თიბისი ბანკი საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის ჩამოტანას დააფინანსებს
თიბისი ბანკი საქართველოში ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას დააფინანსებს. მემორანდუმს ამის შესახებ ხელი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
მემორანდუიმზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კეკელიძემ და მამუკა ხაზარაძემ გახსნეს ექპოზიცია ქართული ემიგრაციის დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ემიგრანტული ლიტერატურა. კერძოდ, ქართველი ემიგრანტების შთამომავლების მიერ საჩუქრად გადმოცემული არქივები. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებისა და გრიგოლ დიასამიძის არქივები, რომლებიც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების წერილებს, მემუარებს, ნაშრომებს, საქართველოში აქამდე უცნობ დოკუმენტებს მოიცავს.
ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრანტული ლიტერატურის ფონდში ასევე ინახება საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან ჩამოტანილი უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს ქართველ ემიგრანტთა ხელნაწერებს, ემიგრანტულ ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს. მათ შორისაა ნოე ჟორდანიას შთამომავლებისა და დავით საღირაშვილის არქივები, ნუცა ჩოლოყაშვილის მიერ გადმოცემული ლიტერატურა და სხვა მასალები.
ეროვნული ბიბლიოთეკა თიბისი ბანკის მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას.
კომენტარი