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ივიწყებს და მათ ყველანაირ დახმარებას უწევს".

გულუამ პატრიარქს ასევე 3 ნოემბერს თბილისში პარტიის "განახლებული საქართველო" დამფუძნებელი ყრილობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თავმჯდომარედ მისი და ნანა გულუა აირჩიეს.

როგორც გულუამ განაცხადა, "პარტიის პრიორიტეტებს შორის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება, უმუშევრობის დაძლევა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აშშ-სა და ევროკავშირთან თანასწორი და მეგობრული ურთიერთობების სამომავლო განვითარება, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნებისა და ამ ტერიტორიების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყება შედის".

ამასთან, გულუა პატრიარქს დაჰპირდა, რომ პარტიის პოლიტიკურ გეგმას მისი რეგისტრაციის შემდეგ გააცნობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქე არ ვარ, პარტია "განახლებული საქართველოს" საქმიანობაში უშუალო მონაწილეობას ვერ შევძლებ, თუმცა მის ხელმძღვანელობას კონკრეტული რჩევებითა და რეკომენდაციებით დავეხმარები", - განაცხადა მინდია გულუამ.

"დრონი.ჯი": შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მინდია გულუამ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეაჩერეს საქველმოქმედო ფონდ „მზე შინა და მზე გარეთას“ საქმიანობა. ფონდის თანადამფუძნებელი კი გულუასთან ერთად იყო საპატრიარქო. ფონდის საქმიანობის სფეროს ეკლესიების მშენებლობა წარმოადგენდა.
დაყადაღების შემდეგ ფონდი დატოვა საპატრიარქომ. გულუას თქმით, ამის მიზეზად საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე შიომ ფონდის პოლიტიზირება დაასახელა, რაც ბიზნესმენისთვის გაუგებარი მიზეზია.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად საპატრიარქოს განცხადებისა, რომელიც მოსკოვში პატრიარქის ვიზიტამდე გავრცელდა და სადაც ნათქვამი იყო, რომ ილია მეორე არ გეგმავდა პოლიტიკურ პირებთან შეხვედრებს, კათოლიკოს–პატრიარქი და მისი თანმხლები პირები მოსკოვში, სასულიერო პირების გარდა შეხვდნენ: დიმიტრი მედვედევს, სერგეი სობიანინს, მიხეილ ხუბუტიას, გოჩა ძასოხოვს, მინდია გულუას. ერთ–ერთი ვერსიით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი შეხვდა ვლადიმირ პუტინსაც, რომელმაც პატრიარქ კირილს დაბადების დღე მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მიულოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100