სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძის პასუხი სალომე ზურაბიშვილს

დღეს ჟურნალისტებთან საუბარისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ კომენტარი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ შეთავაზებაზე გააკეთა, სადაც ზურაბიშვილი ბურჯანაძეს დებატებს სთავაზობს.

„ძალიან უცნაურია, რაზე უნდა ვედებატო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ნამდვილად არაფერი მაქვს მასთან სადებატო და მიკვირს, რომ მისი მხრიდან ასეთი წინადადება იქნა შემოთავაზებული.

მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დებატები უნდა შედგეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა და პირიქით, მივესალმებოდი თუ ქალბატონ სალომეს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ცუდი, ქალბატონ სალომეს თავად მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სხვაგვარად არ მოხერხდა მისი პრეზიდენტად კენჭისყრის საკითხი და ეს ამდენი სპეკულაციების საგანი არ გამხდარიყო. რეალურად გასაღები ქალბატონი სალომეს ხელში იყო და ასეთ შემთხვევაში მე აუცილებლად მივიღებდი მასთან დებატებში მონაწილეობას. ახლა, ვინაიდან არის წინასაპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებთან დებატებში და იმედი მაქვს, რომ მათ არ შეეშინდებათ და ამაზე უარს არ იტყვიან”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არავის უპირისპირდება და თუ ვინმეს რაიმე აწუხებს, ეს მათი პრობლემაა. მისი თქმით გაცილებით უფრო მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ჭორებზე და არასერიოზულ განცხადებებზე აყოლაა.

„ახლა არის საპრეზიდენტო კამპანია. მე მაქვს ძალიან ნათელი პროგრამა და ხედვა, თუ როგორ უნდა გადავარჩინო ჩვენი ქვეყანა. მე ვხედავ, რომ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისა მხარს მე მიჭერს და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში იქნება მეორე ტური, სადაც მე აუცილებლად გავიმარჯვებ. ეს არის ახლა ჩემი მთავარი ამოცანა და არა ის, რომ რაიმე გაუგებარ განცხადებაზე კომენტარები ვაკეთო.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს იმავე ბრალდებებს, რომლის გამყარებაში ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან ბევრი ფული გადაიხადა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ როგორმე მოეკერებინათ ჩემთვის პრორუსული პოლიტიკოსის იარლიყი.

სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომეც ამ რიგში ჩაეწერა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, მე ვარ ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსი და ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გაკეთდება ყველაფერი ის, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში შედის“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100