სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება

13 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება.

მასშტაბური პროექტი სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A და C ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 380 მილიონი დოლარია.

„საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის წარმოდგენილი. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”. კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100