სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღესტანში “შარიათული” პლაჟი გაიხსნა

როგორც “მოსკოვსკი კომსომოლეცი” იტყობინება, დაღესტნის დედაქალაქში პლაჟი “გორიანკა” გაიხსნა. ამ ცნობაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული ყურადღების ღირსი, ერთი გარემოება რომ არა - სანაპირო მთლიანად ქალებისთვისაა განკუთვნილი და მომსახურე პერსონალიც მთლიანად ქალებითაა დაკომპლექტებული.
“მახაჩყალა - ზღვისპირა ქალაქია, რომელიც, იმავდროულად, უნიკალური კურორტიცაა, მაგრამ უამრავ ქალს არ შეუძლია ზღვაში ბანაობა. ისინი სრულიად სამართლიანად არ მიდიან ქალაქის პლაჟზე, რადგან იქ გამოვლენილ უკულტურობას არიდებენ თავს”, - წერს “ისლამნიუსი”.
სწორედ ამის გათვალისწინებით, იმ ქალებს, რომლებიც მკაცრად იცავენ შარიათის კანონებს, მახაჩყალაში სპეციალური პლაჟი გაუხსნეს. ის მახაჩყალის გარეუბანში, იმ ადგილასაა განთავსებული, რომელიც მანამდე უკაცრიელი იყო. პლაჟზე შესვლა ფასიანია და იგი ზღვის მოქცევის ტალღებისგან სპეციალური ჯებირებითაა დაცული.
პლაჟის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა ქალაქის ხელმძღვანელობამაც მიიღო. ქალაქის თავის მოადგილემ, ხანუმა ალიევამ მოიწონა ამ კატეგორიის პლაჟის გახსნა და დაამატა, რომ ამ ადგილის სტუმარი თვითონაც ხშირად იქნება. მისი თქმით, დაღესტნელ ქალებს პლაჟზე ყოფნაში ხელს არამხოლოდ მენტალური თავისებურებები, არამედ საზოგადოებრივი აზრიც უშლის, მისი გახსნა კი მათ და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქალებს შინაარსიანად და უპრობლემოდ დასვენების საშუალებას მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100