კომპანია „არემჯის“ პასუხი „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ბრალდებებზე
ბოლო პერიოდში „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ მხრიდან, კომპანია „არემჯის“ მისამართით არაერთი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა (მაგ: თებერვლის შუა რიცხვებში, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ ცალკეული წევრები აცხადებდნენ, თითქოს ყაჩაღიანის უბანზე მიმდინარე სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა „მნიშვნელოვანი არტეფაქტები“). მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ღიად მოსთხოვა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ან ინფორმაციის უარყოფა, დღეს ისინი მედია საშუალებით კვლავ განაგრძობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და კომპანიის მისამართით მორიგი ბრალდებების წარდგენას.
სწორედ ამ დაუსაბუთებელი ბრალდებების რიცხვს მიეკუთვნება გუშინ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „არემჯი“ გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მალულად, მათი გვერდის ავლით გეგმავს.
კომპანიას სურს განაცხადოს, რომ არ მიიღებს შენიშვნებს და უსაფუძვლო ბრალდებებს, ისეთი არაკომპეტენტური ჯგუფისგან, როგორიც „საყდრისის გადარჩენის კომიტეტია“. გარემოსდაცვის კუთხით მათი არაკვალიფიციურობა სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, რომელსაც კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავდა, არაერთხელ გამოვლინდა. ჩვენთვის ნათელია, რომ კომიტეტის წევრებს აღნიშნულ ჯგუფში ყოფნა, მხოლოდ არეულობისა და მხარეებს შორის დაპირისპირების წაქეზების მიზნით სურთ.
კომპანია „არემჯი“ აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მას დაბა კაზრეთისა და მთლიანად ბოლნისის რაიონის წინაშე აკისრია. სწორედ ამ პასუხისმგებლობის და არა „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების“ ან სხვა ცალკეული ჯგუფების უსაფუძვლო ბრალდებების გამო, კომპანიამ, „არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება გადაწყვიტა.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორგანიზაცია, რომელიც აუდიტს ჩაატარებს ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა და საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტორები მიიღებენ მონაწილეობას. გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად აპელირებენ სხვადასხვა ექსპერტების ეროვნებაზე
კომპანია „არემჯისთვის“ მთავარი კრიტერიუმი აუდიტორების შერჩევისას იყო მათი პროფესიონალიზმი და არა მხოლოდ წარმომავლობა.
მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - აიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ კომპანია „არემჯის“ ჩასატარებელი აუდიტის გეგმას წარუდგენს, პროექტში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები და „არემჯის“ წარმომადგენლები ერთობლივ, საჯარო პრეზენტაციას გამართავენ.
კომპანია „არემჯის“ სურვილია, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოება ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას აუდიტის მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული აუდიტის სრულფასოვნად ჩატარებით და შემდგობში გარემოსდაცვითი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, „არემჯის“ სურს წერტილი დაუსვას რეგიონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობით სპეკულირებას და სამომავლოდ გახდეს ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გამორჩეული იქნება გარემოს დაცვის კუთხით.
კომენტარი