სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტევების გარეშე მარხვა აზრს კარგავს

დღეს მართლმადიდებელ სამყაროში, დიდმარხვის დაწყების წინა კვირა დღეს, საყოველთაო მიტევების დღეა. ამ დღის ქადაგებაში, საუკუნის წინ, მღვდელმთავარი გაბრიელი საგანგებოდ მოძღვრავდა მრევლს და მოუწოდებდა:

1.პირველ ყოვლისა, მიეტევებინათ ერთმანეთისთვის ყოველი შეცოდებანი და შერიგებულიყვნენ, რადგან, ვინც გულში დაიტოვებდა მტრობას, შურს, უკმაყოფილებას, მას ამაოდ ჩაუვლიდა მარხვა: „ყოველი კაცი უნდა გიყვარდეს. ყოველი კაცის ბედნიერება უნდა გსურდეს და გიხაროდეს, და ყოველი კაცის მწუხარება და უბედურება შენთვისაც სამწუხარო უნდა იყოს, და ესრეთ კეთილ-განწყობილმან, მშვიდობიანითა გულითა შეუდექი მარხვასა და ლოცვასა“

2. მარხვაში მარტოოდენ საჭმელი კი არ გამოეცვალათ და მოეკლოთ, არამედ საკუთარი ზნე, უკეთური მიდრეკილებანი და ჩვეულებანი: „ვინც ამპარტავანი არის, სიმდაბლე შეიძინოს ამ დიდ-მარხვაში: ანგაარმა კაცმა, უანგარობა მოიგოს, ანჩხლმა და მაშფოთარმა სიმშვიდე, მემთვრალემ, მუცლის მონამ, ფხიზლობა, ზომიერება, ცრუ და უმართლომ გულწრფელობა და სიმართლე შეიყვაროს; თუ ვინმემ სხვისი რაიმე მიითვისა უმართლოდ, დაუბრუნოს. ეს იქნება ჭეშმარიტი მარხვა!“

3. ელოცათ ბეჯითად და ჰქონოდათ წრფელი სინანული; ლოცვა ყოფილიყო მათი სულითა და გულით. ცრემლი იქნებოდა მონანიე სულის მანიშნებელი: „მიცვალებულის ტირილზედ რომ წახვალ, მიცვალებულის კუბოსთან რომ დაიჩოქებ, მაშინ მრავალს ცრემლს გადმოღვრი სრულიად უსარგებლოდ; და შენი სულისათვის ერთხელაც ერთი ცრემლიც არ მოგსვლია. გებრალება მიცვალებული და მისი მონათესავე მოტირალნი? და შენი სული არ გებრალება? ისიც მკვდარია მრავალთა ცოდვათაგან და საუკუნო სიკვდილი მოელის მას, თუ ლოცვაში არ იტირე.“

4. დაბოლოს, მარხვა უნდა დაგვირგვინებულიყო აღსარებითა და ზიარებით, რათა უზიარებლად არავინ განშორებოდა ამა ქვეყანას: „კაცი საღამოს მხიარული იყო და ძრიელი, დაწვა ლოგინზე და ძილში განუტევა სული უაღსარებოდ და უზიარებლად, ანუ სუფრაზედ დაჯდა, მხიარულად იყო და საშუალ სადილისა ცუდად იგრძნო თავი თვისი, ადგა და ორი საათიც აღარ გაუტარებია, გარდაიცვალა გარეშე ყოვლისა მომზადებისა და აღსარების თქმისა. შენც კაცი ხარ, ძმაო! ვინ იცის სად და რა სახით შეგემთხვევა სიკვდილი.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100