დავით ბაქრაძე კახა კალაძეს: „მილანის“ მწვრთნელს უთქვამს, კარში ჩადექიო?“
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კახი კალაძეს პატივს სცემს როგორც ფეხბურთელს, მაგრამ მის ენერგეტიკის მინისტრობას მხარს ვერ დაუჭერს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბაქრაძემ კალაძე შეაფასა როგორც კარგი ფეხბურთელი, თუმცა აღნიშნა, რომ მას ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება არ აქვს.
,,მე ძალიან დიდ პატივს ვცემდი კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ვგულშემატკივრობდი ,,მილანს“ სწორედ იმიტომ, რომ ის იქ თამაშობდა. მაგრამ კახი, ,,მილანის“ მწვრთნელს რომ ეთქვა შენთვის, მცველი კი ხარ, მაგრამ ახლა კარში ჩადექიო და ერთ თვეში ბურთის დაჭერას გასწავლიო, ეს სწორი იქნებოდა? ასე, რომ ამ პრინციპით, რომ საქმე ჯერ არ იცის, მაგრამ ისწავლის, მხარს ვერ დაგიჭერთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძის საპასუხოდ უმრავლეობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კახი კალაძე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანად დაახასიათა, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იმსახურებს და ამას სულ მალე ყველას დაანახებს, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა კალაძეს ნიჭიერი ადამიანი უწოდა და აღნიშნა, რომ ის „მალე ყველას გაასწრებს“.
კომენტარი