სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ხადური ახალი რეგულაციით უკმაყოფილო მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს. მეწარმეები უკვე 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ ფინანსთა მინისტრთან და მთავრობის მეთაურთან შეხვედრას. ისინი აპროტესტებენ მინისტრის გადაწყვეტილებას უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების შესახებ და საკუთარი არგუმენტების ხელისუფლებისთვის გაცნობას ცდილობენ.

„გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი.“ - მიმართავენ ბიზნესმენები ირაკლი ღარიბაშვილს.

რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტრომ აქცია მოაწყო. მინისტრი ჟურნალისტებთან ერთად კომპანია „ზედაზენს“ ესტუმრა და ახალი სლოგანი გააჟღრა - „მე გავიარე მარკირება და ვემსახურები ხალხის ინტერესებს“. მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ აქცია ცინიკური იყო და საზოგადოების შეცდომაში შყვანას ემსახურებოდა. ბიზნესმენები ცალსახად აცხადებენ, რომ დარგის ყველა მსხვილი წარმომადგენელი მარკირების წინააღმდეგია და ნოდარ ხადურმა არც ერთ მათგანთან შეხვედრა და არგუმენტების მოსმენა საჭიროდ არ ჩათვალა. „არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. “ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური გადაიხდის და ბიზნესისთვის ტვირთი არ იქნება. მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაცია სამინისტროს მხრიდან არაეფექტური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა და ბიუჯეტის ფულით მომსახურების საფასურის გადახდა არამართებულია. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტრო ფულს ფლანგავს - იგივე პროცედურის განხორციელება კომპანიებს დაახლოებით 100-ჯერ უფრო იაფი უჯდება, ვიდრე შემოსავლების სამსახურმა შვეიცარიულ კომპანია „სიქპას“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად უნდა გადაუხადოს.

ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს არც ბიზნესმენებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ წარუდგენია დასაბუთება, თუ რატომ მიიღო არაალკოჰოლური სასმელების მარკირების გადაწყვეტილება. რა ფისკალურ ეფექტს ელის შემოსავლების სამსახური ახალი რეგულაციიდან და რა დაუჯდება ბიუჯეტს მარკირების საფასური, რამდენს გადაუხდის შვეიცარიულ კომპანიას წლის განმავლობაში, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100