სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მღვდელმონაზონი კონსტანტინე: 70 დეპუტატს ამბიონიდან დავწყევლით

რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების არ გაუქმების შემთხვევაში ქართული სამღვდელოება ამბიონიდან იმ 70 დეპუტატს დაწყევლის, რომლებმაც ხმა მისცეს აღნიშნული კანონის მიღებას. ეს განცხადება დღეს სამების ლავრის მღვდელმსახურმა, მღვდელმონაზონმა მამა კონსტანტინემ გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის დეპუტატების დაწყევლა იქნება პასუხი იმ ქმედებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ.

„მიღებული კანონი არის ღალატი. ისინი ამას ეძახიან დემოკრატიას, თუმცა მას ჰქვია დემონკრატია. თუ ისინი არ გააუქმებენ მიღებულ კანონს, ქართული სამღვდელოება დასწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლის ტექსტს და ეს იქნება სამღვდელოების პასუხი ხელისუფლების არაქრისტიანული ქმედების მიმართ“, - განაცხადა მამა კონსტანტინემ და დასძინა, რომ საქართველოში ჯერ არ გაუხარია ისეთ ადამიანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას. მან ამის მაგალითად ნოე ჟორდანია მოიყვანა, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ქართული ეკლესიის უარყოფის გამო არ არის დაკრძალული საქართველოში.

ამ დროისათვის მეტეხის ხიდზე ათასზე მეტი მართლმადიდებელი მორწმუნეა შეკრებილი, რომლებიც პარლამენტის მიერ რელიგიური კონფესიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად ბიომეტრიული პასპორტების სავალდებულო შემოღებას აპროტესტებენ. მეტეხის ხიდზე მყოფი სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი ხვალისთვის დაგეგმილ სინოდის კრების გადაწყვეტილებას დაელოდებიან, სადაც გადაწყდება რა ფორმით უნდა გაგრძელდეს პროტესტი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100