არქეოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის ERTAD.GE-ს ფარგლებში ახალი ვებ-გვერდი შეიქმნა
საქართველოში მცხოვრები სტუდენტების ყოველდღიურობა ბევრ საინტერესო სიახლეს, სწავლის პროცესს თუ თავგადასავალთან ერთად უმრავლეს შემთხვევაში მოიცავს ხშირ და მჭიდრო კომუნიკაციას ქსერო ასლების გადასაღებ პუნქტებთან. პრობლემა ნაცნობია - ხშირად სასწავლო მასალა რთულადაა ხელმისაწვდომი.
სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაისახეს მიზნად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მე-3 კურსის სტუდენტებმა.
ახალგაზრდებმა უკვე წელიწადზე მეტია, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა არქეოლოგთა ასოციაცია“ დააარსეს.
რამდენიმე თვის წინ კი მათ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს შესახებ შეიტყვეს, იანვრის თვეში მოიპოვეს გამარჯვება და საკუთარი იდეა : http://archaeolib.ge/ განაცორციელეს.
გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის ორგანიზატორ მარიამ ელოშვილსა და ლევან ლოსაბერიძესთან.
მარიამ, რა გამოწვევები გაქვთ მომავალ არქეოლოგებს და რა სახის ხელშეწყობას ემსახურება პროექტი „არქეოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა”?
„არქეოლოგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ ჩვენი აზრით ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. იმ წიგნების ელექტრონულად გაკეთება, რომელიც ძალიან ძველია ან ცოტა ეგზემპლარია საშუალებას მოგვცემს ხელი მიგვიწვდებოდეს, რაც ხელს შეგვიწყობს როგორც სტუდენტებს სწავლაში, ასევე მეცნიერებს არ შეაფერხებს წიგნების უქონლობა. გარდა ამისა, ქართული არქეოლოგიის შესახებ ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ სივრცეში კარგი საშუალებაა უცხოელ მკვლევარებს ხელი მიუწვდებოდეს კავკასიის სივრცეში, ასევე ეს ერთგვარად ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაციასაც ახდენს საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამ ბიბლიოთეკის არსებობა, როდესაც გაირკვა რომ არქეოლოგიის კვლევის ცენტრის ბიბლიოთეკა რამდენიმე წლით დაილუქება (სივრცის არ არსებობის გამო). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საიტს იყენებენ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, ასევე სხვადახვა ქვეყნებიდანაც. (აშშ; გერმანია; პოლონეთი, ბრაზილია, კანადა, ინგლისი, ირლანდია, კოლუმბია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ქუვეითი, სომხეთი, რუსეთი და სხვ.
ლევანი: ვფიქრობ, მომავალი არქეოლოგები ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ჩვენს წინაშე ახლა დგას. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფი ოთ. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, შედეგად გადაწყდა შენობის შეცვლა, თუმცა მისი ალტერნატიული ფართი დღესდღეობით არ არსებობს და საუბარია ახალი შენობის აშენებაზე, რაც გამოიწვევს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შენელებას. ამასთან, არქეოლოგიური კვლევის ცენტრს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელსაც უმდიდრესი არქეოლოგიური ლიტერატურა გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთია საქართველოში ამ სფეროში არსებული წიგნების რაოდენობით. ახლა, შენობის დანგრევასთან ერთად, წიგნები ლაგდება ტომრებში და როგორც მეცნიერებს, ისე სტუდენტებს მასზე ხელი ვეღარ მიუწვდებათ წლების განმავლობაში, ამ წლების რაოდენობა კი, ვინ იცის, რამდენი იქნება.
საიდან დაიბადა პროექტის იდეა და როგორ შეიტყვეთ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს შესახებ?
მარიამი
სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს შესახებ სოციალური ქსელის, Facebook-ის, საშუალებით გავიგე. მაშინ კონკურსში მონაწილეობას იღებდა „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია“, გადავედი ბმულზე პროექტს ხმა მივეცი და დეტალურად გავეცანი წესებს. შემდეგ დაიგეგმა თქვენი პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამის შემდეგ მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა ჯერ ვფიქრობდით ორგანიზაციის შექმნას. იდეა დაებადა ლევან ლოსაბერიძეს, და გამოწვეული იყო იმ პრობლებით, რომ ძალიან ვწვალობდით სამეცნიერო არქეოლოგიური წიგნების მოპოვებაზე.
ლევანი
სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ის შესახებ Facebook-დან გავიგე, მაშინ როცა გურამ შეროზია(Vivus.ge-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავტ.) ატარებდა საჯარო ლექციას ERTAD.GE-ისთან ერთად, წარმატებული პროექტის დაწერის და გამარჯვების გზებზე. პროექტის იდეა ამ პერიოდში დაიბადა ბიბლიოთეკების შეზღუდული სამუშაო გრაფიკიდან და წიგნების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე.
რა ღონისძიებები გატარდა პროექტის განსახორციელებლად?
გამარჯვების შემდეგ პირველი რაც გავაკეთეთ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, თანხის მიღებისთანავე დავიარეთ ის ტექნიკის მაღაზიები, სადაც შეთვალიერებული გვქონდა პროექტისთვის გათვალისწინებული სკანერები, მეხსიერების ბარათები და სხვა. ასევე დავიწყეთ ზრუნვა ფართის მოსაძიებლად, არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა ვახტანგ ლიჩელმა გამოგვიყო არქეოლოგიის კათედრა, და უკვე საშუალება მოგვეცა დაგვეწყო მუშაობა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ჩვენი ვებ-გვერდის დამზადებაც. ასევე ვზრუნავდით საავტორო უფლებების დაცვაზეც, შედგა თანხმობის წერილი, რომელსაც აწერს ყველა ავტორი, ვის წიგნსაც ვასკანერებთ.
გეგმავთ მომავალში ბიბლიოთეკის გამდიდრებას?
მარიამი
დიახ. ძალიან გვინდა ქართული წიგნების გარდა ავტვირთოთ ასევე უცხოური სამეცნიერო ლიტერატურაც.
რამდენად დაგეხმარათ ERTAD.GE-ს ფარგლებში მოპოვებული დაფინანსება ორგანიზაციის პოპულარიზაციასა და კონკრეტულად არქეოლოგიის სფეროში არსებული ლიტერატურის აუდიტორიამდე მარტივად მიტანაში?
მარიამი: იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ახლად დაარსებული ორგანიზაცია, ამ პროექტის მოგებამდე არქეოლოგთა უმრავლესობა არ გვიცნობდა, თუმცა ახლა ჩვენს შესახებ გაიგეს არა მხოლოდ საქართველოში არამედ ფარგლებს გარეთაც.
ლევანი: ჩვენი ახლად დაარსებული ორგანიზაციისათვის, საწყის ეტაპზე, მაშინ როცა არავინ გვიცნობდა, იმდენად მასშტაბური იყო ეს პროექტი, რომ საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის ბევრმა არქეოლოგმა, სწორედ ამ დროს გაგვიცნო.
რომ არა ERTAD.GE-ის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსება, ამ პროექტს ვერ განვახორციელებდით.
ძალიან მოხარული ვარ რომ არსებობს სოციალური პროექტი ERTAD.GE. თქვენი დახმარებით მოგვეცა საშუალება გაგვეკეთებინა მეტად მნიშვნელოვანი საქმე ქართული მეცნიერებისთვის. ჩვენ კიდევ ვფიქრობთ პროექტის შემოტანას და კარგი იქნება კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს ქართული ახალგაზრდობა და გამოიყენონ ასეთი კარგი შესაძლებლობა კარგი საქმის გასაკეთებლად. „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება“-ის სახელით გვინდა ERTAD.GE -ს ვისურვოთ წარმატება და ბევრი კარგი პროექტი.
კომენტარი