სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური თბილისის საკრებულოში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 29 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ხმაური დედაქალაქის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს წევრების დაკითხვაზე დაბარებამ დღევანდელ მოვლენებს შორის ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საკრებულოს 6 წევრი საგამოძიებო ორგანოში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნული ფაქტის შეფასებისას "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ მოტივზე გააკეთა აქცენტი, რის შემდეგაც საკრებულოს ნაციონალი დეპუტატების დაკითხვაზე დაბარების გამო თანამდებობიდან გადაგომის გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე 24-კაციანი კვორუმით დაამტკიცა, რომ სამადაშვილი თანამდებობაზე დარჩება.

"ნაციონალური მოძრაობა" პედაგოგებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. პარტიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას მიმართა. ოპოზიცია აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტებისას ნაძალადევის რაიონის სკოლებში მომუშავე იმ 27 პედაგოგს, ვინც წინა არჩევნებზე მათი სახელით კომისიაში იყო, დირექტორებმა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობისგან თავის შეკავება ურჩიეს. უწყებათაშორისი კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დღეს სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ვერსიას ყველა მათგანი კატეგორიულად უარყოფს. კომისია რეკომენდაციას აძლევს განათლების უწყებას შუალედური არჩევნების შემდეგ ყველა იმ პედაგოგის მდგომარეობა შეისწავლოს, ვინც რომელიმე პარტიის სახელით საუბნო კომისიების ან სხვა პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა.

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა. სამართალდამცავები უმაღლეს სასწავლებელში ფინანსურ ოპერაციებს სწავლობენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება უნივერსიტეტიდან შესული განცხადებების საფუძველზე დაიწყო. უმაღლესი სასწავლებლიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია. თელავის უნივერსიტეტის პრორექტორი კი უმაღლეს სასწავლებელში დაწყებულ გამოძიებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაგრძელებად აფასებს.

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთის რაიონში - სოფელ ლიხაურში სამი ნიღბიანი ოჯახში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლა მაშინ მოხდა, როცა ოჯახის წევრებმა შეიარაღებულ პირებს წინააღმდეგობა გაუწიეს. დაჭრილია ერთი ადამიანი. თავდამსხმელებმა სახლიდან ვერაფერი წაიღეს. დაზარალებული ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ოპერაციის შემდეგ ის რეანიმაციაშია. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საკადრო ცვლილების მიზეზი გახდა ის პრობლემები და უთანხმოება, რომელიც ბოლო პერიოდში სასწრაფოს ექიმებსა და ადმინისტრაციას შორის გაჩნდა. შალვა ბრაჭული მმართველობით საბჭოს და თანამშრომლებს მამუკა ქაცარავამ წარუდგინა. ახალი დირექტორი აპირებს მთლიანად შეცვალოს ავტოპარკი. ის აცხადებს, რომ შეხვდება ყველა თანამშრომელს და ინდივიდუალურად მოისმენს სტრუქტურაში არსებულ პრობლემებს.

სოციალურად დაუცველების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ამ დრომდე გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფაა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.

გუშინ, გვიან ღამით ე.წ.ზაკვოს შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ქაშვეთის უკან მცხოვრები სოციალურად დაუცველები შეუერთდნენ, რომლებიც ამ დრომდე კარვებში ცხოვრობდნენ და მათ ამ კარვების დაცლა მოსთხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ გიორგი კაკაჩიას განცხადებით, პენსიები და სოციალური დახმარება აპრილის თვიდან გაიზრდება, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, რომ თითოეულ მათგანს საცხოვრებელი ფართი გამოუყოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში იმყოფებოდა. დავით კირვალიძე სოფელ შალაურში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო, მინისტრი ასევე მოსახლეობას შეხვდა და სასოფლო სამეურნეო ვაუჩერის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სოფელ შალაურში 35 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა უკვე. დავით კირვალიძე დღესვე კახეთის რამდენიმე სოფელში დაესწრო საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას.

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე. ქარხნის მუშები ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. საამქროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი მიზერულია არ აქვთ დაზღვევა, ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი. მათი განმარტებით,მუშაობას არ აღადგენენ მანამ,ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მოთხოვნები ობიექტურია. ამბობს, რომ ხელფასების გაზრდასაც აპირებს, მაგრამ - თვენახევარში.

მძღოლები პროფკავშირს ქმნიან. შრომითი უფლებების დაცვა ის მთავარი მიზანია, რომლის გარშემოც თბილისის მიკროავტობუსებზე და საქართველოს სხვა სატრანსპორტო მიმართულებებზე დასაქმებულები ერთიანდებიან. დღეს პროფკავშირების წევრები კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ და სპეციალური განცხადება გააკეთეს.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა დასრულდა. "ეჯაილ სპირითის" დახურვას თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის გენერალიტეტი დაესწრნენ. რამდენიმეკვირიანი სწავლების მიზანი ქართულ-ამერიკული დანაყოფების თავსებადობის ამაღლება იყო. სამხედროებმა ივარჯიშეს და გაიარეს ის უნარები, რაც მათ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს დასჭირდებათ. ტრენინგში მედიაც მონაწილეობდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უკვე განთავსდა ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელიც მათ არჩევის საშუალებას მისცემს. ჩამონათვალში მითითებულია ყველა უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამა, სადაც აბიტურიენტებს 2013 წელს ჩაბარება შეეძლებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 1 აპრილს დაიწყება, რომელიც 20 აპრილამდე გაგრძელდება. რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს, მათთვის უახლოეს მომავალში სარეგისტრაციო პერიოდი გამოცხადდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100