თინა კანდელაკი: „რუსეთში საქართველო სააკაშვილით იციან და მეკითხებიან: „ვინ არის ივანიშვილი“?
"პრაიმტაიმნიუსი" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუსთინა კანდელაკთან:
რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველში აქტუალური ფიგურა გახდა. მთავრობის ფორმირების პროცესში სხვადასხვა თანამდებობებზე უამრავი ადამიანის კანდიდატურა გამოიკვეთა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებაში" რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე სწორედ თინა კანდელაკის კანდიდატურა განიხილებოდა, დღეს კი ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ РБК ახალ ხელისუფლებაში კანდელაკისთვის ადგილის შეთავაზებაზე სტატია მოამზადა და აღნიშნა, რომ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს. ამ საკითხზე Prime Time News-ი კანდელაკს პირადად დაუკავშირდა.
- თინა, ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერის პოსტს გთავაზობენ...
- გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე საქართველოს ელჩი ვიქნები რუსეთში. შემდეგ გავრცელდა, თითქოს "რუსთავი 2"-ის ხელძღვანელად ვინიშნები. ყოველდღე ვრცელდება რაღაც ინფორმაცია. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა ინფორმაციას რომ კომენტარი გავუკეთო, მუშაობისთვის დრო აღარ დამრჩება. მოდით მოვუსმინოთ და დავუჯეროთ ფაქტებს.
- ზოგადად, როგორია თქვენი განწყობა საქართველოში მომხდარ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით?
- მე გამოვთქვი ჩემი აზრი Facebook-შიც, Life Journal-შიც, Twitter-შიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ, სასაცილოა ჰკითხოთ ჩემნაირ ადამიანს, როგორი განწყობა აქვს საქართველოში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვარ. საშუალება გამომიჩნდა, დავბრუნდე საქართველოში, უამრავი პროექტი განვახორციელო, რადგან იმედი მაქვს, დღევანდელი ხელისუფლებისგან წინააღმდეგობა არ მექნება. როგორც იცით, ძალიან ბევრი საშუალება მაქვს რუსეთში და შემიძლია ეს ყველაფერი საქართველოშიც განვახორციელო. სერიოზულად ვმუშაობ ტელევიზიის, კომუნიკაციის სფეროში. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებებით საქართველოშიც მემუშავა.
- როგორც აღნიშნეთ, საქართველოში აპირებთ ჩამოსვლას, კონკრეტულად როდის გეგმავთ ამ ვიზიტს?
- მომავალ კვირას აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სულაც არაა აუცილებელი დავინიშნო ელჩად, რადგან ის გავლენა, რომელიც მე რუსეთში მაქვს, მგონია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა გავიგოთ და მივხვდეთ როგორი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან. ამ ყველაფერს ჰქვია ძალიან მარტივი სახელი - კომუნიკაცია. ინფორმაციული კომუნიკაცია საქართველოსა და რუსეთს შორის დარღვეულია. ამისი აღდგენისთვის უამრავი რამ შემიძლია გავაკეთო.
- ხომ არ იგეგმება თქვენი შეხვედრა კოალიციის ლიდერთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან?
- საიდუმლო არაფერია. უკვე არაერთხელ ვესაუბრე ნონა ყანდიაშვილს, ძალიან მინდა, რომ ვრცელი ინტერვიუ გავაკეთო ბიძინა ივანიშვილთან. როგორც კი ამისი საშუალება მომეცემა და ბატონი ბიძინა დროს გამონახავს, აუცილებლად გავაკეთებ. ჩემი პირველი შეხვედრა "ქართული ოცნების" ლიდერთან სწორედ ამ მიზნით შედგება. ჩემი ინტერვიუ მიზნად ისახავს კვლავ კომუნიკაციას. დღესდღეობით მისი არც ერთი წესიერი ინტერვიუ არ დაბეჭდილა, New Times-ი ბეჭდავს რაღაც ნაგლეჯებს, რომლებშიც გაუგებარია ვინ და როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას. ხალხმა არ იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. ხალხს ჰგონია, რომ ყველამ იცის და მხოლოდ მასზე ლაპარაკობენ. პირველი შეკითხვა, რომელსაც მე ჟურნალისტები მისვამენ არის - "ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?" აგიხსნით რატომ: როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთიდან წავიდა, ეს ჟურნალისტები 15 წლის იყვნენ, დღეს რუსი ჟურნალისტების საშუალო ასაკი 30 წელია, ამიტომ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი. პირველი, რაც ქართველებმა უნდა გავაკეთოთ, საქართველოს იმიჯზე უნდა ვიზრუნოთ რუსეთში და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის იმიჯზე, რომელმაც ეს ცვლილებები მოიტანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს საქართველოდან მხოლოდ სააკაშვილი იციან. როდესაც ამ ადამიანს ახსენებ, ხვდებიან, რომ საქართველოზე საუბრობ, მაგრამ მათ არ ესმით, რომ საქართველო არ არის მხოლოდ სააკაშვილი. აქ აღარ ახსოვთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ესტრადა. თუ მე შემეძლება ჩემს სამშობლოს მოვუტანო სარგებელი, ყველაზე აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ამ პროცესებში. უფრო მეტიც, შეგვიძლია შეკითხვა სხვაგვარად დავსვათ: ვინ, თუ არა მე?!
ნანა შონია
კომენტარი