პაპუაშვილი ოპოზიციაზე: რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, მათ პასუხს მოსთხოვენ
"რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას მოსახლეობა "პასუხს მოსთხოვენ".
ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების პოლიტიკის მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. ცხვრის ქურქის მოსხმის ეს ტაქტიკა ოპოზიციის მხრიდან ახალი არაა, ეს მათი ნირი და წესია.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად დადგა მომენტი, როდესაც მათ მოუწევთ, რომ მოსცილდნენ საკუთარ ფეისბუკ-გვერდებს, გამოვიდნენ საკუთარი ტელევიზიების სტუდიებიდან და ხალხს დაელაპარაკონ. და განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კომენტარი