სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაფიცვები, პროტესტი, მთავრობის სხდომა და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 15 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

მთავრობის სხდომა კაცნელარიაში. მინისტრთა კაბინეტმა დღეს 23 საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა კომენტარები. წულიკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოტე კუბლაშვილთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, თუ ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით მას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აქვთ ერთნაირი ხედვა.

ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს - უკვე მეხუთე დღეა სტუდენტების პროტესტი გრძელდება. დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან. გამოსვლას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, თუ განათლების სამინისტრო სტუდენტების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

მცხეთაში იუსტიციის სახლის დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული ადასტურებს. ხათუნა ოჩიაურის ინფორმაციით, შენობის დემონტაჟის პროცესს თავად შეესწრო, რის შემდეგაც მან იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ოჩიაურის თქმით, უწყებაში ფაქტის უარყოფის მიუხედავად, დემონტაჟი ახლაც მიმდინარეობს. რწმუნებული აცხადებს, რომ მუშების თქმით, შენობის დემონტაჟი გამგეობის დავალებით ხდება. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთში არსებულ სიტუაციას, ოჩიაურის თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სამსახურიდან რეგულარულად ათავისუფლებენ, ახალი ინვესტიციების ჩადება კი რეგიონში ჯერჯერობით არ ხდება.

შსს-მ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი, ბექა ხოფერია და ერასტი საბანაძე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გაფიცვა ტყიბულში. ძიძიგურის სახელობის მაღაროს 130-მდე თანამშრომელი ხელფასების 50 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გათავისუფლებული მაღაროელების სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს დილით მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს ,რომ გაფიცვაში მონაწილეები სამსახურიდან დაითხოვეს.

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის გამყიდველები გაიფიცნენ. დღეს დილიდან არ ფუნქციონირებს ხორცის სარეალიზაციო 30-მდე პუნქტი. ხორცით მოვაჭრეების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური საქონლის დაკვლის და პროდუქტის ვარგისიანობის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას თელავის ეგრეთ წოდებული სასაკლაოდან ითხოვს.

საქართველოში წითელას დაავადების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ საქართველოში 170 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს გართულებების თავიდან ასაცილებლად იმუნიზაციისთვის მიმართონ პოლიკლინიკებს. თბილისში წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 330 ადამიანი არის აცრილი

კასპის გამგეობასთან, ოლეგ იაძის გადაგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და გამგეობის შენობას ზურგი შეაქციეს. ისინი აცხადებენ, რომ გამგებელს ისევე შეაქცია ზურგი საკუთარმა მოსახლეობამ, როგორც თავად მიაყენა შეურაცხყოფა მოსახლეობას ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით. აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობიდან საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის და მისი მოადგილის გადადგომაც მოითხოვეს. ადრესატები აქციის მონაწილეებს არ გამოხმაურებიან. მათ შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საერთაშორისო პროექტ “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო. შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული. პროექტის ორგანიზატორია „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ კონსორციუმი, ავსტრიის თავადაცვის სამინისტრო და ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემია.

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური დღეს ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მიერ "ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" აღიარების შესახებ. "ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტის" მფლობელებს ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას საზღვრის კვეთის დროს სპეციალური ვიზის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფთან, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობის ფონდში სიტყვით გამოვიდა. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ახალი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სფეროში დაწყებულ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, კოჰაბიტაციის პროცესზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტების შეკითხვებსაც უპასუხა. ქართველი პარლამენტარები კონგრესმენებს შეხვდნენ. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა, მოლაპარაკებებზე მთავარი თემები სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა იყო.

თბილისის მერმა ვაკის რაიონის მოსახლეობას ახალი გამგებელი ბაჩო დოლიძე წარუდგინა. გიგი უგულავა და ბაჩო დოლიძე სანდრო ეულის ქუჩაზე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს.

იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ანტინარკოტიკული ცენტრი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვება და უსასყიდლოდ განახორციელებს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სოციალურ რეაბილიტაციას. ყოფილ მსჯავრდებულებს ცენტრი ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევს. იუსტიციის სამინისტრო ანტინარკოტიკულ ცენტრს ყველა იმ მონაცემს მიაწვდის, რომელიც სასჯელმოხდილი პირების დახმარების პროგრამისთვის იქნება საჭირო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100