სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ხალხის ენაზე ამას უკანალის თამაში ჰქვია“

„ვინ მისცა ამ რუსეთუმე პოლიტიკოსებს იმის უფლება, რომ გაიძახიან: თუ რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და შიდა ქართლის მთიანეთს, მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზეო. მინდა ვუთხრა ამ ვაიპოლიტიკოსებს: ქართველმა ერმა რეფერენდუმზე უკვე გამოხატა თავისი ნება - საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და თქვენ ვინ გკითხავთ ნატოში შესვლა-არშესვლის ბედს რომ წყვეტთ?“, - აცხადებს „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას `მერაბ კოსტავას საზოგადოების~ წევრი, დავით კუპრეიშვილი.
„დრონი.ჯი“: ბატონო დავით, როგორია „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ პოზიცია ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკაზე?
დავით კუპრეიშვილი: დღეს ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს რომ ჰკითხო, როგორი შეხედულებისა ხარ ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობაზეო, უმალ გიპასუხებს: ვაჟა-ფშაველა გენიალური მოაზროვნე და დიდი პატრიოტი იყოო, მაგრამ რატომღაც არავის ახსოვს ვაჟას უმთავრესი ცხოვრებისეული კრედო და პოსტულატი: „ბილწთ არ შავეკვრი ზავითა“.
ოც წელზე მეტია ქართულ პოლიტიკაში მყარად დამკვიდრდა მაკიაველისეული „მიზანი ამართლებს საშუალებას“. სწორედ ამიტომაცაა, რომ ძალაუფლების მოპოვების წყურვილით (ძალაუფლება კი დიდძალი ქონების შოვნის ყველაზე ადვილი საშუალება გახდა) გონებადაბინდული ქართველი პოლიტიკოსები ყველაფერს კადრულობენ: ისე უსირცხვილოდ შეუძლიათ შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები ყოველწამიერად, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. რუსთველი ამას სიძვას უწოდებდა, ჩვენს პოლიტიკოსებთან მიმართებაში კი ამას პოლიტიკური პროსტიტუცია ჰქვია.
ამის ნათელი მაგალითია ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის მუცელზე ხოხვა ჩრდილოელი დამპყრობლის წინაშე. პოლიტიკოსთა ენაზე ამას - კოლაბორაციონიზმი, ხოლო ხალხის ენაზე ამას „უკანალის თამაში“ ჰქვია.
ვინ მისცა ამ რუსეთუმე პოლიტიკოსებს იმის უფლება, რომ გაიძახიან: თუ რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და შიდა ქართლის მთიანეთს, მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოში შესვლაზეო. მინდა ვუთხრა ამ ვაიპოლიტიკოსებს: ქართველმა ერმა რეფერენდუმზე უკვე გამოხატა თავისი ნება - საქართველოს მოსახლეობის 77%-მა ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და თქვენ ვინ გკითხავთ ნატოში შესვლა-არშესვლის ბედს რომ წყვეტთ?
მეორეც - საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სამ საუკუნეზე მეტს ითვლის და დამისახელონ თუნდაც ერთი შემთხვევა, როცა ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთმა ერთხელ მაინც შეასრულა საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
რუსეთთან 300-წლიანი ურთიერთობა - ეს არის რუსეთის მხრიდან ღალატზე, ორპირობასა და სიცრუეზე დაფუძნებული ურთიერთობა: ქართველთა გადაჯიშების, ქართული ენის წართმევის, ქართული სამოციქულო ეკლესიის გაუქმებისა და სხვა მრავალი უბედურების უამრავი მცდელობა.
- რუსეთზე შეყვარებული პოლიტიკოსები და ინტელიგენციის ნაწილი ამ არგუმენტებს არასაკმარისად მიიჩნევს. კიდევ რა არგუმენტები შეგიძლიათ მოიყვანოთ იმის დასტურად, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში მტრულია?
- როგორც ცარიზმის დროს, საბჭოთა რუსეთიც განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას. ვინაიდან იცოდა, რომ ვის ხელშიც იქნებოდა საქართველო, იმის ხელში იქნებოდა წინა აზიაც. ამიტომ მართავდა თბილისიდან მთელ კავკასიას მეფისნაცვალი, სსრ კავშირის დროს ყველაზე მეტი სამხედრო ბაზა საქართველოში იყო, ყველაზე მეტი აგენტურა რუსეთის იმპერიას საქართველოში ჰყავდა. დღეს ეს აქტიურობა მიმართულია საქართველოს დაშლისაკენ კონფედერაციულ ერთეულებად.
დღეს იმის მტკიცება, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მასთან მოლაპარაკების გზით, ან სიბრიყვეა, ან შეგნებული მტრობა, არც ერთ ამ შემთხვევაში ასეთ პოლიტიკოსებს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არა აქვთ. საქართველოსთვის აღარასოდეს ამობრწყინდება მზე ჩრდილოეთიდან, რადგან თავად რუსეთის მზე ჩაესვენა სამუდამოდ.
2004 წლის აპრილში მოსკოვის ტელევიზიით ორი რუსი პოლიტოლოგი გამოვიდა, რომლებიც ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ღია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუსეთის დაშლის გეგმას, რომელიც 2014 წლამდე უნდა განხორციელდეს. ეს გეგმა მეთოდურად ხორციელდება და არ დასრულდება მანამ, სანამ რუსეთის ხელში თუნდაც ერთი ბირთვული ქობინი იქნება.
კლინტონსა და ელცინს შორის დაიდო ხელშეკრულება ბირთვული ქობინების შემცირების თაობაზე და ქობინები ორივე სახელმწიფოს აქვს სამ-სამი ათასამდე. ახალი ხელშეკრულებით კიდევ უნდა განახევრდეს მათი რაოდენობა, ეს ხელშეკრულება არ არის ჯერ ხელმოწერილი. სწორედ ამ ქობინების არსებობაზეა დამოკიდებული რუსეთის არსებობის ვადა.
2008 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთში დაიწყო საუბარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე, რუსმა პოლიტოლოგებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ეს პოლიტიკა რუსეთს დაშლიდა. 2008 წლის აგვისტოში პირველმა, ვინც რუსეთისგან გამოყოფა მოითხოვა, თათარსტანი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური ომი დაიწყო. როცა მთელი რუსეთის პოლიტელიტა ამტკიცებს - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაღუპავს რუსეთსო, მედვედევ-პუტინის დუეტი მაინც ამას შეგნებულად აკეთებს, ე.ი. მათ სურთ რუსეთის დაშლა.
- დღეს რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მოსკოვში ჩადიან და კრემლის ხელისუფლებას ხვდებიან, ამაზე როგორია თქვენი შეფასება?
- „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ დაარსების დღიდან მომხრეა, რომ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იყოს დასავლეთისკენ. ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა აშშ-ია. 2008 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ქარტია. ჩვენთვის მიუღებელია იმ პოლიტიკურ ძალთა თანამშრომლობა ოკუპანტ რუსეთთან, რომლებიც დღეს ჩადიან კრემლში. ეს არის აგენტურა.
პარლამენტის სხდომაზე, როცა ჩვენი პარტია დეპუტაციით იყო წარმოდგენილი, აკვირდებოდა პროცესებს. მაშინ ზოგიერთი პარტია საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე საუბრობდა. ამ პოზიციას `მერაბ კოსტავას საზოგადოება~ წინ აღუდგა. ეს ნამდვილად დამღუპველი გეგმაა. ახლაც პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვში დადიან, ცდილობენ საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ნოღაიდელმა ღიად მოაწერა ხელი დოკუმენტს რუსეთის მმართველ პარტიასთან, ეს არის სამშობლოს ღალატი.
- არსებობს იმის საფრთხე, რომ გადატრიალების გზით რუსეთისაგან მხადაჭერილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში?
- საქართველოში ბევრია საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, რომლებსაც ენატრებათ საბჭოთა პერიოდი. სამარცხვინოა ის, რომ ინტელიგენციას ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს, თუ რა დევნას განიცდიდა ქართული კულტურა, დღეს ისევ ლტოლვა რუსეთისკენ მიუღებელია, არსებობს ამის საშიშროება, მით უმეტეს, რომ რუსეთი არ მალავს სურვილს, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ჩურკინმა ღიად განაცხადა ამის შესახებ. თუ პოლიტიკური გზით ამას ვერ შეძლებს, მაშინ სამხედრო გზით შეეცდება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, საქართველოს სუვერენიტეტის გარანტია არის აშშ და ევროპის სახელმწიფოები.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100