სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გვასწავლის უკრაინის მაგალითი?

მეოცე საუკუნე იყო კოლონიური რეჟიმების მსხვრევის და მათ მონობაში მყოფი ხალხების და სახელმწიფოებს განთავისუფლების საუკუნე. ვერ ასცდა ეს ცუნამი ყველაზე სასტიკ და ბოროტ – რუსეთის იმპერიასაც. თუმცა მისი საბოლოო დაშლის პროცესი ჯერაც არ არის დამთავრებული.

მიუხედავად ამისა, რუსეთის იმპერიული წრეები ცდილობენ კვლავ შეაკოწიწონ მეოცე საუკუნის ბოლოს დამსხვრეული იმპერია და ახლა უკვე ახალი აბრევიატურით – ევრაზიის კავშირით – შეიტყუონ ყოფილი კოლონიები ამ კავშირში.

საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელიც ატარებს გარკვეულ ღონისძიებებს (რომელიც ჩვენი აზრით ნაკლებად ეფექტურია), რომ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ახალი სახელმწიფოები საბოლოოდ განთავისუფლდნენ რუსეთის გავლენის სფეროებისგან, ჯერჯერობით შეძლო მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის გადარჩენა ამ საფრთხისგან. დანარჩენი 12 ქვეყანა, რომლებიც აღიარებული არიან საერთაშორისო თანამგობრობის და მსოფლიო ინსტიტუტების მიერ, კვლავ ამ საფრთხის წინაშე დგანან. უფრო მეტიც რუსეთის იმპერიული წრეები ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთმანეთს წაჰკიდონ ეს ქვეყნები (აზერბაიჯანი და სომხეთი) ომით მიიტაცონ ამ ქვეყნების ტერიტორიები (საქართველო) და დაანაწევრონ ისედაც პატარა სახელმწიფოები (მოლდავეთი).

რუსეთის სახელმწიფოს ლიდერმა პუტინმა, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურების პოლკოვნიკია, იმ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში, რომელთაც არ უნდათ მოუსმინონ მას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, გააფართოვა აგენტურული საქმიანობა რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ, მოისყიდა და ოპოზიციურ ძალებში ჩანერგა თავისი აგენტები და მათი მოქმედებით მიაღწია ამ ქვეყნებში დესტაბილიზაციას, აიძულა ამ ქვეყნების მთავრობები დაეშვათ შეცდომები უსასრულოდ გაგრძელებული და აგრესიულად განწყობილი მიტინგების და დემონსტრაციების მონაწილეთა დაშლისას, რამაც გავლენა იქონია ამ ქვეყნების ევროპულ ორგანიზაციებში გაერთიანებაზე. საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის გარდა ამ სიაში მოხვდა ბელორუსიაც, რომელსაც თავის დროზე გულწრფელად სურდა ევროპულ ოჯახში შესვლა და რუსეთის კლანჭებიდან თავის დახსნა. დღეს ისე როგორც სომხეთი, ბელორუსიაც „საიმედოდაა“ მოქცეული რუსეთის იმპერიულ საცეცებში.

ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ფარდა აეხადა პუტინ–იანუკოვიჩის ფარულ გარიგებებს უკრაინის მომავალ ორიენტაციაზე. მართალია იანუკოვიჩი საგანგებოდ მალავდა ამ საიდუმლოს და ყველაფერს ისე წარმოაჩენდა, რომ ის და მისი მთავრობა უკრაინის ევროპულ ორგანიზაციებში გაერთიანების მომხრე იყო (ღმერთმა დაგვიფაროს რომ საქართველოშიც ასეა), მაგრამ დაკვირვებული ანალიტიკოსის თვალი კარგად ხედავდა რომ, იანუკოვიჩი, რომელიც ყოველთვის პუტინის მარიონეტი იყო, პუტინის თამაშს თამაშობდა.

როცა საქმე საქმეზე მიდგა და უკრაინის ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დრო დადგა, იანუკოვიჩმა და მისმა კოალიციამ რადაში ჯერ ჩააგდეს კანონის პროექტი, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნით ყოფილი პრემიერ–მინისტრის სამკურნალოდ გაშვებას ეხებოდა, ხოლო შემდეგ „გაუგებრობის“ თავიდან ასაცილებლად არ დაელოდა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებას და თვითონ გაგზავნა თხოვნა, რომ ამ სამიტს უკრაინის ასოცირების საკითხი არ განეხილა. იანუკოვიჩის განცხადება რომ მან ეს გააკეთა რუსეთის ზეწოლის გამო მორიგი ფარსია და პუტინთანაა შეთანხმებული. ამრიგად, პუტინმა კიდევ ერთი სახელმწიფოს ევროპული გზიდან აცდენა შეძლო. დრო და უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები წარმოაჩენს რა შედეგები დადგება იანუკოვიჩის ამ მოღალატური საქციელის გამო. ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პუტინი სერიოზულად ემზადება ყოფილი საბჭოთა კავშირის კოლონიების „ერთ ოჯახში“ გასაერთიანებლად და ყველა თამაშს უგებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც რუსეთის ყოფილ კოლონიებს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს თხოვს.

უფრო ტრაგიკულია საქართველოს და მისი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც პუტინის მორიგი სამიზნეა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებით, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის არჩევნებით გამოწვეული დესტაბილიზაციით, პუტინმა შეძლო 2008 წლის აპრილის ნატოს სამიტზე შეეჩერებინა საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების პროცედურა. ყველას გვახსოვს მიზეზი – ქ–ნი მერკელის განცხადება – საქართველოში შიდაპოლიტიკური აშლილობის და დემოკრატიის ნორმების დარღვევის შესახებ. ამით პუტინმა საფუძველი მოამზადა იმავე წლის აგვისტოში დაუსჯელად დაერღვია საქართველოს საზღვრები და მიეტაცებინა აფხაზეთი და სამაჩაბლო. შემდგომში ბატონმა პუტინმა უფრო გააფართოვა თავისი აგენტურა და გამუდმებული, გარედან მართული აგრესიული ოპოზიციის მეშვეობით, მიაღწია გავლენა მოეხდინა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სერიოზული დესტაბილიზაციის ფონზე შეძლო სახელი გაეტეხა და ხელისუფლებისგან ჩამოეშორებინა ის ძალები, რომლებმაც რუსეთის ამ არნახული ზეწოლის, ბლოკადების და ომის პირობებში, შეძლეს ძირეული სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება, რომელიც მოიწონა ავტორიტეტულმა მსოფლიო ინსტიტუტებმა, შექმნეს სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები და არშემდგარ სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა დაუბრუნეს, მოსპეს კორუფცია და ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო გახადეს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას თან ახლდა შეცდომები და დანაშაულობები, რადგან ძნელია ქვეყნის და ხალხის, ასეთ მოკლე დროში, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა. ამას, თუმცა არ აღიარებს, მაგრამ კარგად ხედავს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც უშვებს ისეთ შეცდომებს, რაშიც წინა ხელისუფლებას სდებს ბრალს და მუდამ აპელირებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება უფრო მეტს უშვებდა. მაგრამ ის ძნელი 9 წელი იყო და არა მშვიდობიანი ერთი წელი.

დღეს საქართველოს ხელისუფლება და ხალხის დიდი ნაწილი მოქცეულია რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დიდი გავლენის ქვეშ, რომლის უმთავრესი ამოცანაა „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების“ გადაუდებელი აუცილებლობა, რაც ეჭვ ქვეშ აყენებს ქვეყნის მომავალს, მის ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში. „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“ და პარალელურად ევროპულ ორგანიზაციებში და ნატოში გაერთიანება ურთიეთრ გამომრიცხავი ცნებებია და ამაზე მკაცრად გვაფრთხილებს თვით რუსეთი. დღეს ჩვენ არ ვიცით სად გადის რუსეთთან ლოიალობის და ლაციცის ზღვარი, რა შედეგს მოიტანს ის და ხომ არ ნიშნავს ეს ჩვენი რუსეთთან დღეს არსებულ პრობლემებთან შერიგებას და მის დიდი ხნით გადადება–დავიწყებას?

ბატონი ივანიშვილის ხელდასმული ახალი მთავრობა განუხრელად აპირებს „ბატონი ბიძინას ყველა მითითებების შესრულებას“ და ამასთან ერთად „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით გვპირდება ახალ რეპრესიებს და წინა მთავრობის ცნობადი სახეების ახალ დაპატიმრებებს. ხომ არ არის ეს ყველაფერი მორიგი ავანტიურა იმ მიზნით, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ევროპულ ორგანიზაციებთან, ისე როგორც უკრაინას, შეექმნას პრობლემები და ის საბოლოოდ ჩამოაშორონ ევროპას და გზა გაუხსნან ევრაზიის კავშირში?

უკრაინის მაგალითი ჩვენთვის გამაფრთხილებელი სიგნალია და ბევრ კითხვებს აჩენს ჩვენი ხელისუფლების მომავალ საგარეო პოლიტიკურ სვლებთან დაკავშირებით მიმაჩნია, ის ხალხის და ოპოზიციის მუდმივი ოპონირების რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. პირველი და კარგი ნაბიჯი ამ კუთხით იქნება თუ ახალი მთავრობა პარლამენტთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით წინასწარ შეთანხმებული ტექსტით, სამების საეკლესიო ტაძარში, მისი უწმინდესობის ლოცვა–კურთხევით ღმერთის და ხალხის წინაშე დადებენ ფიცს, რომლის მთავარი გზავნილი იქნება რომ ისინი არ უღალატებენ საქართველოს ინტერესებს და მიიყვანენ ქვეყანას ევროპულ ორგანიზაციებში და ნატოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100